
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება. მისი თქმით, შესაძლებელია, ომი უფრო ადრეც დასრულდეს, თუ შეთანხმებას მიაღწევენ.
„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ.
„შესაძლებელია, რომ შეთანხმება მივიღოთ, რადგან მათ სურთ შეთანხმების დადება. მათ უფრო მეტად სურთ შეთანხმების დადება, ვიდრე მე. თუმცა, საკმაოდ მოკლე დროში ჩვენ დავასრულებთ. ახლა გვყავს ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ძალიან - ძალიან განსხვავებულები არიან. ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან", - განაცხადა ტრამპმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა სხვა ქვეყნების პრობლემა უნდა იყოს და რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის უსაფრთხოება მათზე იქნება დამოკიდებული.
„თუ საფრანგეთს ან სხვა ქვეყანას ნავთობის ან გაზის მოპოვება სურს, წავლენ და თავად შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას. იმასთან დაკავშირებით, რაც სრუტეში მოხდება, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიქნებით", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება ტრამპს მძიმე შედეგებამდე მიიყვანს.
„ეს განცხადება ძალიან ბევრ შეკითხვას იწვევს, განსაკუთრებით ამერიკასა და მის მოკავშირეთა პოლიტიკურ წრეებში. შეკითხვის მთავარი არსია - რა რეალურ შედეგს მიაღწევს ამერიკა ირანში, როცა ტრამპის მხრიდან საუბარია რეჟიმის ცვლილებასა და ბირთვული საფრთხეების განეიტრალებაზე?
ჩემი აზრით, თეთრი სახლის მხრიდან სხვა მიმართულებით არის აქცენტები გაკეთებული. ერთია, რომ საკუთარი სამხედრო პოტენციალის სწორი შეფასებით, ისინი აანალიზებენ, ვერანაირი სახმელეთო, საკუნძულო ოპერაცია ვერ განხორციელდება და მეორე, გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ამერიკელების დიდ დანაკარგს, ასევე კიდევ უფრო ეკონომიკურ კატასტროფებს. როცა ყველა ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთზეა მიბმული.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ნოემბერში საკანონმდებლო ორგანოში შუალედური არჩევნებია ამერიკაში და როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, ისინი მმართველ პარტიას ხმას ნამდვილად არ მისცემენ.
თუკი ტრამპს ირანთან დაკავშირებით ჩანაფიქრი არ გამოუვა, არ გამოვრიცხოთ, რომ გარკვეული აქტივობა კუბის მიმართულებით მოხდეს - ე.წ. რეჟიმის ცვლილებების ოპერაციაა, რისი გაკეთებაც იქ მათთვის ბევრად მარტივია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".