
„ოპოზიციური ალიანსი" ამერიკულ ვოიაჟს აანონსებს, აღნიშნავენ, რომ ვიზიტის მიზანი აშშ-ს ადმინისტრაციისთვის იმ გეგმის წარდგენაა, რითაც ხელსისუფლების შეცვლას შეძლებენ, მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციონერები მხარდაჭერას ქვეყნის გართ ეძებენ. მაშინ როცა, ქვეყანაში ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
სავარაუდოდ, ვიზიტი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში შედგება. ფედერალისტების დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, აშშ-ში გამგზავრებამდე „ოპოზიციის ალიანსის" წევრები ევროპაშიც ჩავლენ.
„იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე ალიანსის წევრებს ევროპაში გვექნება ვიზიტი ალიანსის სახელით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით - წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში", -ნაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თუმცა, მეორეს მხრივ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ოპოზიციური ალიანსის" წევრები აშშ-ში პარტიები მხარდაჭერას გარეთ ეძებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი იღებს და არა რომელიმე უცხო სახელისა და გვარის მქონე პირი.
რა შანსები აქვს ოპოზიციას ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ შანსები მართლაც არის , მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ოპოზიციას კონგრესში მხარდამჭერებიც ჰყავს.
- ნიკა ჩიტაძე: „ეს ნიშანი იქნება აშშ-თვის, რომ პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა და შეუძლიათ ერთიანი ფრონტით იბრძოლონ"
„ვფიქრობ, აქვს შანსები ოპოზიციას რომ გაიმართოს კონსტრუქციული დიალოგი, პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაციასთან, კონგრესში, მითუმეტეს, რომ ოპოზიციას ჰყავს მხარდამჭერები, მაგალითად, ვილსონი, შაჰინი, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციას და საერთო ჯამში მხარს უჭერენ საქართველოს.
ვნახოთ, დავაკვირდეთ ,იმედია, საინტერესო იქნება ვიზიტი,მითუმეტეს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მიემგზავრება, წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ესეც ნიშანი იქნება ამერიკისთვის, რომ საქართველოში პროდასავლური ოპოზიცია გაერთიანდა და შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით ერთიანი ფრონტით იბრძოლონ."-განაცხადა ჩიტაძემ
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ამბობს, რომ ოპოზიციას ნულოვანი შანსი აქვს.
- გია აბაშიძე: „აშკარად ხედავენ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს მათივე ქმედებებიდან გამომდინარე"
"ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილად არ არის ახალი, უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მის ხელისუფლებაში მოსვლიდან, ქართული ოპოზიციის შანსები კი ისეთივეა, როგორიც მანამდე ჰქონდათ, ძირითადად ისინი შემოიფარგლებიან , როგორც ხდება ხოლმე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანაშემწეებთან ან მრჩევლებთან შეხვედრით, კონგრესში კი ჩვეულ ლობისტებთან შეხვედრით, შედეგი კვლავ ნულოვანი იქნება.
აშკარად ხედავენ, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, ისე ტრაგიკომიკური სპეკულაციებიც, თუ რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს, მეტყველებს თუ რა დაკნინებულ დღეში არიან ისინი."- განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მსგავსი ანონსებით მასმედიიაში გამოჩენას ცდილობს.
„იმიჯის რეაბილიტაცია ვერანაირად მოხდება, ეს უწინარესად უკავშირდება, სახის შენარჩუნებას და ხილვადობის წარმოჩენას მასმედიაში, იყო 2024 წლის -2025 წლის საარჩევნო კამპანიები, რა უშლიდა ხელს ოპოზიციას რომ სოფელ-სოფელ, ქალაქ -ქალაქ ევლო, საუბრობდნენ, მეგაგეოპოლიტიკურ პროექტებზე სინამდვილეში კიდევ უფრო დაშორდნენ ამომრჩევლებს"-განაცხადა აბაშიძემ.