ვინც ვადის მიწურულს შეავსო დეკლარაციები, მათი საბუთების დამუშავება ვერ მოესწრო, რის გამოც საწარმოები ახლა უკვე პარალიზებულნი არიან
ქეთო გოგოხია
01.04.2026

,,მეწარმეთა შესახებ"  კანონის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა კომპანიების უმეტესობამ ვერ მოახერხა ან ბოლო დღეების ფაქტორის გამო, დააგვიანა. ეს ნიშნავს, რომ ისინი ბიზნესსაქმიანობაში სრულად პარალიზებულები არიან. შეზღუდვები შეეხო მათაც, რომლებმაც ვადის მიწურულს შეავსეს დეკლარაციები, თუმცა მათი საბუთების დამუშავება ვერ მოესწრო, რის გამოც მოცემულ მომენტში  საქმიანობას ვერ ახერხებენ. კომპანიებს შეეზღუდათ წვდომა rs.ge-ზე და საბანკო მომსახურებაზეც. იურისტების ინფორმაციით, შეზღუდვა კომპანიების ამ ნაწილს უახლოეს დღეებშივე მოეხსნება, როგორც კი მათი მონაცემები დამუშავდება. თუკი ხარვეზი აღმოჩნდება, მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ. 

ცნობილია, რომ საქართველოში 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებულ კერძო კომპანიებს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ვადა 2026 წლის 31 მარტამდე ჰქონდათ. შესაბამისად,  1-ლი აპრილიდან მათი რეგისტრაცია შეჩერდა,  თუმცა 15 აპრილამდე,  ჯერ კიდევ  შეუძლიათ ახალ კანონთან მოვიდნენ შესაბამისობაში, რის შემდეგაც შეზღუდვა მოეხსნებათ, მაგრამ ამასაც თუ ვერ მოახერხებენ,  უკვე კომპანიების ლიკვიდაცია დაიწყება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს არის იძულებითი ლიკვიდაცია, რომელიც ქართული რეალობაში პირველად ხდება, თუმცა ვინ განახორციელებს ამას და რა მექანიზმი იმუშავებს, კანონში გაწერილი არ არის და ამ საკითხთან დაკავშირებული არაერთი კითხვა ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. 

კონკრეტულად რა ვალდებულებები ჰქონდათ კომპანიებს, რატომ არ აღმოჩნდნენ ისინი მზად და რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული კანონთან დაკავშირებით, ,,რეზონანსთან" აუდიტორმა  გიორგი ცერცვაძემ ისაუბრა.

,,ცვლილების აუცილებლობა განაპირობა ,,მეწარმეთა შესახებ" ახალმა კანონმა, რომელიც 2022 წლიდან შევიდა ძალაში. კომპანიებს მოეთხოვათ მონაცემების განახლება კონკრეტულ ვადაში, თუმცა შემდეგ ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. საბოლოო ჯამში, აღარ განაახლეს ვადა, რაც ალბათ კომპანიებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ვადის გადაწევისთანავე, rs.ge-ს ფუნქციების სარგებლობის შეჩერება კომპანიებისთვის, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება იყო. 

კანონში უშუალოდ ამაზე არაფერი ეწერა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გამომდინარეობდა ირიბად, მინიმუმ, 15 აპრილამდე არ უნდა შეწყვეტილიყო. ეს თარიღია, როცა კომპანიებს აქვთ მარტის დეკლარაციების ჩაბარების ვალდებულება. ამასთან 1-ელ აპრილს ჯერ კიდევ იყო  წინა წლის ქონების დეკლარაციების წარდგენის ვადა, რეგისტრაციის მონაცემების განახლებას ვინც ვერ მოასწრებს, უკვე მარტის დეკლარაციოების წარუდგენლობაზე დაჯარიმდებიან. ძნელად სავარაუდოა, რომ  ის კატეგორია, ვისაც იძულებითი ცვლილება მოუხდა მარტის განმავლობაში (დავუშვათ, დამფუძნებლის გარდაცვალების გამო ან  სხვა მიზეზით), რამდენად მოასწრებს ამ 15 დღეში ამის გაკეთებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მარტის დეკლარაციის წარდგენა მათ არ უნდა ეზღუდებოდეთ. კიდევ ვიმეორებ, მარტის  დეკლარაციებისა და 2025 წლის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა უნდა გაეხანგრძლივებინათ, არავითარ შემთხვევაში ამის გამო პრობლემა არ უნდა შექმნოდათ კომპანიებს", - აღნიშნა გიორგი ცერცვაძემ.

საკითხი, რაზეც იურისტები ყურადღებას ამახვილებენ, ლიკვიდაციის პროცესს უკავშირდება.  შპს ,,ადვოკატთა და აუდიტორთა კორპორაციის" იურისტის  გიორგი  ბოჭორიშვილის განცხადებით, ლიკვიდაციის მექანიზმი ახლა ძნელად წარმოსადგენია, რადგან  უცნობია ასევე, ვინ იქნება ლიკვიტატორი - ის დირექტორი, ვისაც უკვე შეჩერებული აქვს უფლებამოსილება თუ საგადასახადო ორგანოები, რომლებსაც შესაბამისი რესურსი რეალურად ვერ ექნებათ, კომპანიების რაოდენობიდან გამომდინარე. ბოჭორიშვილი დარწმუნებულია, რომ ახალ კანონთან შესაბამისობა მეწარმეების ნახევარზე მეტს გავლილი არ აქვს. 

,,საუბარი არ არის ჯარიმაზე, კომპანიებს ოპერაციები შუჩერდათ, ეს ნიშნავს, რომ ფული შეუვათ ანგარიშზე და ვერ განკარგავენ. რაიმე სპეციალური ჯარიმა, რომელიც ბიუჯეტშია გადასახდელი, კანონი არ ითვალისწინებს. კანონის ამოქმედება მესამეჯერ გადაიდო და წესით, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მთელი 3  წელი ჰქონდათ მეწარმეებს. ახალ წლამდე იყო ვადა და აპრილამდე გაუხანგრძლივეს. თუმცა ვინც 30-31 მარტში შეიტანა,  პრობლემა არ შეექმნება, მომდევნო დღეში დასრულდება განხილვა და თუ რამე ხარვეზი დაუდგინდათ, შეასწორებენ. 

თუმცა რა ნაბიჯიც გადაიდგა, დადებითად ამას ნამდვილად ვერ შევაფასებ, ჩემი აზრით, ვადა კიდევ უნდა გაეხანგრძლივებინათ. დარწმუნებული ვარ, ახალ კანონთან შესაბამისობა მეწარმეების ნახევარზე მეტს გავლილი არ აქვს. შესაძლოა, ამ კომპანიების ლიკვიდაცია დაიწყოს. პრაქტიკაში როგორ განახორციელებენ ამას, კანონმდებლობას გაწერილი არ აქვს. იდეაა, რომ ვინც არ მოერგება ახალ კანონს, რეესტრიდან ამოშალონ, მაგრამ ლიკვიდაციის მექანიზმი ძნელად წარმოსადგენია. უცნობია ვინ იქნება ლიკვიდატორი, ის დირექტორი, ვისაც უკვე შეჩერებული აქვს უფლებამოსილება თუ ვინმე სხვა. საგადასახადო ორგანოებს სად ექნებათ იმის რესურსი, რომ ლიკვიდირებული კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების შემოწმება დაიწყონ. 

აქამდე კომპანია თვითონ გადაწყვეტდა და უქმდებოდა, მაგრამ ახლა ეს უკვე იძულებითი ლიკვიდაციაა სახელმწიფოს მიერ. არ უნდა გაუქმება, მაგრამ რადგან არ ერგება ახალ კანონს, მაშინ სახელმწიფო აუქმებს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა", - განაცხადა გიორგი ბოჭორიშვილმა. 

იურისტის თქმით, კომპანიების მხრიდან პასიურობა განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ ახალ კანონთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია იყო. აქედან გამომდინარე, ხისტი ნაბიჯი გადაიდგა.

,,მიზანია, ახალი ვალდებულებები დაუდგინდეთ კომპანიებს, რომლებიც არ მოდიან ახალ კანონთან შესაბამისობაში. ისინი მკვდარი კომპანიები არიან და აღარ ფუნქციონირებენ. გარდა ამისა, ახალმა კანონმა დაადგინა ახალი ვალდებულებები, პარტნიორტთაშორისი ურთიერთობები და რეგულაციები, მათ შორის სრულიად ახალი კანონი იქნა მიღებული მეწარმეთა შესახებ, აბსოლუტურად ახლებური რეგულაციაა. მართალია, კომპანიები დარჩნენ იმ სახით, როგორც არიან  (შპს, სააქციო და სხვა), მაგრამ კორპორაციული მართვა, შიდა ურთიერთობები აბსოლუტურად სხვადასხვანაირია, ანუ  ძველი წესდებები ახალ კანონს არანაირად აღარ შეესაბამება. ამასთან, კომპანიის საწესდებო კაპიტალი ძველი კანონმდებლობით არ რეგისტრირდებოდა საერთოდ, დღეს კი რეგისტრირდება. 

ვფიქრობ, მეტი საჯარო ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. ყველა მეწარმეს არ ჰყავს იურისტი. როცა ხედავდნენ, რომ მეწარმეების უმრავლესობას არ ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი, ასე ხისტად და უხეშად არ უნდა ემოქმედათ", - აღნიშნა იურისტმა "რეზონანსთან" საუბრისას.

ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისობის პროცესი რთულია და დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.  როგორ აპირებს სისტემა ამ საკითხით მოგვარებას და სირთულეების დაძლევას, ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ,,რეზონანსი" საჯარო რეესტრის ადმინისტრაციას ვერ დაუკავშირდა, შესაბამისად, კითხვების ნაწილი პასუხგაუცემელი დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×