თამთა ჩაჩანიძე
02.04.2026

მმართველ გუნდში აშშ-სთან ურთოერთობებში ახალი ეტაპის დაწყებაზე საუბრობენ და აპრილში მნიშვნელოვან ახალ შეხვედრებს აანონსებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს ბოლო პერიოდში გამართულ შეხვედრები, განსაკუთრებით კი სატელეფონო საუბარს საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ ზარში ხელისუფლებისთვის „კარგი არაფერი ყოფილა".

ანალიტიკოსთა ნაწილი ბოლო პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, სავარაუდოდ, „ყინული დაიძრა". ამის გაგრძელება კი ისეთი ექნება, როგორსაც მხარეები მოინდომებენ ურთიერთშეთანხმებისა და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით.

ნაწილი კი ფიქრობს, რომ სანამ „ქართული ოცნება" საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის, მანამდე ურთიერთობების რეალური გადატვირთვა არ იქნება. მათი შეფასებით, ახლა „ოცნების" წარმომადგენლებმა უბრალოდ ხელჩასაჭიდი იპოვეს და გარკვეულ „ილუზიებს ქმნიან".

ზოგადად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ აშშ-სთან ურთიერთობის მოსალოდნელ გაუმჯობესებაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი ამ თემაზე გაკეთებულ ერთ-ერთ თავის ბოლო განცხადებაში პირდაპირ დაასახელა, თუ რას ელის საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური ვაშინგტონისგან - აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, რაც 2024 წლის ნოემბერში ამერიკული მხარის გადაწყვეტილებით შეჩერდა.

„ოცნების" ოპტიმიზმი

უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბრიდან გამომდინარე გაჩნდა „ფრთხილი იმედი".

„ეს ზარი არის ძალიან მნიშვნელვანი, როგორც თვითონ ფაქტი და საუბრის შინაარსიდან გამომდინარეც, რომელზეც თვითონ პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს, თუ ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი, რომ აშშ მორიგჯერ გაწვდილ ხელს ხელს ჩამოართმევს და ურთიერთობეები გაჯანსაღდება. სხვაგვარად პრინციპში ვერ იქნება, ეს დროის საკითხია. უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე", - განაცხადა წულუკიანმა „იმედთან".

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კი ამბობს, რომ კონკრეტული შეხვედრები აპრილის თვეში შედგება.

  • კახა კალაძე: „ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის."

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები დაიწყება ახალი ფურცლით. დაველოდოთ, სანამ კონკრეტიკა არ იქნება. იცით, რომ აპრილის თვე დასახელდა, როდესაც გაიმართება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ასევე, იქნება საინტერესო სიახლეები. დარწმუნებული ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი უყვარს, იამაყებს იმ ინფორმაციით, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ეს შეეხება ზოგადად ურთიერთობებს და სამომავლო პარტნიორობას და ზოგადად ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენ შორის. მეტი დეტალისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ყველაფერი ცხადი და ნათელი იქნება", - განაცხადა კალაძემ „რუსთავი 2"-თან.

რამ გააჩინა პოზიტიური მოლოდინი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპტიმიზმი იმ კონტაქტებს და საუბრებს ემყარება, რაც ბოლო პერიოდში იყო აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „რაკი შეხვედრები იგეგმება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტები გრძელდება და პროცესი უკვე დაძრულია."

„როგორც ჩანს, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ყინული დაიძრა. ბოლო პერიოდის კონტაქტები... ჯერ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჩამოვიდა, ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდა. მან აქედან მნიშვნალოვანი ინფორმაცია წაიღო, მოახსენა ვისაც საჭირო იყო, შემდეგ უკვე რუბიო-კობახიძის სატელეფონო საუბარი შედგა. მანამდე იყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში და ეს ვიზიტები ასე შემთხვევით არ ხდება - ხელისუფლებას, რომელსაც აშშ არალეგიტიმურად მიიჩნევს, მათ არ ეპატიჟებიან, შეხვედრებს არ უწყობენ და სატელეფონო საუბრებს და მოლაპარაკებებს არ მართავენ.

„ეს უბრალოდ პროცესის დასაწყისია, ახლა მთავარია თბილისი და ვაშინგტონი რა შეთანხმებებს მიაღწევენ, რამდენად მაღალ დონეზე იქნება ინტერესების თანხვედრა და რა ხარისხით მოხვდება მისი დაახლოება. ალბათ კონტაქტების შემდგომ ინტენსიფიკაციას უნდა ველოდოთ. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ პოზიციების შეჯერებას იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, თუნდაც გზამკვლევის მიხედვით, მაგრამ ეს ხელახლა უნდა დაიწეროს შეჯერებული ინტერესების საფუძველზე და არა ისე, რომ ერთი მხარის ინტერესები იყოს სრულად დაკმაყოფილებული და მეორე მხარის ნაკლებად", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა „რაღაც ხელჩასაჭიდი" ნახეს და ისეთივე ილუზიებს ქმნიან, როგორსაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვების დროს.

„მგონია, რომ დიდი არაფერი შეიცვლება, თუ „ოცნება" საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის, რომელიც თავისი სულისკვეთებით ანტიდასვლურია. არ გამოვცრიცხავ, რომ რაღაც შეხვედრები იყოს, მაგრამ იმის პირველი ნიშანი, რომ ეს ურთიერთობები შეიძლება უფრო შორს წავიდეს, „ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ცვლილებები იქნება, ჯერჯერობით ამ ცვლილებებს ვერ ვხედავ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „იმის პირველი ნიშანი, რომ ეს ურთიერთობები შეიძლება უფრო შორს წავიდეს, „ოცნების" მხრიდან პოლიტიკური ცვლილებები იქნება, ჯერჯერობით ამ ცვლილებებს ვერ ვხედავ."

„ვფიქრობ, „ოცნების" წარმომადგენლებმა რაღაც ხელჩასაჭიდი ნახეს, დანარჩენი უკვე არის პიარი თავიანთი მომხრეებისთვის, ან ისეთივე ილუზიების შექმნა, როცა იძახდნენ, რომ აი, ტრამპი რომ გაიმარჯვებს და ა.შ. პროპაგანდის მიმართულებაა და რეალური ცვლილებები არ იქნება, თუ „ოცნებამ" თავისი პოლიტიკა არ შეცვალა", - განაცხადა ძაბირაძემ.

დაანონსებული შეხვედრები

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ რადგან შეხვედრები იგეგმება, „პროცესი უკვე დაძრულია", მისი შედეგები კი მხარეების მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული.

„უცნობია რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს შეხვედრებს. ეტყობა კალაძეს ინფორმაცია აქვს და ვფიქრობ ამ ეტაპზე ზედმეტის თქმა საჭირო არცაა. უბრალოდ, რაკი შეხვედრები იგეგმება, ეს ნიშნავს, რომ კონტაქტები გრძელდება და პროცესი უკვე დაძრულია. ახლა უკვე მხარეებზე იქნება დამკიდებული რამდენად მოქნილები იქნებიან ერთმანეთთან მიმართებაში, რამდენად გაითვალიწინებენ ერთმანეთის წუხილებს, ინტერესებს, მოთხოვნებს, რომ ის ურთიერთობები, რომლებიც ხელახლა აეწყობა, ორმხრივად სასარგებლო იყოს და არა ცალმხრივად", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება მაღალი დონის შეხვედრები ვიხილოთ, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ჯერ აშშ-ს ირანში აქვს საქმეები მოსაგვარებელი და საქართველოსთვის შეიძლება არც ეცალოს, მაგრამ როგორც კი ირანში სიტუაცია მეტნაკლებად მოწესრიგდება და აშშ თავის მიზნებს მიაღწევს, ამის შემდეგ უნდა ველოდოთ საქართველოსთან კონტაქტების გაფართოებასაც".

ვახტანგ ძაბირაძე გვეუბება, რომ ტრამპთან შეხვედრა ფაქტიურად შეიუძლებელია.

„ტრამპთან შეხვედრა ფაქტიურად შეუძლებელი მგონია, რომ დავუშვათ ტრამპი კობახიძეს შეხვდეს, მაგრამ რუბიოს დონეზე შეიძლება. თუ ასეთი შეხვედრა იქნა, ეს იქნება ირანის თემასთან მიბმული და რეალური გადატვირთვა და ურთიერთობების დაწყება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც „ოცნების" საგარეო პოლიტიკა რეალურიად შეიცვლება, მინიმუმ რიტორიკის დონეზე მაინც.

„ხვალვე რომ გაიმართოს ეს შეხვედრა, რისი მომტანია? ტელეფონით ისაუბრეს და უფრო უსაფრთხოების თემებზე, შესაძლოა შტატებს რაღაც ლოჯისტიკური პრობლემები აქვს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით ამის იქით არ წავა. მეეჭვება სუფთა ფურცლიდან რაღაც ახალი დაიწყოს. „ოცნება" არც ამისთვისაა მზად და არც არანაირი სიმპტომები არაა. მეტიც, სასამართლო პროცესები მიდის და ხელისუფლება ისევ რეპრესიებზე და თავისუფალი აზრის დევნაზე ამყარებს იმედს. სანამ ეს იქნება, მეეჭვება რომ ურთიერთობაში სერიზული რამ მოხდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×