ნატალია ჯვარიძე
02.04.2026

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, პრორუსი პოლიტიკოსი იგორ დოდონი და მისი თანამოაზრე პარლამენტარები „ქართული ოცნების" მოწვევით საქართველოში იმყოფებიან. ერთი დღით ადრე კი, ისინი მოსკოვში იყვნენ. ოფიციალურად ეს არის მოლდოვის პარლამენტში არსებული მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრების სამუშაო ვიზიტი საქართველოში, თუმცა, ამავე ჯგუფში შემავალი მოლდოვის მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატები დელეგაციაში არ არიან.

თავად დოდონმა საქართველოში ვიზიტის შესახებ „ფეისუქზე" დაწერა:

„როგორც მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრი, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფები თბილისში, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში. ვიზიტი ტარდება ქართული მხარის მოწვევით. დელეგაციას ხელმძღვანელობს მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, PSRM-ის დეპუტატი ბოგდატ ცირდეა. მის შემადგენლობაში ასევე შედიან ჯგუფის წევრები: ფრაქციის „დემოკრატია სახლში" თავმჯდომარე ვასილ კოსტიუკი, PSRM-ის დეპუტატი პეტრუ ბურდუჯა და საპარლამენტო ფრაქცია „ალტერნატივის" ვიცე-თავმჯდომარე ოლგა ურსუ.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პირველი სხდომის ჩატარება, რაც ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის გაძლიერებას აღნიშნავს. ასევე, დელეგაციის დღის წესრიგი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აგრეთვე ყველა საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლებთან", - წერს დოდონი.

მისი თქმით, ვიზიტის მიზანია მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ურთიერთობების განვითარება, ასევე საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენა, მათ შორის საპარლამენტო მიმართულებით.

ამასთან, ორგანიზაცია „ვოჩდოგის" თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ გამოაქვეყნა მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის პროგრამა. საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტი 1-დან 5 აპრილამდე იმართება და დაგეგმილია პარლამენტის ტური და შეხვედრა ისკო დასენთან, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

პროგრამის მიხედვით, მოლდოვის დელეგაციაში შედიან „სოციალისტური პარტიის" წევრები: ბოგდატ ცირდეა, იგორ დოდონი, პეტრუ ბურდუჯა, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლგა ურსუ („ალტერნატივა"), ვასილე კოსტიუკი („დემოკრატია სახლშის") და ასისტენტი ჟურნალისტი ელენა დუკა.

პრეზიდენტ მაია სანდუს მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც ასევე შედიან საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, ვიზიტის პროგრამაში არ ჩანს.

„სირცხვილი და სრული იმედგაცრუებაა ის, რად იქცა საქართველო რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის პირობებში! მოლდოვასთან ურთიერთობების იმიტაციის მიზნით, მათ მოლდოვის პარლამენტიდან რუსული კონსერვატორების დელეგაცია მოიწვიეს. მას ხელმძღვანელობს მოლდოვაში კრემლის ალბათ ყველაზე ტოქსიკური პროპაგანდისტი ბოგდატ ცირდეა", - წერს ვალერიუ პაშა.

იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის" არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოხატავდა.

  • ნიკა ჩიტაძე: „ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეები აკლია და ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტები დაამყაროს."

მოლდოვის მე-5 პრეზიდენტი 2022 წლის 24 მაისს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 26 მაისიდან შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 19 ნოემბერს შინაპატიმრობიდანაც გაათავისუფლეს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე ვინმესთან გამონახოს საერთო ენა.

„დოდონი პუტინს ხშირად სტუმრობდა ხოლმე. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე მოკავშირეები აკლია და ცდილობს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტები დაამყაროს. დოდონისა და მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. თავის მხრივ, დოდონი რუსეთს აწონებს თავს, რომ „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობს და პირიქით, „ოცნებაც" ამავეს ცდილობს.

„შესაძლოა გზავნილები გაკეთდეს - როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა პროდასავლური ძალების წინააღმდეგ, ისინი როგორ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და „ოცნებამ" როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგალითად, რა კონკრეტული პიარკამპანიები გამოიყენონ და ა.შ.", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

  • ედიშერ გვენეტაძე: „ჩვეულებრივი ამბავია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. მითუმეტეს, რომ მოლდოვის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას" წამდაუწუმ როგორც უნდათ, ისე ლანძღავენ."

ანალიტიკოსს ედიშერ გვენეტაძეს კი ასეთი ვიზიტი არ უკვირს:

„ჩვეულებრივი ამბავია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. მითუმეტეს, რომ მოლდოვის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას" წამდაუწუმ როგორც უნდათ, ისე ლანძღავენ. საერთოდ არ მიკვირს ეს ვიზიტი.

„ზოგს „პროდასავლურს" არქმევენ და ზოგს „პრორუსულს". მაგალითად, საქართველოში ლაპარაკობენ, ელენე ხოშტარუია პროდასავლელი ოპოზიციონერიაო მაშინ, როცა მისი ოჯახი რუსულ რუბლებს იღებს. ამიტომ ყველაფერი პიარია", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×