თამთა ჩაჩანიძე
16.04.2026

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, განსაკუთრებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე, მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებისგან დისტანცირებაზე, რაც თანდათან „ქართულ ოცნებას" საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. თუმცა თავად „ოცნებაში" ამ მხრივ გარღვევად აფასებენ ბოლოდროინდელ ვიზიტებს, შეხვედრებს, თუ სხვა ტიპის კომუნიკაციებს დასავლურ ქვეყნებთან, თუ ლიდერებთან.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, გარკვეული ძვრები მართლაც არის, თუმცა ეს უფრო სამუშაო პროცესს უკავშირდება, რაც „პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქმიანი ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ სტრუქტურებთან".

თუმცა, ნაწილის აზრით, ბოლოდროინდელი პროცესები უფრო იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი პარტნიორები ცდილობენ გაიგონ რეალურად შეიცვალა თუ არა ქვეყანაში პოზიტიურად რაიმე.

კონტაქტების ქრონოლოგია

30 მარტს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

მანამდე, მარტის დასაწყისში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციით აშშ-ს ეწვია.

23 მარტს თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.

23 მარტს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. მონაწილეობა მიიღო გლობალურ სამიტში, სახელწოდებით „ერთად უკეთესი მომავლისთვის".

გარდა ამისა, „ოცნებაში" განაცხადეს, რომ აპრილში აშშ-დან ჯგუფი ჩამოვა, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას და მიმდინარე პროცესებს ადგილზე შეისწავლის.

11 აპრილს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

14-16 აპრილს საქართველოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ეწვია. მაიკლ ოფლაერტი ხელისუფლების წარმომადგენლებს და არასამთავრობოებს შეხვდა.

16 აპრილს საქართველოს ეწვივნენ „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრები, ისინი შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გასაცნობად.

„ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე "ქართული მხარის მხრიდან კითხვა დაისვა გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული. გერმანულმა მხარემ კი მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელა.

არღვევს თუ არა „ოცნება" იზოლაციას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნება" იზოლაციის გარღვევას დიდი ხანია ცდილობს, თუმცა, ეს ვიზიტები და კომუნიკაციები უფრო იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი პარტნიორები იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რა ხდება ქვეყანაში.

„ოცნება" ამ საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას დიდი ხანია ცდილობს, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა. მცდელობა ამ დრომდე აქვს და ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება ვიზიტებს, ეს ევროკავშირიდან იქნება, აშშ-დან თუ სხვა ქვეყნებიდან, ამით ჩვენი პარტნიორებისგან უფრო იმის გადამოწმება ხდება, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში და უკეთესობისკენ რაიმე შეიცვალა თუ არა. მემგონი გარკვევას უფრო ცდილობენ, ვიდრე პოზიტიურ ჭრილში „ოცნების" ქმედებების განხილვას, ან ლეგიტიმაციის აღიარებას.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „უნგრეთში პრობლემა მორჩა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაშიც სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ირანშიც ახლა გარკვეულწილად შესვენებაა და გაჩნდა დრო, რომ აქ არსებულ სიტუაციას გაეცნონ."

„ხვდებიან ყველას, ნახულობენ საკანონმდებლო ინიციატივებს და ა.შ. მგონია, რომ ახლა ეს გადამოწმების პროცესი მიდის. უნგრეთში პრობლემა მორჩა, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინაშიც, მიუხედავად ომისა, სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია იმ მხრივ, რომ რუსები წინ ვერ მიიწევენ. ირანშიც ახლა გარკვეულწილად შესვენებაა და გაჩნდა დრო, რომ აქ არსებულ სიტუაციას გაეცნონ.

„ამასთან, მას შემდეგ, რაც ირანში საომარი მოქმედებები დაიწყო, შუა დერეფანი უფრო მიზიდველი და აუცილებელი გახდა დასავლეთისთვის და კერძოდ ევროპისთვის, თუნდაც ენერგომატარებელთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მიდის ზონდირება, თუ რა ხდება ქვეყანაში", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს სამუშაო შეხვედრები იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლებას ურთიერთობა აქვს დასავლეთის მნიშვნელოვან სტრუქტურებთან, თუმცა პოლიტიკური გარღვევის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

„ახლა პაპუაშვილი ანკარაშია, იქ სხვადასხვა ფორუმებია აშშ-ში... ასეთი ტიპის შეხვედრები ასეთ ფორმუმებზე პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქმიანი ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის ყველაზე ავტორიტეტულ და დიდ სტრუქტურებთან და ეს ძალიან კარგია.

„რაც შეეხება რუბიოს ზარს, აშშ-ის წარმომადგენლის ვიზიტს და ა.შ., ამ მხრივ გარღვევის ნიშანი არაა. ევროსაბჭოს კომისარი რომ ჩამოვიდა, ვიზიტის მიზანი მაშინ გამოჩნდება, თუ რას იტყვის მერე. ხშირ შემთხვევაში ეს არის აქით, შენგან რომ ითხოვენ, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არაა და ხელისუფლებამ არც უნდა დაუშვას. ეს იმ კამპანიის გაგრძელებაა, რაც წლების წინ ცილისწამებაზე იყო აგებული. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღემდე არ ცვლის იმას, რომ თურმე პრეზიდენტი ზურაბიშვილია, საგარეო მინისტრი დარჩიაშვილი და ხარვეზიაო. ამ დროის განმავლობაში ხარვეზი ვერ გამოასწორა გერმანიამ?

  • პეტრე მამრაძე: „სამუშაო ვიზიტები იმის მანიშნებელია, რომ რიგი სტრუქტურები ყურად არ იღებენ ცილისწამების ნიაღვარს და საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობას აგრძელებენ".

„სამუშაო ვიზიტები იმის მანიშნებელია, რომ რიგი სტრუქტურები ყურად არ იღებენ ცილისწამების ნიაღვარს და საქართველოს კანონიერ ხელისუფლებასთან ურთიერთობას აგრძელებენ - იგივე მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და მრავალი სხვა, იგივე დასავლური არაერთი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები. ყველაფერი ეს წარმატებით ხდება და სულ არ აინტერესებთ ზოგიერთი პოლიტიკოსი რას ამბობს.

„ევროკავშირის ხელმძღვანელობათან, ევროპარლამენტთან - იქ არანაირი ძვრა არაა. ვერც აშშ-ის სენატში ვერ ვხედავ ვერანაირ ძვრას. ერთი არავის უთქვამს, რომ ჯო უილსონი ბოდავს და ცილს სწამებს, ამიტომ აქ გარკვევაა საჭირო, საღად და ძალიან ფრთხილად უნდა შეხედოს ხელისუფლებამ.

„სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და ცილისწამების კამპანიაც არ ჩერდება, ამ სიტუაციაში ვართ და ვერ ვუწოდებ ამას გარღვევას აი, იმ (პოლიტიკური) მიმართულებით, რაც ჩაკეტილია და პერსპექტივაც ჯერ არ ჩანს. არის მიმართულებები, სადაც ჩაკეტვა არც ყოფილა",- განაცხადა მამრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×