
ოპოზიციის გარკვეულ წრეებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით შესაძლებელია. ეს თემა ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოჭრა, რომელიც 2025 წლის ადგილოობრივ არჩევნებზე ღიად გამოდიოდა არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის წინააღმდეგ. ახლა მის შეცვლილ პოზიციას იზიარებენ ის პარტიები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა - „ლელო - ძლიერი საქართველო" და „გახარია საქართველოსთვის".
რატომ წამოწია ოპოზიციამ ეს თემა მაინცდამაინც ახლა და ხომ არ არის ეს 26 მაისისთვის დაგეგმილი დიდი აქციის მოსამზადებელი კამპანიის ნაწილი?
„ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს რესურსი, არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება", თუმცა ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგია და მობილიზება.
იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, „ლელო" მზად არის არ შეარჩინოს არცერთი ბრძოლის ველი და ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას.
„ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა ექნება მომავალშიც. ეს არათანმიმდევრულობა, რაც ოპოზიციის ნაწილმა გამოიჩინა, კარგია რომ იცვლება. ამას მივესალმებით. სწორ, სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგი, იმისთვის, რომ შევძლოთ მოქალაქეების ინტერესების ასახვა პოლიტიკაში და ივანიშვილის სწრაფად გაშვება ხელისუფლებიდან. ამ ბრძოლაში „ლელო" იქნება მთავარი მოწინავე ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში", - განაცხადა კუპრაძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა სალომე ზურაბიშვილი დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, საქართველოში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ამის მიხვედრას „მადიარობა" არ სჭირდება.
„უნგრეთი კარგი მაგალითია, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, თუმცა ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი ამისთვის არასდროს გვჭირდებოდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ეს ხალხი, ვინც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდნენ. მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლება შეიცვალოსო. სალომე ზურაბიშვილიც იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და არჩევნები, როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. ჯობია თავი დაანებონ „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნები"-ს და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე გამოასწორონ მინიმუმ ბოდიშის მოხდით.
„სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც 2025 წლის წინასაარჩევნოდ, დისკრედიტაციას უწევდა არჩევნებს და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შევდიოდით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მან თქვა, რომ მე არ მივდივარ არჩევნებზე და მივდივარ 4 ოქტომბრის აქციაზეო. არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში, როგორც დემოკრატიული მექანიზმი, შეენარჩუნებინა არჩევნების შინაარსი, პირიქით, ამის წინააღმდეგი წავიდა. ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა", - განაცხადა ფილფანმა.
სალომე ზურაბიშვილმა 15 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების" წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს „თავის რელსებზე" დააბრუნებს.
„მე მჯერა არჩევნების! ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა", - განაცხადა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რატომ წამოიწია არჩევნების თემა
- რამაზ საყვარელიძე: „რადგან დაკვეთა არსებობდა დასავლეთისგან, ალბათ ამიტომაც იყვნენ გარეთ. როცა ასეთი დაკვეთა გადავა, ძველ პოზიციას დაუბრუნდებიან."
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მთავარი მიზეზი, თუ რატომაც დაიწყო არჩევნებზე საუბარი, არის ის, რომ დასავლეთის ინტერესებში ბოიკოტი აღარაა.
„ბევრი მიზეზი აქვს იმას, რომ ოპოზიციამ ახლა არჩევნების საკითხი წინ წამოწია. ერთ-ერთია ის, რომ დასავლეთის მხრიდან აშკარად მოიკლო საქართველოზე აპელირება და აქცენტი - აი, საპროსტესტო აქციებია. ეს სულისკვეთება ადრე უფრო იყო. ამიტომ სავარაუდოა, რომ აქ არეულობა დასავლეთსაც აღარ სჭირდებოდეს. ალბათ ნახეს, რომ ეს დიდად შედეგიანი არ არის, ანუ არეულობისკენ სწრაფვაც არადამაჯერებელია. ადრე თუ ისინი ჩვენს ოპოზიციას ქუჩაში მოქმედებას უკვეთავდნენ, ახლა მიხვდნენ, რომ ამას აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ეს ტენდენცია - ქუჩაა გადამწყვეტი, შეიცვლება. წესით, აქამდე ქუჩაში მოქმედებაც არ უნდა შესულიყო ოპოზიციის ინტერესში, რადგან პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში უნდა იმუშაოს. თუმცა რადგან დაკვეთა არსებობდა დასავლეთისგან, ალბათ ამიტომაც იყვნენ გარეთ. როცა ასეთი დაკვეთა გადავა, ძველ პოზიციას დაუბრუნდებიან.
- ნიკა ჩიტაძე: „სალომე ზურაბიშვილმა ალბათ სტრატეგია შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ის არ არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელია."
„რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საკითხის დაყენებას, მგონი თვითონვე ნახეს, რომ ამას შთამბეჭდავი შედეგი არ მოაქვს. მათი აქციის გასამართლებლად ეს საჭიროცაა და შესაძლოა ასეც ქნან, მაგრამ სხვა მხრივ რეალური შედეგი არ ექნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უბრალოდ სტრატეგია შეცვალა.
„არ მგონია ეს დაგეგმილ აქციასთან რაიმე კავშირში იყოს. უბრალოდ „ლელო" დიდი ხანია არჩევნების მომხრეა. სალომე ზურაბიშვილმა რატომ წამოწია ეს საკითხი, არ ვიცი, ალბათ სტრატეგია შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ის არ არის გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ვინც ფიქრობს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხება შეუძლებელია. ახლა არჩევნებისკენ იხრება, რაც ოპოზიციის ძირითადი ნაწილის პოზიციისგან განსხვავდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".