რეზონანსი
14.04.2026

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, ბოლო პერიოდში კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შრომითი მიგრაციის პროცესების რეგულირება, მართვა და აღრიცხვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შრომითი საქმიანობის, ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიმართ დიფერენცირებული მიდგომების შემოღება და სამართლებრივი ურთიერთობების ცალკე რეჟიმში მოქცევაა აუცილებელი.

„წარმოდგენილი ცვლილებების მთავარი მიზანი პროცესების გამარტივება და მათი ადაპტაციაა თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მაღალი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვას. ეს ბიზნესგარემოს უფრო მოქნილსა და კონკურენტუნარიანს გახდის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ შრომით სამართლებრივი ურთიერთობების ჩამონათვალი, რომელიც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მოთხოვნისგან თავისუფლდება - კერძოდ, თუ პირი საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული, მოქმედი სპეციალური ბინადრობის მოწმობის მქონეა; მეორე, თუ პირი საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას;. მესამე, თუ სხვა ქვეყნიდან, დისტანციურად, ადგილობრივი დასაქმებულის სასარგებლოდ საქმიანობს და თუ შრომით საქმიანობას ახორციელებს არარეზიდენტი პირისთვის და ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობას უკავშირდება.

„კანონს ასევე ემატება მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმარტება და შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც უცხოელს უფლება ეძლევა განახორციელოს პროფესიული საქმიანობა ბინადრობის ნებართვისა და შრომითი საქმიანობის ნებართვის გარეშე. კანონპროექტის თანახმად, მოკლევადიანი პროფესიების კონკრეტულ ჩამონათვალს, ვადას და მის კრიტერიუმებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომიტეტის წევრებმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×