ნატალია ჯვარიძე
16.04.2026

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია ევროპაში, რომლებიც უკრაინისათვის დრონებს ამზადებენ. მოსკოვში აცხადებენ, რომ ეს კომპანიები რუსეთის პოტენციური სამიზნეებია. რას ნიშნავს ეს - რუსეთი რეალურად აპირებს ევროპაზე დარტყმას, თუ უბრალოდ მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში 11 საწარმო მოხსენიებულია უკრაინული კომპანიების ფილიალებად. ეს კომპანიები მდებარეობს ლონდონში, მიუნხენში, რიგაში, ვილნიუსსა და პრაღაში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ჩამონათვალში მოხვდა ის კომპანიები, რომლებიც, კრემლის შეფასებით, დრონებისთვის და სხვა შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებენ. ამ საწარმოების ნაწილი მდებარეობს მადრიდში, ვენეციასა და ჰაიფაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ნუსხის გამოქვეყნების მიზანია „ევროპულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს მათი უსაფრთხოების წინაშე არსებული რისკების ჭეშმარიტი მიზეზები და ასევე იცოდნენ „უკრაინული" და „ერთობლივი" საწარმოების მისამართები, სადაც უკრაინისთვის დრონებს და სხვა კომპონენტებს ამზადებენ".

თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნუსხაში შეყვანილ საწარმოებს რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციური სამიზნეები უწოდა.

„როდის იქცევა დარტყმები რეალობად, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება შემდგომში. მშვიდად გეძინოთ, ევროპელო პარტნიორებო", - დაწერა მედვედევმა სოციალურ ქსელში.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ რუსეთს უკრაინული დრონები უკვე ძალიან აწუხებს და თავდაცვის სამინისტროს ეს ნაბიჯიც ამაზე მიანიშნებს.

  • ვახტანგ მაისაია: „ეს განცხადება შეიძლება მივიღოთ ისე, რომ რუსეთი რეალურად აპირებს ევროპაზე დარტყმას, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოს, როგორც აკეთებენ ხოლმე."

„რუსეთმა უკვე განახორციელა არაერთი სამხედრო დივერსია იმ საწყობებზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებას ემსახურებოდა. ფაქტობრივად, ეს არის საკუთარი მიზნების ნათლად გამოკვეთა და სავარაუდო ტერორისტული აქტების განხორციელება. აქამდე რუსეთს ჩავარდნები ჰქონდა და ჩათვალეთ ეს არის მათი რეაბილიტაცია. ამიტომ ეს განცხადება შეიძლება მივიღოთ ისე, რომ რუსეთი რეალურად აპირებს ევროპაზე დარტყმას, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყოს, როგორც აკეთებენ ხოლმე.

„რა თქმა უნდა, ეს განცხადება მიუთითებს, რომ უკრაინული დრონები უკვე საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნიან რუსეთს. რუსი სამხედრო ექსპერტებიც აღიარებენ, რომ უკრაინამ დრონებისა და სხვადასხვა ეფექტური ქმედებების მეშვეობით, რუსეთთან პარიტეტის აღდგენა შეძლო, ანუ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმატში. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის არცერთი ტერიტორია დაცული არაა.

„ამის მაგალითია ის, რომ უკრაინამ ფრონტიდან დაახლოებით 4 ათას კილომეტრზე შეძლო და რუსეთს საკმაოდ სერიოზული სამხედრო წარმოების ქარხანა აუფეთქა. ეს ბოლპ ცნობაა. ასე რომ, უკრაინულმა დრონებმა აჩვენა, სერიოზული ძალაა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×