ნატალია ჯვარიძე
01.04.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება დღესვე უნდა მიიღოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „საქმე ორ თვეში არ არის. ზელენსკიმ დღესვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა გასვლის შესახებ", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილება აქამდეც უნდა მიეღო. „ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო - პასუხისმგებლობა აეღო და ეს რთული გადაწყვეტილება მიეღო", - აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, რუსეთს, უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებში არსებული პაუზის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული.

„პაუზა გამოწვეულია იმით, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები ამჟამად სხვა საკითხებით არიან დაკავებულები, ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებით და გასაგები მიზეზების გამო, მათ ახლა არ შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ უკრაინის საკითხებზე სამმხრივ მოლაპარაკებებში", - აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ ორი თვის განმავლობაში დონბასიდან ჯარები გაიყვანოს.

„მათ [ამერიკულ მხარეს] უთხრეს, რომ ორ თვეში ისინი ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, დონბასს დაიკავებენ. ამიტომ, უკრაინას ორი თვე აქვს გასასვლელად და შემდეგ ომი დასრულდება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ რუსეთმა უკრაინის დაშანტაჟება დაიწყო, რომ იქნებ, კიევი დათმობაზე წავიდეს.

„რუსეთი ცდილობს მსოფლიოში არსებული ვითარებით ისარგებლოს მაშინ, როცა ამერიკა ირანის წინააღმდეგ ომშია ჩართული. გარდა ამისა, ამერიკა ანტიატლანტიკურ განცხადებებს აკეთებს, რომ აშშ-ს პოლიტიკა ნატოსთან დაკავშირებით უნდა გადაიხედოს.

აქედან გამომდინარე, ეს მდგომარეობა მოსკოვისთვის ხელსაყრელია. დონაბისადან ჯარების გაყვანა ძალიან თავხედური განცხადებაა, რადგან, უკრაინა ვალდებული არაა საკუთარი ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს. როგორც მოგეხსნებათ, თავიდან იძახდნენ, კიევს სამ დღეში ავიღებთო, მაგრამ ეს არ გამოივიდათ. ახლა უნდათ დონაბსზე როგორმე კონტროლი დაამყარონ და თქვან, რუსეთის მიზანი შესრულებულიაო, რადგან დღეს, პუტინის ავტორიტეტი დაცემულია.

კიევს კი არა, მეხუთე წელია ომი მიმდინარეობს და დონბასსაც ვერ იღებს. ამიტომ მიდის უკრაინის დაშანტაჟების მცდელობა, რომ იქნებ ამ დაშინებით კიევმა ჯარები გაიყვანოს, თორე ხომ ხედავთ, ამერიკა აღარ გეხმარებათო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×