თამთა ჩაჩანიძე
07.04.2026

ვიქტორ ორბანს 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში ტრამპის ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აქვს, ამის სადემონსტრაციოდ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს ბუდაპეშტშიც კი ჩავიდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვენსმა თქვა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატები „უნგრელი ხალხის დაჩაგვრას ცდილობენ". თავის მხრივ ვიზიტს ოპოზიციური ფრთა ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყანას არჩევნებში ჩარევის უფლება არ აქვს.

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ბუდაპეშტს ორდღიანი ვიზიტით მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად ეწვია, მათ საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო დახვდა. მინისტრმა უნგრულ მედიასთან განაცხადა, რომ ორბანმა ტრამპთან ურთიერთობებში „ახალი ოქროს ხანა შექმნა". ვიზიტის ფარგლებში ვენსი ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაშიც მიიღებს მონაწილეობას.

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას" ლიდერი, ორბანის ოპონენტი პეტერ მადიარი წერს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება უნგრეთის არჩევნებში ჩაერიოს.

„უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება - ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!" - წერს მადიარი იქს-ზე.

დასავლური მედიის შეფასებით, კვირის არჩევნები ორბანის 40-წლიან პოლიტიკურ კარიერაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტში ჩავიდა, რათა კვირას დაგეგმილ რთულ საპარლამენტო არჩევნებამდე მხარი დაუჭიროს უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ ევროპელ მოკავშირეს. 12 აპრილის არჩევნები, ორბანის თითქმის 40 წლიანი პოლიტიკური კარიერის ურთულეს გამოწვევად ითვლება, რომელმაც 2010 წლიდან ზედიზედ ოთხი არჩევნები მოიგო."- წერს ბი-ბი-სი.

არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის" მთავარი კონკურენტი ოპოზიციონერი ლიდერის პეტერ მადიარის პარტია „ტისაა". ბი-ბი-სი წერს, რომ „გამოკითხვების უმეტესობაში „ტისა" „ფიდესს" 10%-20%-ით უსწრებს. მხოლოდ პრო-სამთავრობო სააგენტო „ნეზოპონტი" წერს „ფიდესის" მცირე უპირატესობაზე. გამოკითხვებით, საკმაოდ დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩეველთა რიცხვიც. „ორბანი იმედოვნებს, რომ ვენსის ვიზიტი საკმარის შთაბეჭდილებას მოახდენს გადაუწყვეტელ უნგრელ ამომრჩევლებზე, რათა კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი მას, როგორც ძლიერ და საერთაშორისოდ პატივცემულ ლიდერს ტურბულენტურ დროში", - აღნიშნავს წყარო.

ორბანი-ვენსის პრესკონფერენცია

ჯეი დი ვენსმა ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მოუსმენს. ეს ჩემი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი არ არის. მაგრამ, მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელის ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს."

  • ვენსი: „მსურს სიგნალი გავუგზავნო ყველას, პირველ რიგში ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელი ხალხი დაჩაგრონ, რადგან მათ არ მოსწონთ ლიდერი, რომელიც უნგრელ ხალხს იცავს"

მან რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ორბანის მიერ გაწეული სამუშაო შეაქო. მისი თქმით, ორბანი და დონალდ ტრამპი „ის ლიდერები არიან, რომლებიც ამ დამანგრეველი კონფლიქტის დასასრულებლად ყველაზე მეტს აკეთებენ... „თქვენი ლიდერობა მშვიდობის მიღწევისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და თქვენ გაცილებით კონსტრუქციული პარტნიორი ხართ, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ნებისმიერი მსოფლიოს სხვა წერტილში", - მიმართა ვენსმა ორბანს.

„ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის განადგურებას ცდილობენ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს ადამიანი [ორბანი] სძულთ. მე არ ვეტყვი უნგრელ ხალხს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა. ბრიუსელში არსებულ ბიუროკრატებს მოვუწოდებ, რომ იგივე გააკეთონ", - განაცხადა ვენსმა.

მისი თქმით, აშშ-მა იცის, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებში არიან ელემენტები, რომლებიც ამერიკისა და უნგრეთის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა აშშ უნგრეთის სხვა მთავრობასთან, ვენსმა უპასუხა, რომ დიახ, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ვიქტორ ორბანი გაიმარჯვებს.

„უნგრეთში შემდეგ არჩევნებს ვიქტორ ორბანი მოიგებს. ამაში დარწმუნებული ვარ."

როგორც ამავე პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, ტრამპი 2022 წელს რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.

  • ორბანი: „ბრიუსელს პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა"

„უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა აშშ-ს და პირადად პრეზიდენტ ტრამპს, მის სამშვიდობო ინიციატივებს. უკვე ოთხი წელია ომის ჩრდილში ვცხოვრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ 2022 წელს ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომი არ გვექნებოდა. ის არ დაიწყებოდა. ევროპელებს, განსაკუთრებით კი ბრიუსელს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები რომ არ დაებლოკათ, უკრაინაში მშვიდობა დიდი ხანი დამყარდებოდა", - განაცხადა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×