
პროტოპრესვიტერი, მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ სინოდის მიერ „საფუძვლიანად ხდება" ყველა დეტალის გათვალისწინება, რომ გაფართოებული კრება, სადაც პატრიარქი უნდა აირჩიონ, ღირსეულად ჩატარდეს.
როგორც მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, წმინდა სინოდი საკითხებს კვალიფიციურად უდგება.
„ძალიან კვალიფიციურად უდგება, რა თქმა უნდა, წმინდა სინოდი. ითვალისწინებს ყველაფერს, პროცედურებთან დაკავშირებით. ძალიან საფუძვლიანად ხდება ყოველი დეტალის გათვალისწინება, რომ, რა თქმა უნდა, ღირსეულად ჩატარდეს გაფართოებული კრება", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდი ერთიანია.
„რაც მე განსაკუთრებული პატივისცემით მინდა, აღვნიშნო, წმინდა სინოდის მიერ შენარჩუნებულია ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, ის საეკლესიო კანონმდებლობაზე, საეკლესიო კანონიკურ წესზე დამყარებული მიდგომა საკითხებისადმი, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს ყოველთვის , რომ ყველაფერი გადაწყდეს ერთობით სულის ურთიერთპატივისცემით და თუკი რამე არის დასაზუსტებელი, ან გასათვალისწინებელი ან შესაცვლელი, ამის გადაწყვეტაც, რა თქმა უნდა, ერთობლივად მოხდება წმინდა სინოდის მღვდელმთავრების მიერ", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
დეკანოზი აღნიშნავს,რომ „საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით არანაირი შფოთვის საფუძველი არ აქვს".
გარდა ამისა, დეკანოზმა კვლავ გაიმეორა, რომ პატრიარქის ანდერძის საჭიროება არ არსებობს,როდესაც პატრიარქის მიერ სიცოცხლეშივე დადგენილია მოსაყდრე.
„როდესაც პატრიარქი თავის სიცოცხლეში ადგენს მოსაყდრეს, ანდერძის საჭიროება იქ არ არის, ანდერძი შეიძლება უკავშირდებოდეს მოსაყდრის დადგინებას და როდესაც პატრიარქის სიცოცხლეში პატრიარქის მიერ დადგენილია მოსაყდრე ანდერძის საჭიროება აღარ არსებობს.