
"გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რაც ნათია ჯანაშიას მხრიდან, 13 მარტს გამართულ "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" აქციონერთა კრებაზე დაფიქსირდა. თავისი გადაწყვეტილებით აკადემიის ყოფილი დირექტორი და 30%-იანი წილის მფლობელი ღიად დაუპირისპირდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს. საგულისხმოა, რომ ეს არ არის იუსტიციის მინისტრთან, ზოგადად, იუსტიციის სისტემასთან და საქართველოს ხელისუფლებასთან მისი დაპირისპირების პირველი შემთხვევა", - განაცხადა "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, ძნელია რაციონალური ახსნა მოუძებნო იმას, რომ მინორიტარი პარტნიორი უარს ამბობს საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისას, დაეყრდნოს წესდების ფორმატის იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებულ ვერსიას.
"როცა არსებობს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების ფორმა, რომელიც, პროფესიონალ იურისტთა უპირობო დასკვნით, მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტია და მაქსიმალურად ითვალისწინებს საწარმოს ყველა პოტენციური პარტნიორის საუკეთესო ინტერესს, რატომ უნდა შეეწინააღმდეგო მის მიღებას, უბრალოდ გაუგებარია. მით უფრო მაშინ, როცა საწარმოთა ხელახალი რეგისტრაციის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც 20 დღემდეა დარჩენილი და პროცესის დროში გაჭიანურებამ, შესაძლოა, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ფუნქციობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. აქ ნათია ჯანაშიას მხრიდან, ობსტრუქციის მცდელობის გარდა, მე სხვას ვერაფერს ვხედავ", - აცხადებს აფბას ხელმძღვანელი.
"ისიც უნდა აღინიშნოს და საგულისხმოა, რომ ეს არ არის იუსტიციის მინისტრთან, ზოგადად, იუსტიციის სისტემასთან ნათია ჯანაშიას დაპირისპირების პირველი შემთხვევა. თებერვლის თვეში ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული ერთ-ერთი განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ის საჯარო რეესტრს ადანაშაულებს "აკადემიის" მმართველობაში განხორციელებული ცვლილებების უკანონო დარეგისტრირებაში, ანუ იურიდიულ ენაზე რომ "ითარგმნოს", იგი იუსტიციის სისტემას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, დოკუმენტების გაყალბებაში სდებს ბრალს.
ნათია ჯანაშია საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ბატონ პაატა სალიას სრულიად უადგილოდ, უაპელაციოდ და უარგუმენტოდ დაუპირისპირდა. საქართველოს ხელისუფლებაზე ნათია ჯანაშიას მიზნამიმართული შეტევები გრძელდება - ახლა მიზანში იუსტიციის სამინისტროა.
დარწმუნებული ვარ, „საქართველოს განათლების ჯგუფი", როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი და როგორც ანგარიშვალდებული ბრიტანულ-ქართული აკადემიის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების წინაზე ყველაფერს გააკეთებს, რომ გაურკვევლობა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას და სკოლას ლიკვიდაცია არ დაემუქროს, - აღნიშნა კაპანაძემ.