თამთა ჩაჩანიძე
09.04.2026

ოპოზიციურ ველზე ახალი პარტიების გამოჩენაზე ალაპარაკდნენ - მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში არის ამაზე მოთხოვნა, რასც ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან, თუმცა, ახალი ჯგუფები უნდა აკმაყოფილმებდნენ იმ ამომრჩეველთა მოთხოვნებს, რომლებსაც დღეს არსებული პარტიებიდან არცერთი არ მოსწონს.

სალომე ზურაბიშვილმა "ფეისბუქ" ლაივში მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალი პარტიების გამოჩენა საჭიროა. „საჭიროა, ახალი პარტიები უნდა გამოჩნდნენ, საზოგადოებაში ამის მოთხოვნაა," - აღნიშნა მან.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და უფლება აქვს პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს.

"მიაჩნია, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყანა წაიყვანოს ევროკავშირისკენ და 5-6 წელიწადში ქვეყანა გახადოს ევროკავშირის წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

"დანარჩენი პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც თავისუფალია, საკუთარი პოლიტიკური გემოვნება გამოხატოს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკოსია და აქვს უფლება, რომ პოლიტიკური ველის განახლება უნდოდეს. წარმატებას ვუსურვებ მას ამ საქმეში, თუ ის საჭიროდ თვლის ამას და თუ ამის შესაძლებლობები აქვს. კი ბატონო," - განაცხადა გვარამიამ.

საზოგადოებაში მოთხოვნა ახალ პარტიებზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილში ახალი პარტიაზე მოთხოვნა არის, თუმცა პარტია უნდა პასუხობდეს ელექტორატის მოთხოვნებს.

  • ვახტანგ ძაბირაძე: "თუ ზურაბიშვილი თვლის, რომ მან პარტია უნდა შექმნას, ვეტყვი, რომ მან დააგვიანა. იყო მომენტი, როცა პარტიის შექმნისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შანსი ჰქონდა"

"საზოგადოების ნაწილში რა თქმა უნდა არის მოთხოვნა, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი გაჩნდეს, ეს ნაწილი რამდენად დიდია, ეს სხვა თემაა. პრობლემა ახალი პარტიის შექმნა კი არა, არამედ ისაა, რომ რამდენად იქნება ელექტორატისთვის ეს ახალი ჯგუფი მისაღები. ჯერჯერობით, არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი იმ მოთხოვნებს ვერ პასუხობს, რაც ზოგადად საზოგადოებას აქვს, მათ შორის ტოლობის ნიშანი არაა.

"არის ჯგუფები, რომელასც ენმ ისევე არ მოსწონს, როგორც "ქართული ოცნება". არის ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ ახალი იდეოლოგიაა საჭირო და რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ახალი სახეებია საჭირო, ახალი სახე ნიშნავს, რომ ახალი პოლიტიკური იდეა მოაქვს, ჯერჯერობით ახალ პოლიტიკურ იდეას ვერ ვხედავ",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოებაში ახალ პარტიებზე მოთხოვნა არის.

"2012 წლიდან ამაზე საექსპერტო წრეებში სულ არის იმის მოლოდინი, რომ ბაზალეთის ტბიდან "ოქროს აკვანს ამოიტანენ, არ ამოაქვს არავის ეს "ოქროს აკვანი". ახალი პარტიების საჭიროების თაობაზე ზურაბიშვილის აღმოჩენა საკმაოდ დაგვიანებულია და მან თავის ენერგია ახალის ძებნას კი არ მოანდომა, არამედ ძველი პარტიების შეჯგუფებას და მათთან ურთიერთობას.

"საზოგადოებაში ახალ პარტიებზე მოთხოვნა რა თქმა უნდა არის. სოციოლოგია იძახის, რომ ეს ოპოზიციური პარტიები ხალხისთვის არაა საინტერესო. არ ვიცი ამჟამად სოციოლოგიური სურათი როგორია, მაგრამ ბოლო მომენტში მათი დიდი ნაწილი ხმას იმას აძლევს ხოლმე, საითკენაც უფრო მეტ პერსპექტივას ხედავს.

  • რამაზ საყვარელიძე: "საზოგადოებაში ახალ პარტიებზე მოთხოვნა რა თქმა უნდა არის. სოციოლოგია იძახის, რომ ეს ოპოზიციური პარტიები ხალხისთვის არაა საინტერესო"

"ოპოზიცია კი ოპტიმიზმითაა განწყობილი, რომ დემონსტრაცია ლამის წელიწადნახევარია გრძელდებაო, ამ დროს, სასიხარულოდ საქმე არ აქვთ, რადგან ამ ხნის განმავლობაში პროტესტი მცირდება და მცირდება და ოპოზიციისადმი ხალხის დამოკიდებულება უფრო და უფრო კრიტიკულია, ვერ ხედავენ ოპოზიცია საითკენ მიდის, პოლიტიკური განცხადებებიც არაა და სეირნობის რეჟიმში არიან, რომელიც სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს და იმის სურვილს, რომ ამ ხალხს სახელმწიფოს საჭე გადაულოცო", - განაცხადა საყვარელიძემ.

რა პერსპექტივა აქვს ზურაბიშვილს

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ თუ ზურაბიშვილი პარტიის შექმნას აპირებს, უკვე დაგვიანებულია.

"თუ ზურაბიშვილი თვლის, რომ მან პარტია უნდა შექმნას, ვეტყვი, რომ მან დააგვიანა. იყო მომენტი, როცა პარტიის შექმნისა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შანსი ჰქონდა, მას მართლა შეეძლო რაღაც სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა, მაგრამ პოლიტიკა ასეა - ყველაფერი დროსთან შესაბამისობაში უნდა გაკეთდეს.

"მგონია, რომ ზურაბიშვილმა სწორედ ეს - ყველაზე მომგებიანი მომენტი გაუშვა ხელიდან, როცა მისთვისაც და საზოგადოებისთვისაც კარგი იქნებოდა პარტიის შექმნა, ამ ეტაპზე საზოგადოებაში მის მიმართ მოლოდინები ფაქტიურად აღარაა",- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, თავად ზურაბიშვილს რამდენად აქვს პოტენციალი და რესურსი, რომ შექმნას პარტია და ამ პარტიას ისეთი რეიტინგი ჰქონდეს, რომ ბრძოლად ღირდეს, რამაზ საყვარელიძემ გვითხრა:

"არა მგონია, მას ჰქონდა პარტია "საქართველოს გზა" და ქართულ პოლიტიკას დიდი კვალი ვერ დაატყო. შემდეგ მისი პრეზიდენტად არჩევა მოსახლეობისთვის უფრო საყურადღებო გახდა, ვიდრე მისი პარტია.

"მეეჭვება ერთ-ერთი მოთამაშე გახდეს, რადგან ადრე მას ძალიან წარმატებული ჰქონდა სააკაშვილზე გაბრაზების ერთი დღე, როცა თანამდებობიდან მოხსნილი საქართველოში ჩამოვიდა და თქვა, რომ ქაჯები კი არ მოდიან, მიდიანო, მეორე დღეს იპოდრომი ხალხით გაივსო, მაგრამ მესამე დღეს აღარაფერი მოხდა, ანუ ხალხის მხარდაჭერა ვერ დაიკავა. როგორც ჩანს ხალხის გაყოლვის ქარიზმა ზურაბიშვილს არ აქვს",- განაცხადა საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×