ნატალია ჯვარიძე
09.04.2026

რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ - მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰილის თქმით, სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდი და საპატრულო ვერტმფრენი სამი რუსული წყალქვეშა ნავის „მავნე ქმედებას უთვალთვალებდა", რის შედეგადაც რუსულმა წყალქვეშა ნავებმა მისია შეწყვიტეს.

„მსურს პრეზიდენტ პუტინს ვუთხრა: ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ჯონ ჰილის ცნობით, მილსადენების ან კაბელების დაზიანების მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად წყალქვეშა ინფრასტრუქტურას შეამოწმებს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია აღწერს, რუსეთს რა საფრთხე შეუძლია შეუქმნას მილსადენებს.

„კაბელების დაზიანების მომენტები და წყალქვეშა ნავების გამოყენება ტრანსკომუნიკაციური, ასევე ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მილების დაზიანება ახალი არ არის. სხვათაშორის, ამას საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ფლოტის გემები იყენებდნენ, ანუ ეს ტაქტიკა ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის.

რუსეთმა, საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ, უბრალოდ მისგან გადმოიღო. სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ფაქტობრივად, წყალქვეშა ნავებმა შესაძლოა ეს გააკეთონ.

ჯერ ერთი, ეს საიდუმლო და არასაიდუმლო საკომუნიკაციო კაბელების გაწყვეტას გულისხმობს, რამაც შეიძლება ბრიტანეთსა და ამერიკა-ევროპას შორის ენერგოკომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის შეჩერება გამოიწვიოს. ან იმ კაბელებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოსმენა, დეკოდირება.

მესამე, შესაძლოა ის მილსადენები დაზიანდეს, რისი საშუალებითად ეკონომიკური ურთიერთობებია ბრიტანეთსა და ევროპას შორის. ძირითადად ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული და ეს საფრთხეები მოიაზრება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×