
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 573 პირიდან 302 მიუთითებს არასათანადო და დამამცირებელ მოპყრობაზე, ხოლო 194-ს დაზიანებები აღენიშნებოდა. დოკუმენტი პარალელურად ასახავს ქვეყნის სისტემურ გამოწვევებსაც - სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები და კვლავ მაღალი ფემიციდის მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს.
სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატთან საუბრისას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან „გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებდა".
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია აქციებზე დაკავებულ ადამიანებზე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „დღეის მდგომარეობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონახულებული ჰყავთ აქციებზე დაკავებული ჯამში, 573 პირი, რომელთაგან სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა 302 დაკავებული, დაზიანებები აღენიშნებოდა 194 პირს. მონახულებულ დაკავებულთაგან 49 ქალი და 2 არასრულწლოვანი იყო."
დოკუმენტში ხაზგასასმულია, რომ არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაკავებულები საუბრობდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მიმართვის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხელბორკილის ზედმეტად მოჭერის,
რამდენიმე საათის განმავლობაში, ზურგს უკან ხელბორკილდადებული ყოფნის ფაქტებზე. დაკავებულები იხსენებდნენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უხეში, არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებსაც. გარდა ფიზიკური შეურაცხყოფისა, არაერთი დაკავებული მიუთითებდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობაზე."
აპარატში წარმოდგენილი ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 10 დაკავებულის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო გამოძიება არ დაწყებულა 7 დაკავებულის შემთხვევაში", - ნათქვამია ანგარიშში.
სოციალურად დაუცველთა ოჯახები
2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.
ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. ამასთან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სიღარიბე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი გამოწვევაა.
- სახალხო დამცველის ანგარიში: „2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა"
„სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.
2025 წელს სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1 307 607 პირს. აქედან საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა 463 122 მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ბავშვთა სიღარიბეს, 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. საგულისხმოა, რომ მაღალია ხანდაზმულ პირთა სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი. ამის გამო, ქვეყანაში ხანდაზმულები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან",- ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია საპროტესტო აქციებზე და ასევე, კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ომბუდსმენი ამახვილებს ყურადღებას არის გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობები.
„გენდერული თანასწორობის ჭრილში საგულისხმოა, რომ, სამწუხაროდ, ქალთა გენდერულად მოტივირებული მკვლელობების - ფემიციდის პრევენცია და ამგვარ საქმეებზე მართლმსაჯულების და სამართალდაცვითი ფუნქციების ეფექტიანი აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. 2025 წელს გამოვლენილი 12 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 10 ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი, ხოლო მკვლელობის მცდელობის 21 ფაქტიდან 9 ოჯახის წევრმა ჩაიდინა. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 5 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში. სამწუხაროდ, 2025 წელსაც ვლინდება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს წინასწარი ინფორმაციის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა",- ნათქვამია ანგარიშში.