
1-ლი აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის - 5 თეთრით, ხოლო კომერციული ობიექტებისთვის 4-6 თეთრით გაიზარდა. ამიტომ ლოგიკურია და არავისთვის უსიამოვნო სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ ბიზნესი მოსალოდნელ და გარდაუვალ გაძვირებაზე ალაპარაკდა. მწარმოებლები ერთ-ორ თვეს დაიცდიან, ნახავენ, როგორ აისახება გაზრდილი საფასური მათ წარმოებაზე და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
მეწარმეების პოზიცია ცოტათი განსხვავებულია, თუმცა ყველა ადასტურებს, რომ ახალი ტარიფი წარმოებას ტვირთად დააწვება. პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორი, ალექსანდრე რატიშვილის ინფორმაციით, მათ წარმოებაში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ელექტროენერგიას, მაგრამ ძირითადად მაინც ბუნებრივ აირზე არიან დამოკიდებულნი. კომპანიებმა უნდა გადათვალონ, რამდენით გაეზრდებათ დენის გაძვირების შედეგად ხარჯი და ინდივიდუალურად გადაწყვიტონ, მოუწევთ თუ არა პროდუქციის გაძვირება.
„ჩვენ გვაქს პურ-ფუნთუშეულის საცხობი. როდესაც პროდუქციას ვაწარმოებთ, ძირითადი ენერგომომხმარებლები ჩვენი ღუმელებია და ისინი უმეტესად გაზზეა. ამიტომ, როგორ აისახება დენის გაძვირება და რა ზემოქმედებას მოახდენს, ზოგადად, ჩვენს კალკულაციებზე, ამას დრო დასჭირდება. ერთი-ორი თვე შევხედავთ, დავიცდით, დავითვლით და თუ სხვა გზა არ იქნება, რა თქმა უნდა, ზარალზე ვერც ერთი კომპანია ვერ წავა. მერე მოგვიწევს გარკვეული კორექტირება ფასის გაზრდის თვალსაზრისით.
კომპანიებისთვის დენის ტარიფმა 4-დან 6 თეთრამდე მოიმატა. ვიღაცისთვის, ვინც მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული და ძალიან სერიოზული მოხმარება აქვს დენის, ეს 4 თეთრი თვიურ ჭრილში შეიძლება ძალიან დიდი თანხა იყოს. ვისთვისაც ძირითადი ენერგორესურსი გაზია, შეიძლება მათზე ასე მკაფიოდ არ აისახოს. ასახვა ყველა შემთხვევაში იქნება, მაგრამ ვისზე როგორ აისახება, ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ამა თუ იმ წარმოების სპეციფიკაზე“, - განაცხადა რატიშვილმა.
აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, კვერცხის გაძვირებას აპირებენ მეფრინველეებიც. საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ძვირდება თვითღირებულებაში შემავალი კომპონენტები - საწვავი და ელექტროენერგია, რაც საბოლოო ფასზეც აისახება.
„ტარიფების ზრდა, რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენზეც. ელექტროენერგიას საკმაოდ მოვიხმართ. მოგეხსენებათ, ქათამს სჭირდება საკვები, რომელის მომზადებაც ადგილზე ხდება. ძირითადად, ეს მოიცავს ხორბლის, სიმინდისა და მარცვლეულის დაფქვას. ჩვენი მხრიდან ელექტროენერგიის გამოყენება საკმაოდ ინტენსიურია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფასში ისახება. ჯერ ზუსტად არ დაგვითვლია. მხოლოდ ელექტროენერგიის ფაქტორი არ მუშაობს, ხედავთ საწვავიც როგორ გაძვირდა. ერთიანად მოხდება ამ ხარჯების დაანგარიშება. პირობა გვაქვს მიცემული, რომ ფასს აღდგომის ჩათვლით არ გავზრდით. ჩვეულებრივ, როგორც იყო დაგეგმილი, აქციებიც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხზე სწორედ აღდგომის შემდეგ ვიმსჯელებთ.
ჩვენთვის საწვავიც მნიშვნელოვანია, რადგან დისტრიბუციას თავად წარმოება აეთებს. ვნახოთ, შევხედოთ მოცემულობას. თუმცა, გაძვირება ნამდვილად მოსალოდნელია. ხედავთ, რამდენით მოიმატა საწვავისა და დისტრიბუციის ხარჯებმა. საკმაოდ დიდია ელექტროენერგიის გაძვირებაც. ამასთან, ძალიან გაჭირდა და გაძვირდა კიდეც ქვეყანაში სიმინდის შემოტანა. ისე მიდის საქმე, რომ თვითღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტი ძვირდება“, - აღნიშნა "ბიზნესპრესნიუსთან" უჩუმბეგაშვილმა.
ამ ეტაპზე, მომსახურების გაძვირებას არ გეგმავს რესტორატორთა ასოციაცია. ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ გარკვეული დრო სჭირდება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი სარესტორნო ბიზნესზე.
„ზოგადად, ერთეული პროდუქტის გაძვირება, ასე მარტივად ჩვენს სფეროზე ზეგავლენას ვერ ახდენს. თუმცა, როდესაც ძვირდება ელექტროენერგია, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას იწვევს, რომლებსაც სარესტორნო ბიზნესი მოიხმარს, ცხადია, ეს ჩვენზეც აისახება. ეს ნიშნავს, რომ თუ ელექტროენერგიის შემდეგ, გაძვირდება დისტრიბუცია, რასაც სხვადასხვა საქონლის გაძვირება მოჰყვება, მხოლოდ ამის შემდეგ გადავხედავთ სარესტორნო მენიუების ტარიფებს. სხვა შემთხვევაში, დენის 4-6 თეთრით გაძვირება სარესტორნო მენიუზე არ აისახება.
მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც ბენზინი ძვირდება, ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს დისტრიბუციაზე, რაც გარკვეულწილად, იწვევს გაძვირებას. შესაბამისად, გარკვეული დრო და დაკვირვება გვჭირდება, რამდენად გამოიწვევს დენის ახლანდელი გაძვირება სხვადასხვა პროდუქტების გაძვირებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგამთ ნაბიჯებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ შოთა ბურჯანაძემ.
იგივე პოზიცია აქვს შპს „გეფერინის“ ხელმძღვანელს, ილია გეფერიძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო გაუსაძლისი და შეუძლებელი ხდება ბიზნესის წარმოება. ფეხსაცმლის, ტყავის ჩანთებისა და საფულეების ქართველი მწარმოებელი ამბობს, რომ ნედლეული ძვირდება, ხოლო მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა მცირდება.
„ფაქტობრივად, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა არ არის და ეს არაფერს კარგს არ მოგვიტანს. მესმის, რომ სხვა გზა არ არის და ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ ეკონომიკის კუთხით, რაღაც აუცილებლად მოსაფიქრებელია. ვისაც ეს საკითხი ეხება, უნდა მოიფიქროს ისეთი რამ, რაც მოუტანს ქვეყანას სარგებელს და აამუშავებს წარმოებას, ეკონომიკას. გადახედეთ, ბიზნესები იყიდება, ცუდი სიტუაციაა.
რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის გაძვირებას, ჯერ მოვიდეს ელექტროენერგიის გადასახადი და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმოქმედებთ. რეალურად, მინიმუმ, ერთი თვე უნდა დაველოდო, რათა ვნახო, რამდენით გაგვიძვირდება წარმოება და შემდეგ გადავხედავთ ფასებს. ზოგადად, ყველაფერი ძვირია ჩვენთან, ყველა ხარჯი მაღალი გვაქვს, მათ შორის, თანამშრომელთა ეფექტურობის, იჯარის, კომუნალური, თუ სხვა სახის გადასახადები - საერთოდ კატასტროფაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ილია გეფერიძემ.