რეზონანსი
02.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი დასასრულს უახლოვდება. „დღეს, სიამოვნებით ვაცხადებ, რომ ეს ძირითადი სტრატეგიული მიზნები დასასრულს უახლოვდება“, - განაცხადა ტრამპმა მიმართვაში.

მისი თქმით, აშშ-ის ქმედებები ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას ართმევს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. მათი საზღვაო ფლოტი განადგურებულია, მათი საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი რაკეტები თითქმის ამოწურული ან განადგურებულია. ერთად აღებული, ეს ქმედებები დააზიანებს ირანის სამხედრო ძალებს, გაანადგურებს მათ უნარს, მხარი დაუჭირონ ტერორისტულ პროქსი ძალებს და ართმევს მათ ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ მზადაა მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო რეაგირება გააძლიეროს.

„ვაპირებთ, მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყათ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში. ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიზანი ირანის რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, მაგრამ ეს მოხდა იმის გამო, რომ ყველა, ვინც ირანს მანამდე ხელმძღვანელობდა დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„რეჟიმის შეცვლა ჩვენი მიზანი არ იყო. არასდროს გვითქვამს რეჟიმის შეცვლა, მაგრამ რეჟიმის შეცვლა მოხდა მათი ყველა თავდაპირველი ლიდერის დაღუპვის გამო. ყველანი დაიღუპნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლები აშშ-ის მოკავშირეები იქნებიან და მოუწოდა მათ, მოიკრიბონ გამბედაობა და უხელმძღვანელონ ოპერაციას კრიტიკულად მნიშვნელოვან სრუტეზე კონტროლის აღსადგენად.

„მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში ჩართვაზე : მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით ის, გამოიყენეთ თქვენთვის. რთული ნაწილი დასრულებულია, ამიტომ ეს ადვილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტის მიმართვა, თითქმის, 20 წუთს გაგრძელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×