
მიმდინარე კვირაში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბამ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი ხდება, ნათია ჯანაშია, რომელიც "ბრიტანულ-ქართულ აკადემიის" მინორიტარული წილის (30 %) მფლობელია, ამავე აკადემიის მაჟორიტარ აქციონერს (70%), „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის.
სარჩელში წერია, რომ „მოსამართლეები, არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს. მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს.“ - (ციტატის დასასრული სარჩელიდან).
დავასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების მიღმა, აღნიშნული სარჩელიდან მკაფიოდ გამომდინარეობს დასკვნა, რომ ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სასამართლო სისტემას კონკრეტული არგუმენტაციის გარეშე, ანუ უპირობოდ უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს მას.
აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ის მიდგომა და ის სულისკვეთება, რითაც აღნიშნული სარჩელი გამოირჩევა, ძირშივე ეწინააღმდეგება დავის სამართლიანად წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს და შესაბამისად ემსახურება სიყალბის ტირაჟირებას.
„რასაკვირველია, ასეთი მოსაზრების ქონა ქალბატონ ნათია ჯანაშიას უფლებაა, მაგრამ ის, რაც სარჩელში ნათია ჯანაშიამ წარმოაჩინა, ნათლად მეტყველებს მისი ჩანაფიქრის ფიქციურობაზე და ქმედების არაკეთილსინდისიერებაზე. კერძოდ, მოსამართლეები, რომლებიც საქართველოში მისი სარჩელები განიხილეს, ცილისწამებით, ყოველგვარი საფუძვლისა და მტკიცებულებების გარეშე დააკავშირა სხვა მოსამართლეებს, რომელთა მიმართაც ბრიტანეთის, აშშ-ს და უკრაინის ხელისუფლებებმა სანქციები გამოიყენეს. უფრო მეტიც, სარჩელში ნათია ჯანაშია მიუთითებს, რომ მთელი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული,“ – განმარტავს კაპანაძე.
გიორგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ სარჩელის ეს პუნქტები ცალსახად ცილისმწამებლურია. მისი განცხადებით, დაადანაშაულო მოსამართლეები არაკეთილსინდისიერებაში და ეჭვქვეშ დააყენო მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს სასამართლოში მუშაობენ და მოსამართლეები არიან, ეს საზოგადოებისთვის თვალ;ში ნაცრის შეყრა, სიყალბე და თაღლითობაა. "ნათია ჯანაშიას სარჩელით გამომდინარეობს, რომ საქართველოს ყველა მოქმედი მოსამართლე არალეგიტიმიურია, რადგან სასამართლო სისტემის რამდენიმე მოსამართლე უკრაინამ ან თუნდაც ბრიტანეთმა დაასანქცირა“, - ასკვნის აფბას ხელმძღვანელი.
აფბას ინფორმაციით, ნათია ჯანაშიას სარჩელში მოხსენიებული ბ-ნი ლაშა თავართქილაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, ხოლო ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.