რეზონანსი
07.04.2026

თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის ნიკა ხოფერიამ ინფორმაციით, თბილისში, თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურების დაჯარიმება თითქმის 10 დღეა მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში, ფულადი სანქცია რამდენიმე ათეულ სადგურს შეეხო. საჯარიმო თანხის მოცულობა 2500-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

როგორც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მონიტორინგი ახალი რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება, რომელიც ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალების წესების დარღვევით განთავსება/რეალიზებას ეხება.

„მუნიციპალური ინსპექცია დედაქალაქში ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის საცხოვრებელ და სარეკრეაციო ზონებში უნებართვოდ მოწყობილ თხევადი გაზის რეალიზების ობიექტებისა და ავტომანქანებზე კუსტარულად განთავსებული თხევადი გაზის ავტოგასამართი სადგურების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით უნებართვოდ ახორციელებენ საქმიანობას,“ - ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაში.

თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მეწარმეთა ნაწილმა, დაჯარიმების პროცესის დაწყების შემდეგ, სადგურები საკუთარი ინიციატივით დაკეტა, ნაწილი კი ვინც უკვე დაჯარიმდა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„თბილისში არსებული თითქმის ყველა ობიექტი დაჯარიმდა. ნაწილი გაჩერებულია, რადგან როდესაც დაჯარიმებები დაიწყო, სადგურების მეპატრონეებმა ფუნქციონირება შეაჩერეს. ვინც უკვე დაჯარიმდა, ისინი ასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას. 

არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც თხევადი გაზის გაზგასამართი სადგურების რეგულირების წესებს მოიცავს. ეს არის წესები, რომელიც მთავრობის დადგენილებითაა მიღებული და შესაბამისად, სწორედ ეს კანონი უნდა მოქმედებდეს.

ჩვენ გვჭირდება ცივილიზებული დიალოგი, რათა კითხვებზე პასუხები მივიღოთ. როგორ მოვიქცეთ, გადავიდეთ სხვა ლოკაციაზე, მოგვცემენ ნებართვებს თუ რა პირობებში მოგვიწევს ფუნქციონირების გაგრძელება“, - განაცხადა ნიკა ხოფერიამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ბიზნესპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×