
"ორგანიზატორები ვართ მე და „ქართული ოცნება“ - ამის შესახებ სასახლის რობის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა.
მათ (ქართულმა ოცნებამ)გააკეთეს ყველაფერი, რომ ჩემს დაძახილზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა - განაცხადა ბურჭულაძემ სასამართლოზე.
"მე აქ თავის გასამართლებლად არ მოვსულვარ. კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გავუსვათ იმას, რა დიდი ისტორიული მოვლენა იყო 4 ოქტომბერი, როცა შედგა ეროვნული კრება. იმაზე მეტი ხალხი მოვიდა აქციაზე, ვიდრე [თვითმმართველობის] არჩევნებზე. მივიღეთ დეკლარაცია. დავასახელეთ საქართველოს დაქცევაში ეჭვმიტანილი ადამიანები.
რა ძალადობაზეა ლაპარაკი, შვილიშვილთან ერთად მოვედი და სხვებსაც მოვუწოდებდი, მოდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად-მეთქი.
რომ არა „ქართული ოცნება“ ამის ორგანიზებას მე ვერ შევძლებდი. მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ ჩემს დაძახილზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ორგანიზატორები ვართ მე და „ქართული ოცნება“.
არავითარი შეკრებები და შეთანხმებები არ ყოფილა. არც იყო საჭირო. შევიკრიბეთ მიზნით. აქ პოლიტიკური პარტიები არ იღებდნენ მონაწილეობას, იღებდნენ მონაწილეობას ადამიანები, ვისთვისაც საქართველო და სამშობლო არის ნომერი პირველი. მონაწილეობას იღებდნენ, არა როგორც პოლიტიკოსები, არამედ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები.
არ დარჩენილა ქალაქი და სოფელი, საიდანაც არ ჩამოვიდნენ, გალიდან, ცხინვალიდან, ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ. ყველა მოვიდა მშვიდობიანად.
დიდი ალბათობა იყო, რომ მოხდებოდა ის პროვოკაცია, რაც მოხდა. მინდოდა მეთქვა, რომ არავის აჰყვეთ. დავინახე ეს სამი ადამიანი [პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე]. ვუთხარი, რომ დადექით აქ, რომ ვინმემ არ მოუწოდოს ძალადობაზე და რაღაც…
ვიფიქრე, რომ სასახლესთან გაგრძელდებოდა მიტინგი. ძალიან ბედნიერი იყო ყველა. რომ მივედით, ღობე ჩამონგრეული დაგვხვდა. ესკალაცია, შეტაკება იყო. ნათქვამი მქონდა, რომ ეროვნულ კრებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებდი. გადავძვერი და ვეუბნებოდი სპეცრაზმელებს, არ გაბედოთ ხალხზე ხელის აწევა-მეთქი და სხვათა შორის, ხელი იქ მართლა არავის აუწევია. გოჩა პატარიძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამოქანდა და ორი მეტრიდან პირში სპრეი შემასხა. როგორც კი მომასულიერეს, გადავძვერი მეორედ. ის ბატონი გოჩა კიდევ გამოძვრა და კიდევ მეორედ შემასხა. ცუდად გავხდი. ავედით რუსთაველზე. იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. სუნთქვა მიჭირდა, თვალები მქონდა დამწვარი. მოვიდნენ ჩემთან პირები და მითხრეს, ვიღაცები დარბიან და ეუბნებიან ხალხს, შეტაკებები მოვაწყოთო. ავიღე ხელში მიკროფონი და ვუთხარი ხალხს, არ აჰყვეთ არანაირ პროვოკაციას-მეთქი. ცუდად გავხდი. 200 მქონდა წნევა და მეტი, ჩამსვეს და წამიყვანეს.
თუ ჩემს განცხადებაში „მშვიდობიანი დამხობა“ ამოიცნეს ძალადობა, რა უშლიდათ ხელს, რომ დავეკავებინე. დავეკავებინე უფრო ადრე, რატომ მიიყვანეს საქმე „ძალადობამდე“? - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.