
„ქართული ოცნება" აცხადებს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების პერსპექტივა სულ უფრო რეალური ხდება, მმართველ პარტიაში ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ და კვლავ აცხადებენ, რომ მზად არიან ურთიერთობები „ახალი ფურცლიდან დაიწყონ", თუმცა არა ცალმხრივი, არამედ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.
„ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპტიმისტური მოლოდინები უკავშირდება როგორც ბოლო პერიოდის კომუნიკაციებს, ისე აპრილში დაგეგმილ აშშ-ს ჯგუფის საქართველოში ვიზიტს. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ამერიკული დელეგაცია „ოცნებას" კარგს არაფერს ეტყვის.
დედაქალაქის მერს კახი კალაძეს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.
„ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს, რასაც აჩენს ის სატელეფონო ზარი, რომელიც განხორციელდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შორის, გაჟღერებული „მესიჯები" და ა.შ. შესაბამისად, დაველოდოთ. ჩვენ მზად ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი", - განაცხადა კახა კალაძემ.
„ამერიკის დელეგაცია ჩამოდისო, - კალაძემ. მაგას რა ჯობია, სიხარულით ველი. რას ეტყვიან, მაგას ქოცები დაელოდონ", - ეხმიანება კალაძის კომენტარს ფეისბუქზე „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია.
მანამდე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის.
„რაღაც პროცესები მიდის"
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ურთიერთიბების დალაგების მცდელობებია, თუმცა რეალურად მაშინ იქნება ეს დასაჯერებელი, თუ კობახიძე ტრამპს შეხვდება,
„რაღაც პროცესები მიდის, ამ დალაგების საბოლოო გვირგვინი იქნება მაშინ, როცა კობახიძე აშშ-ში ჩავა და ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდება, როგორც ეს ფაშინიანმა და ალიევმა გააკეთეს, ორჯერ იყვნენ და რეგიონის მესამე სახელმწიფო - საქართველო არცერთხელ არ ყოფილა. ანუ ეს ყველაფერი ლაპარაკია, ვიდრე ეს სურათი არ შედგება, რომ ტრამპი და კობახიძე ხვდებიან ერთმანეთს. ტრამპი თბილისში არ ჩამოვა, „ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მაგარი ეგ იქნებოდა, შესაბამისად ეს უნდა ჩავიდეს, სხვანაირად სხვა ყველაფერი ტექნიკური საკითხი იქნება, სხვა ყველაფერი იქნება ტერიტორია და არა სახელმწიფო. მანამდე იქნება ლაპარაკი ყულევზე, ფოთზე, ანაკლიაზე, რკინიგზაზე თუ ა.შ. აშშ-ს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ირანის კონტექსტში საქართველო აინტერესებს, როგორც ტერიტორია და როცა ორმხრივი ურთიერთობებია, მაშინ ამერიკა და სხვა დასავლური სახელმწიფო ითვალისწინებს საქართველოს ინტერესებსაც."
- პაატა ზაქარეიშვილი "ახლა დალაგების მცდელობებია, ახლა არის ილუზია, იმიტაციის შექმნა, მაგრამ ყველაფერი ეს ნამდვილ რეალურ დალაგებაში მაშინ გადაიზრდება, თუ კობახიძე-ტრამპის კულმინაციური შეხვედრა შედგება ვაშინგტონში, მანამდე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა"
კითხვაზე, რამდენად რელევანტურია ეჭვები ოპონენტებში, რომ „ქართული ოცნება" ალიევს სთხოვს აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებას, ანალიტიკოსმა გვითხრა:
„ეს ყველაფერი სისულელეა, ალიევს ძალიან მკაფიო პოლიტიკურ-ეკონომიკური ვიზიტი ჰქონდა. ირანიდან გამომდინარე სიტუაცია აშკარად იცვლება, აზერბაიჯანს რეგიონში ენერგეტიკული საკითხში მეტი როლი ეკისრება, ისედაც ლიდერი იყო და მისი ლიდერობა მყარდება. ამ დროს, ამ რესურსების ევროპაში რეალიზაციისთვის აზერბაიჯანს საქართველო სჭირდება. ალიევმა არ დამალა კიდეც, რომ ჩვენ ვართ პირველი ქვეყანა, სადაც მათი ენერგორესურსები გადის. აქედან გარანტიები სჭირდება, ამიტომ დასჭირდა მას ივანიშვილთან შეხვედრა. კობახიძისგან დიდ გარანტიებს ვერ მიიღებდა. ჩანდა კიდეც სურათებში, კობახიძე ივანიშვილს უკან დაჰყვებოდა, ანუ ალიევმა იცოდა, რატომ ჩამოვიდა, მას საქართველოდან გარანტიები სჭირდებოდა - რამდენად შეიძლება ენდოს, როგორც სახელმწიფოს, რათა მან ევროპაში თავისი ინტერესები განახორციელოს და აქ მე ვერ ვხედავ ვერავითარ ამერიკას. ყველაფერი იმ ხალხის ფანტაზიებია.
„ახლა დალაგების მცდელობებია, ახლა არის ილუზია, იმიტაციის შექმნა, მაგრამ ყველაფერი ეს ნამდვილ რეალურ დალაგებაში მაშინ გადაიზრდება, თუ კობახიძე-ტრამპის კულმინაციური შეხვედრა შედგება ვაშინგტონში, მანამდე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ახლაა - ვიღაცა იტყვის, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ვიღაცა იტყვის - ნახევრად ცარიელია."
„ომების დასრულებამდე უნდა მოვიცადოთ"
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ რაიმე რეალური გადატვირთვა მოხდება. მისი თქმით, ხელისუფლებამ სულ მინიმუმ ომების დასრულებამდე არ უნდა იჩქაროს.
„საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი ორი რამის გამო - ამერიკელები მაშინ ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, როცა თავის სარგებელს პირდაპირ ხედავენ. მეორე, აშშ-ში მეტად არეული სიტუაციაა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე კონგრესსა და სენატში, სადაც მოძრაობა ყალიბდება, რომ ტრამპი ომის დამნაშავედ გამოაცხადონ.
„ჩვენი პარტნიორობა აშშ-ს მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის მოქმედების გამო წახდა, როცა მოითხოვეს, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. მართალია, იქ მხოლოდ იარაღის გადაცემა იგულისხმებოდა, მაგრამ ეს ავტომატურად საქართველოს ჩართვას გამოიწვევდა, იმაზეც კი არ დაინტერესდნენ, რომ მაშინ ქვეყანა დაიღუპებოდა. ახლა, როცა ადმინისტრაციის პოზიციაა, ნაბიჯები თქვენ უნდა გადადგათო, ისმის კითხვა - ახლა რაღა უნდათ?
- პეტრე მამრაძე: "სულ ცოტა ომების დასრულებამდე უნდა მოვიცადოთ, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად რაღაცა ძალიან კარგი მოხდება. არა, მაგრამ ჩვენი მხრიდან პრაგმატული დამოკიდებულება აუცილებელია სულ გაგრძელდეს"
„აშშ-ის წარმომადგენელი აქ რომ იყო ჩამოსული, დარწმუნებული ვარ, ანაკლია ჩვენს მთავრობასთან მხოლოდ იმ კონტექსტში ახსენა, რომ ჩინელები არ შევუშვათ. და ის, რომ აქ რუსეთის ფაქტორის გამო ჩინეთის გარდა არცერთი ქვეყანა არ შემოვა ასაშენებლად, ეს არ აინტერესებთ. მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საკუთარი პიარისთვის სწირავდნენ. მათ შორის, ათჯერ მეტ ჯარისკაცს ავღანეთში აგზავნიდნენ, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნები, რომელსაც გაცილებით დიდი მოსახლეობა ჰყავთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლება ასეთ პიარს ეროვნულ ინტერესებს არ შესწირავს.
„სულ ცოტა ომების დასრულებამდე უნდა მოვიცადოთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომატურად რაღაცა ძალიან კარგი მოხდება. არა, მაგრამ ჩვენი მხრიდან პრაგმატული დამოკიდებულება აუცილებელია სულ გაგრძელდეს. თვითონ კისინჯერის ცნობილი გამონათქვამია, რომ იყო ამერიკის მტერი, ეს სარისკოა, მაგრამ თუ აშშ-ს მეგობარი ხარ, აი, ეს კი სასიკვდილოა, ხომ შეიძლება არც მტერი იყო და არც მეგობარი?"