საქართველოში ჯავშნების 50% უკვე გაუქმდა, აქცენტი ისევ შიდა ტურიზმზე უნდა გაკეთდეს
ირმა ჩიტაია
15.04.2026

ზაფხულის ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავარდეს. ჯავშნების 50% უკვე გაუქმებულია. ამის მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა, რის გამოც საავიაციო ნავთის დეფიციტი უკვე აშკარაა. პრობლემა, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებითაა, მეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორები სახმელეთო გზითაც შემოვლენ. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება არაბული ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, რადგან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია, რიგ შემთხვევაში - შეჩერებული.

როგორც ცნობილია, ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტია მოსალოდნელი. თუკი ახალი პარტია ვერ მიიღეს, ზოგიერთ ქვეყანაში ავიასაწვავი შესაძლოა, 8-10 დღეში ამოიწუროს, რაც ზაფხულის ტურისტულ სეზონს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. 

ევროპაში არსებული მთლიანი მარაგი, რომელშიც სპარსეთის ყურიდან უახლესი მიწოდებებიც შედის, შესაძლოა, მხოლოდ მაისის მეორე ან მესამე დეკადამდე იყოს საკმარისი. ამბობენ, რომ 90 დღის მარაგი მხოლოდ ორ ქვეყანას აქვს, უმეტესობა კი კრიზისს ერთ თვეზე მეტხანს ვერ გაუძლებს. ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკულია: იქ მარაგი შესაძლოა, ორ კვირაზე ნაკლებ დროში ამოიწუროს. ამის მიუხედავად, საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ევროპის დამოკიდებულება იმპორტზე: მათი საავიაციო საწვავის, დაახლოებით, 43% სპარსეთის ყურიდან მოდის. ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ტრანზიტის შეფერხების გამო კონტინენტი ავიაგადაზიდვების პიკური სეზონის წინ მარაგის მწვავე დეფიციტის წინაშე უკვე დგას. ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სიმძლავრის მაქსუმუმზე მუშაობენ და მათი წარმოების სწრაფი ზრდა გამორიცხულია.

რაც შეეხება საქართველოს. ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ,,რეზონანსთან"დაადასტურა, რომ წელს მოსალოდნელია ტურისტული ნაკადის კლება, ვინაიდან ჯავშნების ნახევარი გაუქმდა და მათი აღდგენის ალბათობა მინიმალურია.

,,ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. ამ ეტაპისთვის ყველაფერი ძალიან ბუნდოვანია. დადასტურებული ჯავშნები არ არის. ვცდილობთ, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ, მაგრამ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა და ბილეთების ფასები კიდევ გაიზარდა, რა თქმა უნდა, ვიზიტორების შემცირება მოსალოდნელია. ჯავშნების 50% უკვე გაუქმდა, რომლის აღდგენის შანსი ძალიან მცირეა. ძირითადად ის ქვეყნებია, რომელთაც პირდაპირ დაარტყა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და ავიარეისები არ არის  აღდგენილი. 

არსებული შეკვეთებიც  საფრთხის ქვეშაა, რადგან საავიაციო საწვავი თუ  მკვეთრად გაძვირდა, ბუნებრივია, ავაიბილეთებზეც აისახება და ხალხის გადამისამართებას გამოიწვევს, თუკი საერთოდ იმოგზაურეს. ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა ჯავშანი, ფაქტობრივად, გაყინულია. ვერ მეუბნებიან ერთ თვეში ჩამოვლენ თუ არა, ვადას ვერ აკონკრეტებენ. აპრილი მთლიანად ჩაგვივარდა, მაისის  ბოლოდან ივნისის ჩათვლით, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, მაგრამ დადასტურებულად არაფერი ვიცი", -  აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა. 

 რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებით შენარჩუნდება, თუმცა დანაკლისს ვერ დააბალანსებს.

,,სახმელეთო გზით შემომავალი ტურისტები საერთო დანაკლისს ვერ დააბალანსებენ. ესენი არიან რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან შემოსული დამსვენებლები. ფაქტია, საჰაერო მიმოსვლა საფრთხეშია, დიდ ნაწილს დავკარგავთ. ესენია გალფის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, კორეა და ა.შ. ამ ეტაპისთვის ყველანი თავს იკავებენ. 

რაც შეეხება ევროპას, კიდევ უფრო ფრთხილობენ. პოლონეთი ჯერჯერობით ინარჩუნებს აქტიურობას და ჯავშნებს არ აუქმებს, თუმცა არ ვიცით მომავალში რა იქნება. სახმელეთო გზა ვერ დააბალანსებს ავაიხაზებით შემომავალი ტურისტების ნაკადს, თუნდაც აზერბაიჯანიც რომ გაიხსნას", - დასძინა მაია მურაჩაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ახლო აღმოსავლეთში  განვითარებული მდგომარეობის გამო ტურისტული ინდუსტრია უკვე ზარალობს. უცხოური ქვეყნებიდან ტურისტების დიდი ნაწილი ვერ შემოვა, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია შიდა ტურიზმზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა ეს მიმართულება უცხოური ნაკადებისგან განსხვავებით, ნაკლებად შემოსავლიანია. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ,,რეზონანსთან" პროფესორმა მანანა ალადაშვილმა. 

,,ომის გავლენა ტურიზმზე აუცილებლად აისახება. საუბარია, რომ ავიასაწვავის დეფიციტია და ეს მიმოსვლას მნიშვნელოვნად შეამცირებს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, ჩავარდება თუ არა სეზონი, მაგრამ პრობლემა მოსალოდნელია. ზოგადად ომი და დაძაბულობა ტურიზმზე ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. საავიაციო საწვავის დეფიციტი რომც შეივსოს, ადამიანებისთვის მოგზაურობა მაინც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ხალხს დასვენება და ახალი ქვეყნების მონახულება იმისთვის უნდა, რომ უსაფრთხოდ იმოგზაურონ.  როცა ამის საშუალება არ არის, თავს იკავებენ. 

არ ჩანს, რომ ომი მალე დასრულდება. არც ერთი მხარე არ თმობს. შესაბამისად, არასტაბილურობაა და ჯავშნები მასობრივად უქმდება. რაც ხდება, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მიმდინარე  ტენდენცია ადასტურებს, რომ  მსოფლიო დაუცველია. ანალოგიური ვითარებაა ყველგან, ტურისტული ინდუსტრია ზარალს განიცდის. ასეთ სიტუაციაში გადაგვარჩენს შიდა ტურიზმი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი დანახარჯებით ნაკლებმომგებიანია", - განუცხადა ,,რეზონანსს" ალადაშვილმა.

უცხოური მედიის ცნობით, მაისი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს: თუ ავიასაწვავის მიწოდება არ განახლდა, ქვეყნები სტრატეგიული რეზერვების გამოყენებას დაიწყებენ, რის შემდეგაც ცალკეულ აეროპორტებში საწვავის მიწოდების შეზღუდვა ან სულაც შეჩერება არის მოსალოდნელი. მაგალითად, იტალიას, წინასწარი შეფასებით, 30-60-დღიანი მარაგი აქვს დარჩენილი, რაც, მაისის ბოლომდე იქნება გარანტირებულად საკმარისი.

უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანია ავიაკომპანია "რაინეარის" აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო ლირი უკვე აფრთხილებს ყველას, რომ თუ ირანში ომი მალე არ დასრულდება, მაისის დასაწყისში საავიაციო საწვავის მიწოდებაში პრობლემები გაჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×