
ეს თანამდებობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს, - ეს განცხადება აჭარის უმაღლეს საბჭოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ გააკეთა. მან თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს ბატონ დავითს, მადლობა თითოეულ ჩემს კოლეგას გამოცხადებული ნდობისთვის. რა თქმა უნდა, ეს თანამდებობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს ხალხისა და სახელმწიფოს სამსახურს. ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ გაკეთებული არჩევანისთვის, რომელიც სასარგებლო იყო არა ჩვენი გუნდისთვის, არამედ სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად ფასი სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნული ფასეულობების, ოჯახის სიწმინდის.
აჭარის ტკივილიანი ისტორია და აჭარა არის სიმბოლო საქართველოს მარადიულობის. სწორედ ამ აღქმით, ასეთი საქმით, ჩვენ გასულ წელს ნდობა გამოვუცხადეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, პატრიოტ კაცს. მისი პატრიოტიზმი მხოლოდ 2008 წლის ომის მობილიზაციის დროს არ გამოჩენილა, ეს ჩანს ყოველდღიურობაში და ეს პატრიოტიზმი, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი გვაძლევს შესაძლებლობას ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ გონიერ, განათლებულ პრემიერ - მინისტრთან ერთად“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.