
ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, დაიწყეს პატრიარქზე იმის საპირისპიროს ლაპარაკი, რაც მას გაუკეთებია, დაბრალება ყველაფერი ანტიეროვნულის, ანტისახელმწიფოებრიობის.
„პარალელის გავლება ძალიან მარტივად შეიძლება 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციასთან და ბოლშევიკებთან. უღმერთოთა კავშირი არსებობდა და ისინიც იმეორებდნენ ზუსტად იმავე მესიჯბოქსს, რაც საფრანგეთის რევოლუციის დროს იყო და დღეს რასაც ვხედავთ, იგივეს გამეორებაა. ეს არის დიდი ხნის ჩამოყალიბებული, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა.
მდარე სიუჟეტები კეთდება, არქმევენ ვიღაცებს თეოლოგებს, ექსპერტებს და არა უშავს, თუ ყოველ დღე ცდება ეს ექსპერტი. დააანონსეს, რომ ახლა მოხდება სკანდალი სინოდზე, რომ ატყდება აქ ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერი არ არის საყურებელი, ეპისკოპოსები სიმშვიდით და ერთობის დიდი გრძნობით, პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს, აგრძელებენ ეკლესიის ცხოვრებაში თავის საქმიანობას“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ისაუბრა სინოდიდან მოკვეთილი პეტრე ცაავას შესახებაც.
„უცნაურია, რომ ყოველთვის ისეთ რაღაცაზე აპელირებენ, რომელიც ეკლესიას დააზიანებს. 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის განჩინებაში წერია, რომ ის აღარ არის სინოდის წევრი. არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ხმის უფლება შეიძლება, ბევრს უნდოდეს, მაგრამ ამის საშუალება აღარ არის მეუფე პეტრესთვის“, - განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.