„რატომ უნდა ავიღოთ დამატებითი ვალდებულებები? თუ უარი უთხრეს, ძალიან კარგი უქნიათ“
თამარ ვეფხვაძე
07.04.2026

ახალი სესხი არ გვჭირდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაჟინებით გვთავაზობს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანას სსფ-გან დაფინანსების მოზიდვის საჭიროება არ აქვს, მაგრამ ფონდის მისიის ხელმძღვანელი მზადაა ნებისმიერ დროსა და ფორმატში თანამშრომლობისთვის. ეკონომიკისტები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ სსფ ახალ სესხს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გვთავაზობს. შუა დერეფანზე, რომელიც საქართველოზე გადის და ერთადერთი უსაფრთხო სავაჭრო გზაა, კონტროლის დასამყარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ირგვლივ გვიტრიალებენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ფინანსთა მინისტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ერთობლივი პრესკონფერენცია, მოულოდნელად, „ცისფერი მთების“ სიუჟეტს დაემსგავსა. აბა, თავად განსაჯეთ, „შაბიამნის პარტია“ არ გვჭირდება, მაგრამ ძალით გვაჩეჩებენ; გრენლანდია ახლაც ყანყალებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით; ერთი-ორი კარგი „მარკშეიდერი“ ნამდვილად არ გვაწყენდა და ფილმის გმირების მსგავსად, ახლა უფრო მეტად გვაინტერესებს პასუხი კითხვაზე - რა ხდება ჩვენს ზევით და ჩვენს ქვევით...

სსფ-ს ახალი სესხი რომ არ გვჭირდება, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მკაფიოდ აღნიშნა: „ამ ეტაპზე, დაფინანსების მოზიდვის საჭიროება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან არ არის და შესაბამისად, თუ ასეთი საჭიროება დადგება, დარწმუნებული ვარ, სავალუტო ფონდი მომზადებული შეხვდება ამ საჭიროებას“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ეკონომისტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე სრულად იზიარებს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილბას და „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სსფ-ს ამოცანაა, თავისი სამუშაო მიზანი გაამართლოს - იპოვოს სუბიექტები,  რომლებიც მას დაუჯერებენ და სესხს შესთავაზებს. 

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვჭირდება სსფ-ს სესხი. საქართველომ წარმატებით შეასრულა ვალდებულებები გარკვეულ პერიოდში და გაისტუმრა კრედიტი, რომელიც 90-იან წლებში აიღო ქვეყანამ. რაღაც დონეზე, ვისწავლეთ ჭკუა, როგორ უნდა ვმართოთ სისტემა. საქართველოს აქვს რეზერვი, რომელიც მოგებას იძლევა, ამიტომ დამატებით ვალის აღება აუცილებელი არ არის. გამოდის, რომ უნდა ავიღოთ სესხი და მერე უკან უნდა მივასესხოთ? რა საჭიროა და რატომ უნდა ავიღოთ დამატებითი ვალდებულებები. მოკლედ, ჩემი აზრი ისაა, რომ თუ უარი უთხრეს, ძალიან კარგი უქნიათ“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა შეშელიძემ. 

იგივე მოსაზრება აქვს ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის შემოთავაზებაში, აიღოს ქვეყანამ კრედიტი, ახალი არაფერია. მეტიც, ეკონომისტი ამბობს, რომ  სსფ, მსოფლიო ბანკი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაცია, რომელთა სათავეშია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მსოფლიო მთავრობას წარმოადგენს.

„ხშირად საუბრობენ, რომ არის რაღაც მასონური ორგანიზაცია, მსოფლიო მთავრობა და ასე შემდეგ, რეალურად, სწორედ გაერო გახლავთ მსოფლიო მთავრობა. თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ამ ყველაფერს დონალდ ტრამპი ამბობდა, მაგრამ პრეზიდენტობის მეორე პერიოდში უკვე დაუფარავად აცხადებს, რომ აშშ შეიძლება გაიყვანოს გაეროდან, ჯანმოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. აშშ-ის პრეზიდენტს არც ნატო მოსწონს არც ევროკავშირი იმიტომ, რომ ესენი არიან გლობალისტური ორგანიზაციები და მათი გეგმები ეწინააღმდეგება ტრამპის ამერიკის გეგმებს. 

დღეს, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს გავლენის გადანაწილება. ტრამპი ავიწროებს მსოფლიო მთავრობას ყველა დონეზე, ისინი კი ცდილობენ, პოზიციები განიმტკიცონ. ხომ ხედავთ, რუსეთზე გამავალი საერთაშორისო სავაჭრო გზები დაიბლოკა უკრაინასთან ომის გამო, ახლო აღმოსავლეთში ჰორმუზის სრუტეა დაბლოკილი, ხოლო ის საზღვაო გზა, რომელიც შემოუვლის ინდო-ჩინეთს და შემდეგ სუეცის არხი უნდა გამოიაროს, იქაც ჩინეთისთვის არასაიმედო მდგომარეობაა, რადგან აშშ აკონტროლებს. 

ამ სიტუაციაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ჩვენს სატრანზიტო გზას - შუა დერეფანს, ანუ იმ გზას, რომელიც საქართველოზე გადის. ეს გახდა მსოფლიო სავაჭრო მოძრაობის ცენტრალური ადგილი. ამიტომ, არ მიკვირს, რომ სწორედ ამ გზის გასაკონტროლებლად, თავს გვახვევენ კრედიტს, რომელიც არ გვჭირდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა. 

უშედეგო საკრედიტო შეთავაზების შემდეგ, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიასაც გადასწვდა და აღნიშნა, რომ მსგავსი კონტროლი არაერთ ქვეყანაში სცადეს, მაგრამ ყველგან წარუმატებელი აღმოჩნდა. 

„მნიშვნელოვანია ნებისმიერი ზომები, რომლების გატარებაც იგეგმება, შესაბამისობაში იყოს თავისუფალ ბაზართან რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ჩარევა, რომლებმაც მომავალში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. ფასების კონტროლის მსგავსი მექანიზმები არაერთხელ უცდიათ სახელმწიფოებს არ ვამბობ, რომ ეს არის ის, რის მცდელობაც აქვს ახლა სახელმწიფოს, თუმცა ფასების კონტროლი სცადეს ბევრ ქვეყანაში და ის ყოველთვის წარუმატებელი იყო. შესაბამისად, აუცილებელია თავისუფალი კონკურენტული გარემოს შენარჩუნება“ - განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

პროდუქტების, საწვავისა და მედიკამენტების მაღალი ფასი და ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის მუშაობა აღმოჩნდა საკითხი, სადაც ეკონომისტების აზრები გაიყო. მაგალითად, პაატა შეშელიძე ამ კომისიის მუშაობას მხოლოდ იმ ნაწილში მიესალმება, საზოგადოებამ გაიგოს რეალური მიზეზი, რა იწვევს მაღალ ფასს, ამიტომ კომისიის დასკვნასაც ინტერესით ელოდება. 

„პირადად მე საკითხს ასე ვუყურებ. შეიძლება კომისია ერთჯერადად შეიქმნას, რომელიც საკითხს შეისწავლის და დადებს დასკვნას, რა არის მიზეზი, მაგრამ არა იმისთვის, რომ სისტემატური ხასიათი ჰქონდეს ფასების კონტროლს, ანუ ისხდნენ და ითვალონ, ვინ რა ფასად გაყიდა. საინტერესოა, რა დასკვნას დადებს ეს კომისია. ჩემი აზრით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუკი აღმოაჩენენ, რომ რომელიმე რეგულირება, გადასახადი ან ტექნიკური ბარიერი არსებობს, რაც ხელს უშლის ახალი კომპანიების ბაზარზე შემოსვლას, ძველი კომპანიების უფრო სარფიანად მუშაობას და ამას თუ აღმოაჩენენ, ცუდი არ იქნება. კატეგორიულად მიუღებელი იქნება, კომპანიებს დაავალონ ფასების ზღვრის დადგენა ან ვალდებულებები აჰკიდონ, გინდა თუ არა ასე გააკეთე, ან ისე“, - აღნიშნა შეშელიძემ.  

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ სოსო სიმონიშვილს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ფასები მაღალი ან დაბალი კი არა, აუცილებლად საბაზრო უნდა იყოს. 

„ჩვენ გვაინტერესებს, რომ ფასები არ იყოს მაღალი, ამის მისაღწევად არსებობს ორი გზა - ერთია ადმინისტრაციული, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო (ცენტრალური საგეგმო და ფასების კომიტეტები), მეორე და უფრო სწორი ვარიანტია ჯანსაღი კონკურენციის გზა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ, ჩვენთან ჯანსაღი კონკურენცია არ არის. არსებობენ ცალკეული ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ ამა თუ იმ საქონელს. სახელმწიფო აბსოლუტურად არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს. 

მიზანი ის კი არ არის, ფასები იყოს დაბალი, არამედ, ფასები უნდა იყოს საბაზრო. ჩვენთან არის მონოპოლიები და შედეგად, საქონლის ღირებულება არარეალურად მაღალია. ამას კომისია ვერ უშველის, რატომ? იმიტომ, რომ კარგად იცით, ვინ არიან პარლამენტის წევრები, სწორედ ისინი, ვინც ამ ბიზნესებს ფლობენ“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×