
„ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში ვმონაწილეობთ. პირველ რიგში, შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელობაც გაასმაგებულია მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სადაც საკვანძო ადგილს ვთამაშობთ, ვართ ფაქტობრივად ხერხემალი ამ პროექტის აზერბაიჯანთან ერთად. რაც ამ პროექტის გასავითარებლად არის მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით.
ესენია ავტოსაგზაო მაგისტრალები, პორტები, აეროპორტების გაფართოება, რკინიგზის მოდერნიზება. უშუალოდ ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. აქაც აზერბაიჯანთან ერთად ვმონაწილეობთ. რუმინეთი და უნგრეთია ევროპის მხრიდან, ვისაც უკავშირდება ეს ყველაფერი და შემდეგ იშლება ევროპაზე.
როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ, შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.