ნატალია ჯვარიძე
07.04.2026

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა, რაც ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს, იწურება, თუმცა საუბარი მიდის, რომ შესაძლოა გახანგრძლივდეს. ირანი უკან არ იხევს - ჰორმუზის სრუტე კვლავ ბლოკირებულია, რაც კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნის მსოფლიო ეკონომიკას.

უფრო მეტიც, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ 14 მილიონი ჯარისკაცი ქვეყნის დაცვისთვის მზადაა. ამის პარალელურად იზრდება გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი, ნადგურდება სტრატეგიულად მნიშვნელოვნი ობიექტები.

გამოცემა „აქსიოსი" წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას, კერძოდ, მის მიერ დადგენილი დროის გასვლის შემდეგ ირანის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს და დაწესებული ვადა გაახანგრძლივოს.

„თუ ტრამპი დაინახავს, რომ შეთანხმება ახლოსაა, ის სავარაუდოდ ამას გადადებს. თუმცა გადაწყვეტილებას მხოლოდ ის იღებს", - უთხრა გამოცემას ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ამასთან, თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, „სკეპტიკურად" არის განწყობილი, რომ ამჯერად პრეზიდენტი დადგენილ ვადას გაახანგრძლივებს.

  • ტრამპი ჟურნალისტებს: „თუ ფიქრობთ, რომ მათ მივცემ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს „ნიუ იორკ თაიმსში" უთხრათ, რომ ეს არ მოხდება"

გამოცემის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესაუბრა, დონალდ ტრამპი მისი ადმინისტრაციის წევრებს შორის, შესაძლოა, ყველაზე მეტად უჭერდეს მხარს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი „ქორია", ხოლო სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი მასთან შედარებით „მტრედები" არიან.

დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა.

6 აპრილს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გატარება ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ჟენევის კონვენციის დარღვევას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამაზე არ ღელავს და იმედოვნებს, რომ ამის გაკეთება არ მოუწევს.

„თუ ფიქრობთ, რომ მათ მივცემ უფლებას, ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებს „ნიუ იორკ თაიმსში" უთხრათ, რომ ეს არ მოხდება", - უპასუხა ტრამპმა.

მისივე თქმით, ეს „კრიტიკული პერიოდია" და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ირანი. აღნიშნა, რომ თუ ირანი მიცემულ ვადას გადააცილებს, მას არც ხიდები ექნება და არც ელექტროსადგურები, და ქვის ხანას დაუბრუნდება. ამბობს, რომ მზადაა გეგმა, რომელიც ოთხშაბათს, დღის ბოლომდე, ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის განადგურებას ითვალისწინებს.

„ვგულისხმობ სრულ დანგრევას 00:00 საათისთვის და ეს მოხდება ოთხი საათის განმავლობაში, თუ ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს", - განაცხადა ტრამპმა.

ირანი კი უკან არ იხევს. პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ 14 მილიონზე მეტი ირანელი მზად არის, ქვეყნის დაცვას თავი შესწიროს. გარდა ამისა, ირანის მთავრობა მოუწოდებს სტუდენტებს, სპორტსმენებს, არტისტებს და ტექნოლოგიური კომპანიებს თანამშრომლებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

ირანის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოცხალი ჯაჭვების აქცია მიმართულია საზოგადოებრივ დაწესებულებებზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების გასაპროტესტებლად.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ მოუწოდა ამერიკელებს, პასუხისმგებლობა დააკისრონ საკუთარ მთავრობას ირანის წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ ომზე. ბაღეის თქმით, ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს მათი მთავრობა.

  • ერდოღანი: „მათ, ვინც დღეს ძირს უთხრის მშვიდობას პოლიტიკური გადარჩენის გასახანგრძლივებლად, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს მათ თავად დასჭირდებათ მშვიდობა, სამართლიანობა და კანონი"

„ძალიან დიდი უსამართლობა და აგრესიული ომია. ამერიკელმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს საკუთარ მთავრობას მათი სახელით ჩადენილი ქმედებებისა და დანაშაულებისთვის", - განაცხადა ბაღეიმ.

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კვლავაც ძირს უთხრის ომის დასრულების ყველა მცდელობას. ერდოღანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის 38-ე დღე იწყება და ომის გაჭიანურების გამო კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გავრცელების რისკი იზრდება. თურქეთმა გააძლიერა დიპლომატიური კონტაქტები საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად და მოლაპარაკებებისთვის სივრცის შესაქმნელად.

ერდოღანის თქმით, თურქეთი სამართლიანობის, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს დგას და ანკარა გულგრილი ვერ დარჩება, როდესაც მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს ესხმიან.

„მათ, ვინც დღეს ძირს უთხრის მშვიდობას პოლიტიკური გადარჩენის გასახანგრძლივებლად, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს მათ თავად დასჭირდებათ მშვიდობა, სამართლიანობა და კანონი", - განაცხადა ერდოღანმა.

ომის დაწყებიდან დღემდე მსხვერპლი ორივე მხარეს იზრდება. აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა სააგენტოს ცნობით, აშშ-ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან სულ მცირე 3 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 665 მშვიდობიანი მოქალაქეა.

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკის სამხედროებმა ომის დაწყების შემდეგ ირანში 13 ათასზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ოპერაცია „ეპიკური მრისხანების" ფარგლებში ამერიკელმა სამხედროებმა 155-ზე მეტი ირანული გემი დააზიანეს ან გაანადგურეს.

დარტყმების სამიზნეებს შორის შორისაა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) ცენტრალური ოფისები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების განთავსების ადგილები, ასევე ირანის საზღვაო ძალების გემები და წყალქვეშა ნავები.

გარდა ამისა, საერთაშორისო საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობს. მისმა ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა გაზეთ „ლე ფიგაროს" განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული ნავთობისა და გაზის ამჟამინდელი კრიზისი უფრო სერიოზულია, ვიდრე 1973, 1979 და 2022 წლების კრიზისები ერთად,

მისივე თქმით, ევროპული ქვეყნები, ასევე იაპონია, ავსტრალია და სხვები დაზარალდებიან, მაგრამ ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არიან განვითარებადი ქვეყნები, სადაც ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და კრიზისმა ინფლაციაც გამოიწვია.

„მსოფლიოს არასდროს განუცდია ენერგომომარაგების ასეთი მასშტაბის შეფერხება", - განაცხადა ფატიჰ ბიროლმა ფრანგულ გაზეთთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წევრი ქვეყნები გასულ თვეში შეთანხმდნენ, რომ თავიანთი სტრატეგიული რეზერვების ნაწილს გამოიყენებდნენ. ბიროლის თქმით, ამ რეზერვების ნაწილი უკვე გამოიყენება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×