რეზონანსი
15.04.2026

ორი-სამი თვის წინ ადამიანები ამბობდნენ, რომ არჩევნებში არ უნდა გახვიდე. იგივე ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდნენ. პეტერ მადიარს ამ ლოგიკით რომ ევლო, რითაც ბოიკოტის თემით 2025 წელს იარეს, დღეს უნგრეთის პრემიერი ისევ ვიქტორ ორბანი იქნებოდა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„პეტერ მადიარი შევიდა ბრძოლაში, რომელიც სრულად უთანასწორო იყო. მედიის 80% იყო ორბანის, ათობით მილიარდი იყო ორბანის. 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური სისტემა მთლიანად ერთ პარტიაზე იყო მოწყობილი. სასამართლო ვიქტორ ორბანის მიერ იყო კონტროლირებადი. უნგრეთი იყო პრივატიზებული და ერთ პარტიას ეკუთვნოდა“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი აზრით, ოპოზიციამ შემოდგომაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაუშვა ხელიდან.

„ის მომენტი, რომელიც შემოდგომაზე იყო შექმნილი, ხელიდან არ უნდა გაგვეშვა. მაპატიეთ, მაგრამ ეს იყო სისულელე. ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება, მაგრამ ძალიან დიდი ბზარი გაუჩნდებოდა რეჟიმს, თუ ის ხუთ ქალაქს წააგებდა“, – განაცხადა გეგელიამ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება ან 2028 წლის არჩევნებზე ოპოზიციას რა გეგმა აქვს იმისთვის, რომ მადიარის წარმატება გაიმეოროს“, გეგელიამ უპასუხა, რომ ოპოზიციამ მომავალში ჭკუა უნდა ისწავლოს.

„ოპოზიციამ, პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს ძახილი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სლოგანი. მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრალია, რომ დღეს ვსხედვართ ქალაქში, რომელსაც 20%-იანი „ქოცი“ მართავს. ამაზე საუბარს ვერ შევწყვეტ. კიდევ რაღაც უნდა გასწავლონ და მიგითითონ, ბოდიში, მაგრამ ეს არ „მოსულა“. მომავალში ჭკუა უნდა ვისწავლოთ, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ. უნგრეთის წყალი გადაგვესხასო, ამბობენ, ტვინი გადაგვესხას. ის ხალხი მეუბნება, უნგრეთის წყალი გადაგვესხასო, რომელიც გვიმტკიცებდა, არჩევნებში თუ შეხვალთ, რუსულია, გაყალბებულ სისტემას რა აზრი აქვსო. ახლა მადიარი მოსწონთ. ჩამოვყალიბდეთ, რომელი გზა მოგვწონს. მადიარის გზის სწამს ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მეც. რთული, ძნელია, მაგრამ ამ ქვეყანაში გაუყალბებელი არჩევნები გახსოვთ?“, – განაცხადა გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×