
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას არ უჭერს მხარს და ამ პოზიციაში უნგრეთის მომავალ პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარსაც ეთანხმება. მისი თქმით, კიევმა უნდა გაიაროს სრული ინტეგრაციული პროცესი და დააკმაყოფილოს ყველა კრიტერიუმი, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა 2027 წელს წევრობაზე აკეთებს აქცენტს.
რადოსლავ სიკორსკის რადიოინტერვიუს დროს კითხვა დაუსვეს უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მაგიარის პოზიციაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას. საპასუხოდ მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთის პოზიციაც იგივეა.
„ის ამბობს იმას, რაც ჩვენი პოზიციაცაა. ევროკომისიამ დააყენა დაჩქარებული წევრობის იდეა, თუმცა ეს არ მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა პირობა, როგორც ჩვენ მოგვიწია. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესში იქნება რთული თავები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა ან ტრანსპორტი", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- რადოსლავ სიკორსკი: „ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინამ უნდა დააკმაყოფილოს ყველა პირობა, როგორც ჩვენ მოგვიწია."
საინტერესოა, რომ უკრაინაში პეტერ მაგიარის გამარჯვებასა და მის პოზიციებს „ფრთხილი ოპტიმიზმითა" და რეალისტური მოლოდინებით შეხვდნენ. კიევში მაგიარის პოლიტიკას აღიქვამენ, როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ვიქტორ ორბანის პოლიტიკასთან შედარებით, თუმცა ესმით, რომ გარკვეული სირთულეები კვლავ დარჩება.
მეორს მხრივ, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას აქტიურად ლობირებს ევროკომისია და მისი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ უკრაინის გზა ჩვენს კავშირში წევრობისკენ. ეს არა მხოლოდ უკრაინის მისწრაფებაა, არამედ ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების უძლიერესი გარანტია", -განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ მაისში.
ამასთან, ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით გაწვერიანება კიევის მიარ მომზადებული სამშვიდობო გეგმის ნაწილია, რომლის განხილვაც ირანის კონფლიქტის ფონზე პრაქტიკულად შეჩერებულია.
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა 2027 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იყოს.
კიევმა ბრიუსელს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წლის 1 იანვარი განსაზღვროს.
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელია. მისი თქმით, წევრობის პროცესი დამოკიდებულია ორ კონკრეტულ ფაქტორზე - მშვიდობის მიღწევასა და რეფორმების განხორციელებაზე.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მთავრობა ახალი წევრების, მათ შორის უკრაინის, გაწევრიანების საკითხის აქტიურ განხილვას ან დაჩქარებას მხარს არ უჭერს. ამ ქვეყნებს შორის არიან საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები და იტალია.
ამასთან, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მაისში ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინის გაწევრიანების მკაფიო მოდელი მიიღოს.
რამდენად რეალურია დაჩქარებულად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება?
ევროკავშირის ადვოკატირებისა და კვლევის უფროსი ანალიტიკოსი მარტა მუჩნიკი ამბობს, რომ უკრაინიას ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაერთიანება ძალიან რთული ამოცანაა.
„ყველა ინიციატივა ერთ მიზანს ემსახურება - გადალახოს ის ბარიერები, რომლებმაც ევროკავშირის გაფართოების პროცესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეანელა. თუმცა თითოეული მათგანი, განსაკუთრებით კი „რევერსული გაფართოება", სერიოზულ პოლიტიკურ წინააღმდეგობებს აწყდება.
- მარტა მუჩნიკი: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდებიან, უკრაინის სწრაფი გაწევრიანება პრეცედენტს შექმნის სხვა რვა კანდიდატი ქვეყნისთვის და შესაძლოა „მეორე კატეგორიის" წევრობა გააჩინოს."
„გაწევრიანების პროცესის რადიკალური ცვლილება ერთსულოვან მხარდაჭერას საჭიროებს და ბევრი ქვეყანა ამ პროცესს წინააღმდეგობას გაუწევს. რთული იქნება დაარწმუნო ის ქვეყნები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ომში მყოფი ქვეყნისთვის კოლექტიური დახმარების ვალდებულების გავრცელებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობა არამყარი აღმოჩნდება. სხვები, მაგალითად საფრანგეთი და ნიდერლანდები, სავარაუდოდ კვლავ არ შეიცვლიან პოზიციას. ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებამაც შეიძლება დამატებითი დაბრკოლებები შექმნას", - ამბობს ანალიტიკოსი.
მუჩნიკის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თუ განხორციელდა, ეს პრეცედენტს შექმნის სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ წევრი სახელმწიფოები შეთანხმდებიან, უკრაინის სწრაფი გაწევრიანება პრეცედენტს შექმნის სხვა რვა კანდიდატი ქვეყნისთვის და შესაძლოა „მეორე კატეგორიის" წევრობა გააჩინოს. ეს ნაბიჯი შესაძლოა დიდწილად სიმბოლურიც აღმოჩნდეს, რადგან, მიუხედავად ფორმალური წევრობისა, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეთანხმება კონკრეტული სარგებლის - მათ შორის ხმის მიცემის უფლების, ფინანსურ რესურსებზე წვდომისა და გადაადგილების თავისუფლების მინიჭებაზე, რაც სწორედ ის რეალური შედეგებია, რომელთა მიღებასაც ბევრი უკრაინელი ამ მძიმე ომის შემდეგ ელოდება."