
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" - აფბას მიერ „ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დავასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე გამოეხმაურა.
აფბას განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ "ბრიტანულ-ქართულ აკადემიის" 30 პროცენტიანი წილის მფლობელი, ნათია ჯანაშია და ამავე აკადემიის 70 პროცენტიან აქციონერს, „საქართველოს განათლების ჯგუფს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. საჩივარში, გარდა კონკრეტული დავის საკითხებისა, ნათია ჯანაშია საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს სასამართლო სისტემას, პრაქტიკულად, მოსამართლეთა მთელ კორპუსს უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს.
„ნათია ჯანაშიას მხარის, ანუ მოსარჩელე მხარის მიერ პარალელურად სამართლებრივი პროცესის ინიცირება უცხოურ იურისდიქციაში, კერძოდ, ლონდონის სასამართლოში და ამ ნაბიჯის გამართლება არგუმენტით, თითქოს ეროვნული სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას, სცდება წმინდა სამართლებრივ ჩარჩოებს. აღნიშნული ნარატივი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დავას მიზანმიმართულად ენიჭება არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური და ინსტიტუციური დისკურსის ელემენტები, რაც არსებითად აძლიერებს ქვეყნის ინსტიტუციური სანდოობის დელეგიტიმაციის რისკს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
საქართველოში სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებების გამოყენება, ნათია ჯანაშიას პოზიციით, ვერ უზრუნველყოფს სათანადო შედეგს, რის გამოც იგი მიმართავს ბრიტანეთის სასამართლოს. მსგავსი მიდგომა იწვევს დასაბუთებულ კითხვებს მისი პროცესუალური კეთილსინდისიერების შესახებ. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დავაში უპირატესობის მიღწევის მიზნით გამოიყენება პოლიტიკური არგუმენტაცია, რაც, როგორც ლონდონის სასამართლოსთან, ისე საქართველოსთან მიმართებით, აჩენს კეთილსინდისიერების სტანდარტთან შესაბამისობის საკითხს.
ამასთან, როცა მოსარჩელე პარალელურად იწყებს დავას, მაგალითად, ლონდონის სასამართლოში, იმ მოტივით, რომ „საქართველოს სასამართლოები მოკლებულია დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას“ (ციტატა ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას შეტანილი სარჩელიდან), ეს ფაქტი დავის პოლიტიკურ ასპექტს უფრო უსვამს ხაზს.
პოლიტიკური ასპექტი აქ გამოიხატება არა სახელმწიფოს ჩარევაში, არამედ სასამართლო ინსტიტუტების ნდობის დისკრედიტაციაში. პრაქტიკაში ეს ნარატივი თავისებური ინდიკატორია, რომ დავა არის სტრატეგიული ან პოლიტიკური მოტივით წამოწყებული, რაც განასხვავებს მას სამართლებრივი დავის კლასიკური მახასიათებლებისგან,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ.