
ტრამპის ადმინისტრაციაში სულ უფრო რეალისტურ სცენარად აღიქვამენ ნატო-დან აშშ-ს გამოსვლას, მათ შორის საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩანაცვლება გახდეს საჭირო და ალტერნატიული, უფრო ძლიერი სამხედრო გაერთიანება შეიქმნას.
მოსკოვს არ სჯერა, რომ ტრამპი და აშშ ნატო-ს დატოვებენ, მეტიც, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რუსეთისთვის საშიში ცალკე ევროკავშირიც ხდება, რადგან ბრიუსელში სულ უფრო რეალურად განიხილავენ სამხედრო ალიანსის შექმნას და თუ აქამდე რუსეთის „რიტორიკა ევროკავშირის წვერობასთან დაკავშირებით მშვიდი იყო, ახლა ყველაფერი შეიცვლება".
უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი კი ამბობს, რომ ირანთან კონფლიქტის დროს ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა სიმხდალე აჩვენა და არაეფექტურობა გამოავლინა. კელოგი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ნატო-ს ალტერნატივა ისეთი სახელმწიფოების ჩართულობით, რომლებიც ტრამპის პოლიტიკას იზიარებენ.
„ნატო მხდალი აღმოჩნდა -ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება", - აღნიშნა კელოგმა.
მან მიუთითა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნატო დენონსაციის შესახებ შეტყობინების მიწოდებიდან ერთი წლის შემდეგ დატოვოს.
- კიტ კელოგი: „ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება"
ამასთან, კელოგმა ალიანსის ალტერნატიული სტრუქტურების შესახებ წინადადება გააჟღერა.
„არსებულ თავდაცვის სტრუქტურებში ცვლილელების შეტანა, შესაძლოა მათი შექმნა იაპონიასთან და ავსტრალიასთან, ასევე ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან, რომლებიც მზად არიან ომში შესასვლელად, მაგალითად, ახლად ჩართულ გერმანიასთან ან პოლონეთთან. ან თუნდაც უკრაინასთან, რომელმაც ასევე კარგი მოკავშირეობა დაამტკიცა", - აღნიშნა კელოგმა.
დიმიტრი მედვედევს ეჭვი ეპარება, რომ აშშ ნატო-ს დატოვებს.
„რა თქმა უნდა, არც ტრამპი და არც აშშ ნატო-ს არ დატოვებენ, ამისი არანაირი მიზეზი არ არსებობს და ამას კონგრესი არ დაუშვებს. ტრამპის რიტორიკა წმინდად ეპატაჟურია, თუმცა შესაძლებელია სიმბოლური ქმედებები, როგორიცაა ამერიკული კონტინგენტის შემცირება რაოდენობის შემცირება, ან რაიმე მოწოდებაზე უარის თქმა... ნათელია, რომ ალიანსში ძლიერი წინააღმდეგობებია, რაც ირანის კამპანიამ კიდევ უფრო გაამძაფრა.
„ევროპელი პოლიტიკური ფანატიკოსები, განსაკუთრებით ბრიუსელში, სერიოზულად განიხილავენ ევროკავშირში სრულფასოვანი სამხედრო კომპონენტის შექმნას, რაც სიტუაციას ცვლის, აქამდე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ჩვენი რიტორიკა თავშეკავებული და მშვიდი იყო, ყველა ჩვენს მეზობელთან, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვლება - ევროკავშირი აღარაა ეკონომიკური კავშირი, ის შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიქცეს რუსეთისთვის უკიდურესად, ნატო-ზე უარეს მტრულ სრულფასოვან სამხედრო ალიანსად"- განაცხადა მედვედევმა.
- დიმიტრი მედვედევი: „ევროკავშირი აღარაა ეკონომიკური კავშირი, ის შეიძლება ძალიან სწრაფად გადაიქცეს რუსეთისთვის უკიდურესად, ნატო-ზე უარეს მტრულ სრულფასოვან სამხედრო ალიანსად"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი ალიანსი შეიძლება შეიქმნას ისე, რომ არც აშშ-მა დატოვოს ნატო და არც ნატო დაიშალოს.
„ნატოში შემოსულია არა მეხუთე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის მიხედვით თეორიულად შესაძლებელი იყო ალიანსის ძალების ჩართულობა თუნდაც სპარსეთის ყურის ოპერაციაში. სპეციალურად შექმნილია სპარსეთის ყურისა და ნატო-ს თანამშრომლობის საბჭო, სადაც განიხილება ტერორიზმ-კონტრაბანდის წინააღმდეგ და სხვა ტიპის ღონისძიებების გატარება, შესაძლებელია ასეთი ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.
„ახალი ალიანსი შეიძლება ისე შეიქმნას, რომ ნატო არც დაიშალოს და არც აშშ გამოვიდეს ნატო-დან. ახალ ალიანსში შეიძლება შევიდნენ, ავსტრალია, იაპონია, უკრაინა და ის ევროპული სახელმწიფლები, რომლებიც აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობაში არიან, მათ შორის შეიძლება დიდი ბრიტანეთიც ვიხილოთ. ეს ალიანსი იქნება უფრო გლობალური უსაფრთხოებოს და არა ტრანსატლანტიკური.
- ვახტანგ მაისაია: „ახალი ალიანსი შეიძლება ისე შეიქმნას, რომ ნატო არც დაიშალოს და არც აშშ გამოვიდეს ნატო-დან"
„ასეთი ალიანსების შექმნა ნატოს-სთან არავითარ კავშირში არაა, რადგან ქვეყნებს ეს ისედაც შეუძლიათ შექმნან. როცა კლასიკური ცივი ომი იყო, ნატო მხოლოდ ერთ-ერთი ალიანსი იყო. სხვა ალიანსებიც იყო, მაგალითად სენტო, ბაღდადის პაქტი და ა.შ. აშშ ნატო-დან არ გამოვა, მაგრამ შეიძლება ნატო-მ გაამკაცროს ალიანსის წევრებს შორის მოთხოვნები პასუხისმგებლობის გადანაწილებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება მედვედევის განცხადებას - მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. რუსეთი თავისთავად ყველას ემუქრება. უკრაინაში შეჭრის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ევროკავშირში შესვლას აპირებდა",- განაცხადა მაისაიამ.