
იმის გამო, რომ ტრამპმა ვერ მოახერხა ნატოს დარწმუნება, ირანთან კონფლიქტში მხარი დაეჭირა, ალიანსიდან გასვლით და ორგანიზაციის განადგურებით იმუქრება. ნატოს ოფიციალური პირები ხუთ სავარაუდო გზასაც ასახელებს, თუ როგორ შეუძლია ტრამპს შური იძიოს. მათ შორის განხილება რიტორიკის გაძლიერება, ამერიკული ჯარების გაყვანა და „რბილად" ან „რთულად" გასვლა.
"თუ ასე მართლაც მოხდა, ეს იქნება არა მარტო ალიანსის დაშლა, არამედ გამოუსწორებელი დარტყმა ზოგადად დასავლეთის, როგორც ერთიანი იდეურ-პოლიტიკური ერთობის მიმართ, აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„ჯერჯერობით საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები მუქარის ფარგლებს გარეთ გავიდეს და რეალობად იქცეს, რადგან ეს მარტო მისი პირადი გადასაწყვეტი არ არის, კონგრესმა თანხმობა უნდა მისცეს. როგორც ვიცით, კონგრესმა ეს ვერსია უკვე ჩააგდო, მათ ჯერჯერობით ნატოს დაშლა არ უნდათ. მოახერხებს თუ არა ტრამპი მათ დარწმუნებას იმაში, რომ ეს გადასდგმელი ნაბიჯია, ამ ეტაპზე ბუნდოვანია.
- რამაზ საყვარელიძე: „თუკი ამერიკამ ნატო მიატოვა, დასავლეთი დაიშლება. დასავლეთი იქნება - ცალკე ამერიკა და ცალკე ევროპა, და ისტორიაც ცოტა სხვანაირად დაიწყებს განვითარებას"
„ის ვარიანტი, რომ შესაძლოა ტრამპმა ნატო დაარწმუნოს, ირანის კონფლიქტში დაეხმაროს, ალბათ აღარც განიხილება, რადგან ამერიკის პარტნიორებმა ალიანსის ხაზით, თითქმის ყველამ უარი განაცხადა მხარდაჭერაზე, თან ამერიკას მათ ბაზებზე წვდომა შეუწყვიტა, რაც ძნელი წარმოსადგენი იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ. როგორ ჩაივლის ეს კონფლიქტი, მომავალი გვიჩვენებს. ახლა პროგნოზი რთულია, რადგან თვითონ კონფლიქტია უპრეცედენტო.
„თუკი ამერიკამ ნატო მიატოვა, დასავლეთი დაიშლება. ჩვენ ხომ ვხმარობთ სიტყვა „დასავლეთს" და მასში მოვიაზრებთ ევროპას და ამერიკას. ამ შემთხვევაში დასავლეთი იქნება - ცალკე ამერიკა და ცალკე ევროპა, და ისტორიაც ცოტა სხვანაირად დაიწყებს განვითარებას. მათი ერთიანობა საბჭოთა კავშირის არსებობამ შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 30 წელია დაშლილია, ეს ერთიანობა ისევ შენარჩუნებული იყო.
„პრინციპში, სავარაუდო იყო, რომ ნატო დაიშლებოდა, რადგან საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ ვერსიები გაჩნდა ალიანსის გაუქმებაზე, რადგან მას მეტოქე აღარ ჰყავს და საჭიროც აღარ არისო. თუმცა ნატო არსებობას მაინც აგრძელებს. ახლა კი უკვე ამერიკის მხრიდან დადგა საკითხი, რომ ალინსი უნდა გაუქმდეს. მოკლედ, ამ ვითარებაში ძნელი სათქმელია, თუ რა მოჰყვება მას", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
„პოლიტიკოს" ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ტრამპმა მკვეთრად გაამწვავა ნატო-ს მიმართ მუქარა მისი მოკავშირეების მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებაში ჩართვაზე უარის თქმის გამო და განაცხადა, რომ შტატები ალიანსს დატოვებს. ამ საკითხზე „პოლიტიკო" ექსპერტებს, იურისტებსა და ნატო-ს ოფიციალურ პირებს ესაუბრა, რომლებმაც აღწერეს ტრამპის შესაძლო ვარიანტები, შეაფასეს მათი მიზანშეწონილობა და ნატო-სთვის პოტენციური ზიანი. გამოცემა ასახელებს ხუთ გზას, რომლითაც ტრამპს ნატო-ს განადგურება შეუძლია.
„1. რიტორიკის გაძლიერება. ამ სცენარის მიხედვით, დონალდ ტრამპი ალიანსის წევრების მიმართ კრიტიკასა და მუქარას გააძლიერებს. გამოცემა წერს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ალიანსს ეჭვქვეშ აყენებს, ეს სერიოზულად ძირს უთხრის ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგიის სანდოობას.
2. იმოქმედოს როგორც დაბრკოლებამ. ტრამპმა შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ ნატო-ს მოკავშირეებისთვის ცხოვრება გაართულოს რადიკალური ზომების გარეშე. ვაშინგტონს ასევე შეუძლია, უარი თქვას ნატო-ს საერთო ბიუჯეტში შენატანის განხორციელებაზე.
3. ამერიკული ჯარების გაყვანა. ვაშინგტონმა შესაძლოა, ასევე გადაწყვიტოს თავისი ჯარების ევროპიდან გაყვანა. ამჟამად კონტინენტზე 67 500-დან 85 000-მდე ამერიკელი სამხედროა განლაგებული, რომლებიც, სულ მცირე, 31 მუდმივ ბაზასა და 19 სამხედრო ობიექტზე იმყოფებიან. „ტრამპი ჯარების მაქსიმალურ რაოდენობას, დაახლოებით 9 000-ს თუ გაიყვანს, ეს ალიანსისთვის „გონივრულ" რისკს შექმნის, მაგრამ არა კატასტროფულს", - განაცხადა თავდაცვის ექსპერტმა და ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ედ არნოლდმა.
4. რბილი გასვლა. ტრამპს ასევე შეუძლია, ალიანსი ფორმალური გასვლის გარეშე დააჩოქოს. აშშ-ს შეუძლია, გამოვიდეს ნატო-ს ოთხწლიანი სამხედრო დაგეგმვის ციკლიდან, რომელიც განსაზღვრავს, რა აღჭურვილობა და რა რაოდენობის ჯარი უნდა გამოყოს თითოეულმა წევრმა თავდასხმის შემთხვევაში. ასევე, აშშ-ს შეუძლია ნატო-ს შეხვედრების ბოიკოტი ან დელეგაციის გაწვევა. ეს ალიანსისთვის „ძალიან დამანგრეველი" იქნება.
5. რთული გასვლა. ნატო-დან ოფიციალური გასვლა სავსეა სერიოზული იურიდიული დაბრკოლებებით: სენატის ორი მესამედის მხარდაჭერა აუცილებელია ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-13 მუხლის ამოქმედებისთვის, რაც ერთ წელს გრძელდება. თუმცა, „პოლიტიკო" აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ასევე შეუძლია, ცალმხრივად გამოვიდეს ხელშეკრულებებიდან, როგორც ეს დონალდ ტრამპმა 2020 წელს გააკეთა, როდესაც გადაწყვიტა „ღია ცის" შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც თვითმფრინავების ორმხრივ მეთვალყურეობას ითვალისწინებს.