რეზონანსი
02.04.2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით მისი გუნდის ინიციატივას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა, რითაც საქართველოს მოქალაქეები სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობისთვის გაწირა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავარი არგუმენტი იყო, რომ კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, რის გამოც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად ამზადებს მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ ჩვენი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 1050 ლარზე მეტი. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იაფი მუშა ხელი საქართველოში და არავის მიეცემა უფლება, ექსპლუატაცია გაუწიოს ადამიანებს, ამუშაოს შეუსაბამოდ დაბალ ანაზღაურებაზე, იმის გამო, რომ მათ უბრალოდ სხვა გამოსავალი და ალტერნატივა არ აქვთ და იძულებული ხდებიან, დათანხმდნენ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობას.

სამწუხაროდ, გუშინ „ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ჩვენს ამ ინიციატივას და მეტიც, სასესიო დარბაზში ამ თემის განხილვას გაღიზიანება და წამოძახილება მოჰყვა. ამით „ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეები გაწირა სიღარიბისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით „ოცნების“ მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს წარდგენილი კანონპროექტი არ იყო საკმარისად შესწავლილი, არგუმენტირებული და განხილული. აქედან გამომდინარე, უკვე დღეს, ჩვენი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად ვამზადებთ მინიმალური ხელფასის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივას და მოვუწოდებთ „ოცნებას“, მხარი დაუჭირონ ამ კომისიის შექმნას.

„ოცნება“ რადგან ამბობს, ჩვენს კანონპროექტს თურმე საკმარისი არგუმენტაცია აკლდა და განხილვები არ ყოფილა, კომისიის შექმნა მოგვცემს საშუალებას, ერთად განვიხილოთ და დავადგინოთ, რამდენი უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს მინიმალური ხელფასი საქართველოში დღევანდელი მაღალი ფასების, ინფლაციისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„ოცნება“ ამ კომისიის შექმნასაც თუ არ დაუჭერს მხარს, დადასტურდება, რომ „ოცნება“ უბრალოდ იტყუება საკუთარ არგუმენტაციებში, რომ მათ რეალურად არ აინტერესებთ საქართველოს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, გაზრდილი ეკონომიკა მხოლოდ საკუთარი ჯიბეებისთვის და გამდიდრებისთვის უნდათ, ხელფასებისა და პენსიების ზრდის პოლიტიკური ნება კი მათ არ გააჩნიათ.

ჩვენი პოლიტიკური ძალა – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ არ შევწყვეტთ ბრძოლას ჩვენი მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის, მათთვის ღირსეული ხელფასის, ღირსეული პენსიის უზრუნველყოფისთვის. „ოცნების“ უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, როგორც ოპოზიციური პარტია, 2028 წელს, „ოცნების“ დამარცხების და მათი ოპოზიციაში გადაყვანის შემდეგ, ჩვენ მიერ კანონით დაწესდება სახელფასო ზღვარი, რაც მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას და საკუთარი შრომით ღირსეული ანაზღაურების გამომუშავების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×