
პოლონეთში, ქალაქ პოზნანში 5 თვის ჩვილის გარდაცვალებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჩვილი რამდენიმედღიანი წამების შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა. პოლიციამ უკვე დააკავა სამი პირი, მათ შორის ბავშვის დედა, ხოლო მამას - საქართველოს მოქალაქეს - ამ წუთებში სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
საშინელი შემთხვევა გასული კვირის ხუთშაბათს ღამით დაიწყო, როდესაც პოზნანის კაროლ იონშერის სახელობის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი 5 თვის ბიჭუნა მიიყვანეს. ექიმებმა პირველივე დათვალიერებისას შოკისმომგვრელი სურათი ნახეს: ქალის ძვლის მოტეხილობა; მრავალჯერადი სის ხლჩაქცევები და სისხლნაჟღენთები მთელ სხეულზე; თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმები. ექიმების დასკვნა ცალსახა იყო: ეს არ ყოფილა ერთჯერადი შემთხვევა. დაზიანებები მიუთითებდა, რომ ბავშვი სისტემატური ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო მრავალი დღის განმავლობაში.
ბავშვი კლინიკაში თავდაპირველად მძიმე, თუმცა სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხუთშაბათს მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში. თუმცა, პარასკევს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჩვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და განმეორებითი ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
ოთხშაბათს, 8 აპრილს, პოზნანის პოლიციის პრესსპიკერმა, ანჯეი ბოროვიაკმა დაადასტურა სამწუხარო ინფორმაცია - ექიმების მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიებით დადგინდა საზარელი დეტალები იმის შესახებ, თუ ვისი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ბავშვი. საქმეში ფიგურირებს რამდენიმე პირი:
ბავშვის დედა (40 წლის, საქართველოს მოქალაქე): როგორც გაირკვა, მან შვილი რამდენიმე დღით დატოვა და მოლდოვაში გაემგზავრა წინასწარ დაგეგმილი სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად. იგი პოლიციამ დაბრუნებისთანავე დააკავა;
მოლდოვის ორი მოქალაქე (21 და 24 წლის) - ოჯახის ნაცნობები, რომლებსაც დედამ ბავშვი დაუტოვა. ისინი უკვე დაკავებულები არიან;
ბავშვის მამა (საქართველოს მოქალაქე) - სწორედ მას და მის მეგობრებს ებარათ ჩვილი დედის არყოფნის დროს. მამა შემთხვევის შემდეგ მიიმალა.
პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი უკვე წარუდგინა. მათ ედავებიან ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნასა და მზრუნველობის ვალდებულების შეუსრულებლობას, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. სასამართლომ დედას და ორ მოლდოველ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
რაც შეეხება მიმალვაში მყოფ მამას, პოზნანის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლის, ლუკაშ ვავჟინიაკის განცხადებით, სასამართლოში უკვე გაიგზავნა მოთხოვნა მისი დაპატიმრების შესახებ, რის შემდეგაც მასზე ოფიციალურად გამოიცემა სამძებრო ცირკულარი. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ბრალდება კიდევ უფრო დამძიმდეს და გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მუხლით. პოლიცია აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რომელმა პირმა მიაყენა ბავშვს სასიკვდილო დაზიანებები.
წყარო: ambebi.ge