
საპატრიარქოში სინოდის სხდომა 6 საათის შემდეგ დასრულდა. თუმცა, დღევანდელ სხდომაზე სინოდმა მომავალი პატრიარქის ასაკის შეზღუდვაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია და სხდომა გადადო. როგორც სინოდის წევრები აცხადებენ, გაფართოებული სხდომა სამების საკათედრო ტაძარში 24 აპრილს გაიმართება.
სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. მისი თქმით, შეიქმნა სამი კომისია.
„როგორც თავდაპირველადვე განვაცხადე, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მოხდებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრა. სინოდის შემდეგი სხდომისთვის და გაფართოებული კრების გასამართავად განისაზღვრა გარკვეული პროცედურები, მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია. ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს - ეს თემები განვიხილეთ.
„რაც შეეხება კომისიებს, მათი სახელწოდება თავად ლაპარაკობს ამ კომისიების ფუნქციაზე იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი. იქ ხმები უნდა დაითვალოს, მითუმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე, ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო ამ თემებზე შეთანხმება."
- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ჩამოყალიბდა სამი კომისია. ეს იქნება სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიაში შემავალი წევრების საკითხი. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში. სინოდის შემდეგი სხდომა გაიმართება 24 აპრილს"
ცნობილია სინოდის განჩინებაც თუ ვინ უხელმძღვანელებს ამ კომისიებს: ხმის დამთვლელი კომისია, რომლის თავმჯდომარე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე იქნება, სამანდატო კომისია, რომელსაც ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა უხელმძღვანელებს და სარედაქციო კომისია, რომლის თავმჯდომარეც გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია იქნება.
ჯაღმაიძეს აღნიშნა, რომ განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა პატრიარქობის კანდიდატს, მინიმუმ, სასულიერო სემინარია მაინც უნდა ჰქონდეს დასრულებული.
„რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რომელშიც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა."
დღევანდელ სხდომაზე ასაკის საკითხი დაისვა, თუმცა რადგან ძალიან ბევრი სხვა საკითხი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ შემდეგ სინოდის სხდომაზე იქნას უფრო კონკრეტულად მიღებული ამაზე გადაწყვეტილება. მსჯელობა იყო, უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წელს მიღწეული ადამიანი ამ კატეგორიაში [პატრიარქობის კანდიდატად დასახელების ნაწილში], ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა ზენონმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხდომა ცივილურად წარიმართა.
„ეს იყო 6-საათიანი სხდომა. ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურულ საკითხებზე. შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ [გადაწყვეტილება] იქნება მომავალ სხდომაზე.
„ზოგადი საუბარი იყო. არ ჩაითვალა, როგორც სინოდის განსახილველი საკითხი, გადაიდო მომავალ სხდომამდე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ეს არ წარმოადგენს იმპერატიული კატეგორიის საკითხს. კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული როგორ აირჩევს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ავირჩევთ პატრიარქს", - განაცხადა მეუფე ზენონმა.
დღევანდელ სხდომაზე უნდა შეთანხმებულიყო კრიტერიუმები - მათ შორის განათლებისა და ასაკობრივი შეზღუდვის საკითხები - რომელთა საფუძველზეც გაირკვეოდა, ვინ შეძლებდა საპატრიარქო კანდიდატურის დაყენებას.
სხდომია დაწყებამდეც, საპატრიარქოს პრესამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას გააცნო სხდომის დღის წესრიგი, აღნიშნა რომ დღევანდელი სხდომა საორგანიზაციო სახის იქნებოდა.
სინოდის სხდომა შიო მუჯირმა მოიწვია.