
არ არის გამორიცხული, რომ აშშ-მა და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის დრო კიდევ ორი კვირით გაახანგრძლივონ. ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ ავრცელებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით და ვინაიდან ამ ინფორმაციას ცნობილი ბიზნეს-პლატფორმა ავრცელებს, ფაქტია, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტით და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, უკვე მსხვილი ფინანსური კორპორაციებიც დაიღალნენ. ამ პოზიციას იზიარებენ ქართველი ანალიტიკოსები და აცხადებენ, რომ თუ ეს კონფლიქტი გაგრძელდება, გლობალური ეკონომიკური რეცესია გარდაუვალი იქნება.
„ბლუმბერგის“ ერთი წყაროს ცნობით, კონფლიქტის მხარეებს შორის შუამავლები, ყველაზე სადავო საკითხების მოსაგვარებლად, ტექნიკური მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობენ. მათ შორისაა ჰორმუზის სრუტის გახსნა და ურანის გამდიდრების შესახებ საკითხი. წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ამ მოლაპარაკებებმა გზა გახსნან მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდამდე, რომელშიც ორი ქვეყნის მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.
ამერიკელი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც „ბლუმბერგთან“ ანონიმურად ისაუბრა, ჯერ არ არსებობს გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდება და ამას ჯერ აშშ არ დათანხმებია, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების განახლება არც ირანს და არც აშშ-ს არ სურს.
იმის გამო, რომ აშშ-ირანის კონფლიქტით, უფრო კი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ისეთი საერთაშორისო გამოცემა დაინტერესდა, როგორიც „ბლუმბერგია“ და ცდილობს, ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაცია ფართო აუდიტორიას ანონიმურობის სრული დაცვით მიაწოდოს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მსხვილი ფინანსური კორპორაციები ყველაფერს აკეთებენ, კონფლიქტის დასასრულებლად. ეს იმიტომ, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით, ეკონომიკამ უკვე იზარალა - მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად გაძვირდა, რამაც სხვა სახის პროდუქტების ფასზეც იქონია გავლენა. მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები მსოფლიო ეკონომიკის რეცესიასაც არ გამორიცხავენ.
სწორედ ასეთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება ამ კონფლიქტის დასრულებას სულაც არ ნიშნავს.
„სიტუაციის სტაბილიზაციას აუცილებლად სჭირდება მშვიდობა. სამწუხაროდ, ამ კონფლიქტში დაზარალდა ყატარის აზოტოვანი სასუქების წარმოების სისტემა, ქარხნების ქსელი, რომელიც მსოფლიოში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი იყო. ახლა თითქმის განულდა სასუქების მიწოდება, როდესაც ეკვატორის ჩრდილოეთ ნაწილში, ხვნა-თესვის სეზონია. სწორედ ეს არის დარეზერვებული ინფლაცია, რომელიც აუცილებლად გამოჩნდება, როდესაც ხვნა-თესვის დროს, სასუქების შეზღუდული რაოდენობა აუცილებლად გამოიწვევს მოსავლის შემცირებას და კვების პროდუქტების გაძვირებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მნიშნელოვანი გარემოება - ჩვენი ლატენტური თუ აშკარა რუსოფობის საყურადღებოდ უნდა ითქვას ერთი რამ, რუსეთი დღეს არის მსოფლიო ჩემპიონი აზოტოვანი სასუქების წარმოებაში. სხვათა შორის, საქართველოშიც ძალიან სერიოზულად გვაქვს ეს რესურსი - რუსთავის აზოტი ჯერ კიდევ მუშაობს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან აზოტოვანი სასუქის ექსპორტის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ.
რაც შეეხება მოსალოდნელ ეკონომიკურ რეცესიას, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი სრულიად რეალურია, თუ კონფლიქტი დროულად არ გაჩერდება. მისი მოგვარება კი მხოლოდ ტექნიკური მოლაპარაკებებით შეუძლებელია, ამას „ქირურგიული ჩარევა“ სჭირდება.
„სულაც არ მიკვირს, რომ მოლაპარაკების პროცესი კულუარულად მიდის, მაგრამ რამდენად აქვს მას პოზიტიური განვითარების პერსპექტივა, ამაზე თავს ვერ დავდებ, ვინაიდან ისლამაბადის შეხვედრამ აჩვენა, რომ პროცესი მოგვარებისგან ჯერ შორსაა. ორკვირიანი შეწყვეტა ძალიან კარგია, მაგრამ გრძელვადიან მშვიდობამდე შორია...
უკვე მთელი მსოფლიო შეწუხდა, ვინაიდან ჰორმუზის სრუტეზე გადიოდა მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის, დაახლოებით 20-25%. ეს არის უზარმაზარი მოცულობა, რომელსაც ვერანაირი რესურსით ვერ ჩაანაცვლებ. წინასწარ ამის მიხვედრა ძნელი არ იყო, რომ ირანს ყველა რესურსი ჰქონდა, რომ დაეკეტა ეს არტერია და დაკეტა კიდეც. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ერთი გარემოება - ვისაც გააქვს ნავთობი, სრუტით სარგებლობისთვის ან იუანში უნდა გადაიხადონ ან რომელიმე კრიპტოვალუტაში, რომელსაც ირანელები შეარჩევენ. შეიძლება, ეს ცოტა უფრო მეტი დარტყმაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვიდრე სრუტის დაკეტვა და ნავთობის ფასების ზრდა.
აშშ-ის ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ნავთობ-დოლარი, რომელიც 1973 წლის შემდეგ შეიქმნა, როდესაც ყურის ქვეყნების ნავთობი იყიდებოდა მხოლოდ დოლარში. ირანმა ამით ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ამ მექანიზმს და შეიქმნა ნავთობ-იუანის მსგავსი სისტემა. ამდენად, ამ კონფლიქტის შეჩერება, პირველ რიგში, აშშ-ის ინტერესებშია“, - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ.
ამავე პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა, ხანგრძლივ პერსპექტივაში, აუცილებლად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ რეცესიას. სრუტის ჩაკეტვით, მსოფლიო ეკონომიკა ყოველდღიურად ისედაც ზარალდება, ამიტომ „ბლუმბერგის“ ამ თემით დაინტერესება სრულიად ბუნებრივია.
„რა ხდება, სინამდვილეში და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონფლიქტის მხარეებს შორის, ჩვენ არ გვაქვს ინსაიდერული ინფორმაცია და არც შეიძლება გვქონდეს. მდგომარეობა მართლაც კრიზისული და კრიტიკულად სახიფათოა. რა განვითარება მოჰყვება მას, ჯერჯერობით, ძალიან ძნელი სათქმელია. შეუძლებელია წინასწარ პროგნოზი, თუ გავითვალისწინებთ ტრამპის არაპროგნოზირებად ხასიათს, რადგან ხვალ რა მოუვა თავში და რას გააკეთებს, ეს არ ექვემდებარება რაციონალურ ანალიზსა და განსჯას. სხვადასხვა სისტემები, ღირებულებები და პოლიტიკური პროექტები ერთმანეთში ირევა და საერთო სურათის დანახვა თითქმის წარმოუდგენელია“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება კონფლიქტის მიზეზს, ერთადერთი ახსნა ისაა, რასაც აქსელერაციონისტები აცხადებენ, რომ ყველა პროცესი, რაც ხელს უშლის ტექნიკური პროგრესის აბსოლუტიზაციას და ეს, პირველ რიგში, არის მსოფლიო წესრიგი, უნდა ჩამოიშალოს.
„ეს ნიშნავს არა მარტო გეოპოლიტიკურ გადანაწილებას, არამედ გეოპოლიტიკის, როგორც ასეთის, დასრულებას, ხოლო საბოლოოდ, მეგა-კორპორაციების მიერ, დედამიწის გადანაწილებას. დაახლოებით, ასეთი სურათი იხატება, რაც შეიძლება, ფანტასტიკის სფეროდან არის, მაგრამ ესაა აქსელერაციონიზმის, ანუ ბნელი განმანათლებლობის ტენდენცია. თავისთავად, ოქსიმორონია „ბნელი განმანათლებლობა“, მაგრამ ეს არის ხელოვნური ინტელექტის, როგორც ზეადამიანური გონის მოსვლა და მის მიერ მატერიალური სამყაროს შთანთქმა. დაახლოებით, ასეთი ახსნა წამიკითხავს და ყველაზე მეტად ეს ჰგავს სიმართლეს.
რატომ დაიწყო ეს კონფლიქტი? ხალხი, ვინც ამ პროცესს მართავს, ცდილობს ესქატონის, ანუ ჟამთა დასასრულის მოახლოებას. თუ ასე არ წარმოვიდგენთ და იმედია, ასე არ არის, ძნელი ასახსნელია, რის მიღწევა სურს აშშ-ს. ირანის ცივილიზაციის მოსპობის სურვილი გეოპოლიტიკურად, წარმოუდგენელია. ეს არც მსოფლიო ბატონობას მოიტანს, არც იმას, რომ ვინმემ ნავთობზე მონოპოლია მოიპოვოს. ზოგადად, აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესი არ იკითხება და არაფერში სჭირდებოდა ეს ომი. თუ ამას ჩინეთის შესაჩერებლად აკეთებს, პირიქით იქნება, რადგან ჰორმუზის სრუტე თუკი ირანის კონტროლქვეშ დარჩა, ეს ირიბად ნიშნავს, რომ ჩინეთის კონტროლშიც მოექცევა“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.