
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 წლის „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. მკვლელობის მოტივებსა და შემზარავ დეტალებზე მოკლული ლუკა დარასელიას დედა, ინგა ესართია, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ საუბრობს.
მისი თქმით, მიმოწერებით დასტურდება, რომ თეკლა ლუკასთან თანაცხოვრების პარალელურად ურთიერთობაში იყო სხვა მამაკაცებთან, მათ შორის საკუთარი დაქალის საქმროსთან, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.
დედის ვერსიით, მკვლელობის დღეს ლუკამ, სავარაუდოდ, ნახა ერთ-ერთი სასიყვარულო შეტყობინება ან შეიტყო დაქალის საქმროსთან ურთიერთობის შესახებ.
მისივე თქმით, იმის შიშით, რომ ღალატი საჯარო გახდებოდა და მისი რეპუტაცია შეილახებოდა, გერსამიამ ლუკას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დედის თქმით, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში მსჯავრდებულს სინანულის ნატამალიც არ დასტყობია.
„რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული? ზუსტად ამ კითხვას მინდა პასუხი გავცე, იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს კითხვა აქვს, შეიძლება თავს იცავდაო… ამას ვიტყვი, რომ თეკლა ურთიერთობაში ყოფილა დაქალის საქმროსთან, როცა ლუკასთან იყო, მაშინ… ეს ყველაფერი მოძიებულია თეკლას ტელეფონიდან… ეს ბიჭი, დაქალის საქმრო, ახლა პატიმრობაშია… ციხეში სწერდა, ფულს ურიცხავდა… მიმოწერებიდან ამოღებულია წერილები, თეკლა დედამისს ეუბნება, იციო, იმ დაქალის საქმროზე, რომ სასიყვარულო წერილი გამომიგზავნაო ციხიდანო…. დაკითხვაზე იყო თეკლას ნათლული, ვის ბინაშიც იყვნენ, იმანაც ზუსტად ეს თქვა, რომ მიმოწერები ჰქონდაო და ბევრჯერ ვუთხარიო, თეკლა, რატომ აკეთებ ამას, ლუკა გყავს და რაღად გინდაო… უბრალოდ იმას მეუბნებოდაო, რა გავაკეთო, ეს ჩემმა დაქალმა რომ გაიგოს, როგორ ჩავხედო თვალებშიო… იმდენ მამაკაცთან ჰქონია მიმოწერა, როცა ლუკასთან ცხოვრობდა. ლუკა ენდობოდა და არასდროს ტელეფონს არ შეუმოწნებდა… მე ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ის კაცები ამას რასაც სწერდნენ და ეს რომ სწერდა იქით…
22-ში დილით ჯერ თეკლას აქვს მიწერილი და მერე სხვა მამაკაცს აქვს მოწერილი აქვს: ჩემო სიცოცხლეო და საყვარელო, სად ცხოვრობ, მითხარიო… ამის მერე წყდება მიმოწერა… ან ეს ნახა ლუკამ, შეიძლება ტელეფონი ედო და მესიჯი რომ მოვიდა, დაინახა ლუკამ… ან დაქალის საქმროს ამბავი გაიგო… ამ ყველაფრის მერე ლუკას ისეთი არაფერი დაუშავებია, არც ფიზიკურად გაუსწორდა, უბრალოდ ლუკამ თავი აარიდა ჩხუბს და გამოვიდა სახლიდან…
მაგრამ ამას იმის შეეშინდა, რომ ლუკამ თუ დაქალის საქმროზე გაიგო, ამას ისე არ დატოვებდა და ეს ამბავი რომ გახმაურდებოდა და ყველა გაიგებდა, ეს იფიქრა თეკლამ და ამის გამო მოკლა…. თვითონ ბოლო წამამდე გაიძახოდა, რომ ეს იყოო თვითმკვლელობა.
მე ვშორდებოდიო და ჩემ გამო მოიკლა თავიო… ყოველდღე დავდიოდი სასამართლოებზე. სულ მიყურებდა და მისგან ერთი წამი არ მიგრძნია სინანულის გრძნობა რომ ჰქონოდა. ის კი არა, სასამართლო რომ დამთავრდა, ბოლოს მომაძახა, გამოვალ და გნახავ შენო… ერთი წამი სინანული არ ჰქონია. ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია… გაყინული შვილი დამახვედრა თეკლა გერსამიამ… იმის იმედი მაქვს, რომ ერთ დროს მაინც შევხვდები ჩემს შვილს…
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე