მარიამ ვეკუა
07.04.2026

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტარმპის მიერ დაანონსებულ „ცივილიზაციურ აღსასრულამდე" ცოტა დრო რჩება, ყველა ელოდება იმას, რასაც ტრამპი ბოლო რამდენიმე კვირაა აანონსებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა აშშ-სთან ამ მუქარის მერე პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, რა იქნება ახლა - ამაზე ცალსახა პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

წინასააღდგომო კვირას, 5 აპრილს, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიის პლატფორმაზე ირანს ულტიმატუმი წაუყენა, ან ჰორმუზის სრუტის გახსნა ან დიდი დარტყმა, ტრამპმა რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება".

„თუმცა, ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!"- წერს ტრამპი

მაღალჩინოსანმა დემოკრატმა და გაეროს ოფიციალურმა პირმა განაცხადეს, რომ ასეთი დარტყმები შეიძლება ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანში „თავის სამხედრო მიზნებს მეტწილად მიაღწია" და პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე „კიდევ ბევრი მოლაპარაკებები იქნება".

„მათ უნდა იცოდნენ, რომ არსენალში ბევრი ინსტრუმენტი გვაქვს, რომელთა გამოყენებაც ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. პრეზიდენტს შეუძლია მათი გამოყენება და მათი გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს კიდეც, თუ ირანელები თავიანთი ქცევის კურსს არ შეცვლიან", - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

თუმცა, ამის პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ ირანმა ტრამპის მუქარის შემდეგ აშშ-ს თან პაკისტანის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა - ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვადის ამოწურვამდე განახლდება თუ არა თეირანსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი კომუნიკაცია. თეთრი სახლი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

  • დონალდ ტრამპი: „შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია"

ბოლოდროინდელი დარტყმები მხოლოდ უკანასკნელია თავდასხმების ტალღაში, რომლებმაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ტრამპის ახალი „ცივილიზაციური განადგურების" ანონსის ფონზე, კი ეს კითხვა - შეიძლება თუ არა აშშ-ისრაელის დარტყმები ომის დანაშაულად ჩაითვალოს? სულ უფრო საინტერესო ხდება.

გასულ თვეში ბიბისიმ გამოავლინა, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, სკოლები და საავადმყოფო დაბომბვის შედეგად დაზიანებულ ადგილებს შორის იყო.

საერთაშორისო სამართლის თანახმად, სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები შეზღუდულ შემთხვევებშია დაშვებული, როდესაც ისინი გარკვეული სამხედრო უპირატესობისთვის გამოიყენება, განუცხადა ბიბისის ყოფილმა ამერიკელმა პროფესორმა რეიჩელ ვანლენდინგემმა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი განხორციელებული ქმედება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „გადაჭარბებული" ზიანის მიყენების მიზეზი არ შეიძლება გახდეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარმა ვოლკერ ტურკმა სამშაბათს განაცხადა, რომ „მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განზრახ თავდასხმა ომის დანაშაულია" და რომ პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოს.

სერ ჯეფრი ნაისმა, ჰააგის ყოფილმა პროკურორმა ბიბისის გადაცემაში „მსოფლიო ერთში" განაცხადა, რომ „ნებისმიერ ომში მშვიდობიან მოსახლეობას უფლება აქვს იყოს სათანადოდ დაცული და თუ თქვენ ხელს შეუშლით ცხოვრების ძირითად საშუალებებს... თქვენ სერიოზული რისკის ქვეშ ხართ."

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა უარყო თავდასხმებთან დაკავშირებული შეშფოთება და თქვა, რომ „არ ღელავს ამის გამო", როდესაც ჰკითხეს, შეიძლება თუ არა მისი მუქარა ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ ომის დანაშაულად ჩაითვალოს.

„იცით ომის დანაშაული? ომის დანაშაული ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონის უფლების მიცემაა", - დასძინა მან.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×