ნატალია ჯვარიძე
03.04.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეკლესიასა დ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ოპოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის მტერია, რაზეც მიუთითებს უცხოეთში მათი გახშირებულ ვიზიტები. პაპუაშვილი მიუსაფარ ძაღლებზე ატეხილ სკანდალებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ამაზე დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა".

„ჩვენ დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ გარე ჩარევის მცდელობებია. ვხედავთ, უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტური ჯგუფები - „რადიო თავისუფლება" და „ტაბულა" სინოდის საქმიანობაში პირდაპირ ერევიან. მათ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ. „რადიო თავისუფლებას", „ტაბულას", „პუბლიკას" და „ნეტგაზეთს" პირდაპირი საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ.

  • შალვა პაპუაშვილი:„აქედანვე იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ვაკვირდებით და ყველაფერზე რეაგირება გვექნება"

„ეს არის ზუსტად იგივე მეთოდი, რასაც 2024 წელს ვხედავდით, როცა ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოს არჩევნებში ერეოდნენ, როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა. დღეს ვხედავთ, მათ შორის, დიდი ალაბთობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. ამას ვაკვირდებით. აქედანვე იცოდეს ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ვაკვირდებით და ყველაფერზე რეაგირება გვექნება."

შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის გარეთიანებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უფრო ცხადი ხდება, რა ძალასთან გვაქვს საქმე.

„სახეზე გვაქვს გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა". იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტის და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ - თავადაც თქვეს, რომ ხელისუფლების გადაბარების გეგმები უნდა წარუდგინონ თავიანთ უცხოელ პატრონებს და უცხოეთიდან მიღებული დავალებების შესაბამისად იმოქმედონ. ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია. მადლობა გვეთქმის მათთვის, რომ ეს თამაშები, რომელიც მათ ჰქონდათ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, დაიშალა, გაიშალა თუ ა.შ., დასრულდა და გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა". უფრო ცხადი გახდა ჩვენი მოსახლეობისთვისაც, რა ძალასთან გვაქვს საქმე."

ამასთან, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის, ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე.

„შეგახსენებთ, ეკა გიგაური არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. დღეს ისინი ფორმალურადაც არიან უცხო ქვეყნის ინტერესით მოქმედი ჯგუფები. სინამდვილეში, ახალი არაფერია, საქართველოს ისტორია ვისაც აქვს კარგად ნასწავლი, ისტორიულად ასე ხდებოდა. ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის თუ იმპერიის დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები, რათა იქ მოეპოვებინათ მხარდაჭერა საქართველოში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყველაზე ახლო წარსულში ეს იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც მოსკოვში გარბოდნენ, რომ სხვადასხვა თანამდებობა მიეღოთ. ზოგიერთისთვის დღეს ეს არის ჰააგა და ბრიუსელი. ეს არის ლუსტრაცია უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების. ამით ნათელს ხდიან საზოგადოებისთვის."

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „ოპოზიციის ალიანსის" წევრების - ლევან სანიკიძის, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის თურქეთში ვიზიტს უკავშირდებოდა, პაპუაშვილმა თქვა:

„ეს არის მაგალითი, რას ნიშნავს, იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა" არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, ამიტომ ცდილობენ, უცხოური დახმარება მიიღონ. თავადვე აცხადებენ, რომ დადიან გეგმით - მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ მოემსახურება საქართველო და ქართველი ხალხი უცხო ქვეყნების ინტერესებს. ვნახოთ, ვის დარწმუნებას შეძლებენ ან ვერ შეძლებენ."

ის მიუსაფარი ცხოველების ამბებსაც შეეხო.

„გუშინდელმა კადრებმა აჩვენა, რომ ჩვენ უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ემოციურად დაზიანებული ადამიანების მხრივ და არა მიუსაფარი ძაღლების თვალსაზრისით. აბსოლუტური ისტერია და არაადეკვატურობაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ. მგონი, ეს პრობლემა უფრო დიდად დაგვანახეს. რადიკალური ოპოზიციის სახით გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად, ვერც ვერანაირად დავეხმარებით, სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. კადრები, რაც გუშინ ვიხილეთ - ქცევა, შეჭრა, თავდასხმა - აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას. მით უფრო, როცა ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ.

„ვნახეთ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება და შემდეგ დაბრუნება. საქმე იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო. ეს არის კიდევ ერთი საპნის ბუშტი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ხელში გაუსკდა. ჩვენ ხელში შეგვრჩა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელსაც პოლიტიკურად ვერაფერს ვეღარ ვუშველით, მათ სხვა სახის დახმარება სჭირდებათ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×