რეზონანსი
14.04.2026

ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ე.ი. რაღაცა არ გამომივიდა, - განაცხადა სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკასთან დაკავშირებით რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

როგორც რეჟისორმა გადაცემაში „იმედის დღე“ ჩართვისას აღნიშნა, ეტყობა საბჭოთა კავშირის ადამიანის თვისებები ქართველებს შერჩათ, რადგან სპექტაკლი არ უნახავთ და აგინებენ.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რაც მქონდა ჩაფიქრებული, ყველაფერი გავაკეთე. არ ვუღალატე შოთა რუსთაველის არცერთ ტექსტს. როგორც აქვს დაწერილი, ისე აღვნიშნე ყველაფერი. ეტყობა საბჭოთა კავშირის ადამიანის თვისებები ქართველებს შერჩათ, რამაც სკანდალები გამოიწვია, რადგან სპექტაკლი არ უნახავთ და აგინებენ. პასტერნაკი თუ გახსოვთ, ნობელის პრემია მიანიჭეს და დედა უტირეს. არც ჰქონდათ წაკითხული „დოქტორ ჟივაგო“ და მაინც აგინებდნენ. გარიცხეს მწერალთა კავშირიდან. ასე მომექცნენ მეც ქართველები. სამი სპექტაკლი ნახა მაქსიმუმ 2400-მა და ყველა წერს, რომ ვნახეო. მეცინება ამაზე. თუ საერთოდ არ მოგწონვართ, თქვით პირდაპირ, ნუ დაიჩემებთ, რომ ნანახი გაქვთ და აზრები გამოგაქვთ (სპექტაკლიდან)“, - აღნიშნა სტურუამ.

წამყვანმა ჰკითხა, რას უპასუხებს კრიტიკას, რომ რუსთაველის თეატრისთვის შეუფერებელია თინათინის ჩაცმულობა და „სტურუამ მაყურებელს სცენიდან პორნოგრაფია შესთავაზა“.

„ვინც ამას ამბობს, რუსთაველს არ კითხულობს. რუსთაველს უწერია, რომ თინათინი ავთანდილს ხვდება შიშველ ტანზე შემოცმული ტყავის უსარჩულო ქურქით. ვერ გავაშიშვლე, მაშინ ხომ ჩამქოლავდნენ ქართველები, თან წესიერი ქართველები წერენ ამას ვიცი. ფეხები გამოვუჩინე (თინათინს) მხოლოდ. სირცხვილი ქართველებს, ვინც არ ენდობა რუსთაველის ფრაზებს. სულ არ ვდარდობ და მწყინს, მიჩვეული ვარ, რადგან პირველი სპექტაკლიდან მაგინებენ და როცა არ მაგინებენ, მწყინს, ე.ი. რაღაცა არ გამომივიდა“, - აღნიშნა სტურუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×