
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალტ ტრამპის მწვავედ კრიტიკული რიტორიკა ნატო-ს მიმართ, ალიანსის მომავალზე კითხვებს აჩენს - გააგრძელებს თუ არა ვაშინგტონი უცვლელ მხარდაჭერას, თუ დასავლური უსაფრთხოება და ერთიანობა გამოწვევების წინაშე დადგება. ტრამპის ამ განცხადებებს ემთხვევა ბალტიის ქვეყნების თავზე რუსული დრონების გამოჩენა, რაზედაც ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთს სურს შეამოწმოს, თუ რამდენად მტკიცეა ალიანსის მეხუთე პარაგრაფი, სადაც ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ნიშნავს ყველა ქვეყანაზე თავდასხმას. დასავლური მედიაში კი უკვე ჩნდება ცნობები, რომ ტრამპს სწორედ ამ მიმართულებით ფიქრობს ნატო-ს რეორგანიზაციას.
აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა ნატო-ს ევროპელი მოკავშირეების მოქმედებებით, თუმცა ირანის კონფლიქტამდეც არ ჰქონდა ლოიალური დამოკიდებულება, ის ხშირად აკეთებდა განცხადებებს, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხარჯებსა და ვალდებულებების შესრულებას ეხება, რაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის და კამათის მიზეზი, თუმცა,2026 წლის მონაცემებით, ისტორიაში პირველად ალიანსის 32-ვე წევრმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2% დახარჯა. წინა წელთან შედარებით, როდესაც 2%-იან ნიშნულს მხოლოდ 22 ქვეყანა აკმაყოფილებდა, ახლა ეს მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო ზოგიერთმა ქვეყანამ მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა და დანიამ, მშპ-ის 3%-ზე მეტიც კი გამოყო თავდაცვისთვის.
თუმცა, ეს საკმარისი არ არის - შემდეგი სამიზნე ნიშნულია, რომ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე თავისი მშპ-ს 5% დახარჯონ. ნატო-ს გენმდივნის, მარკ რუტეს ცნობით ხარჯების მშპ-ს 5% პროცენტამდე გაზრდის გეგმა აქლიანსის წევრმა ქვეყნებმა ნატო-ს უახლოეს სამიტზე უნდა წარმოადგინონ, რომელიც წლის ბოლოს ანკარაში გაიმართება.
გარდა ამისა, „ფაინენშალ თაიმსი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ალიანსის რეორგანიზაციის გეგმებს განიხილავს. პირველ რიგში ეს გულისხმობს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ალიანსის წევრი იმ ქვეყნებისათვის, ვინც თავდაცვით ხარჯებს მშპ-ს 5%-მდე არ გაზრდიან.
უფრო კონკრეტულად კი, ასეთი ქვეყნები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში რომელიც ეხება ალიანსის გაფართოებას, ერთობლივ ოპერაციებს და ალიანსის მე-5 პუნქტის ამოქმედებას.
ამავე წყაროს ცნობით, ოფიციალური ვაშინგტონის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ირანის კონფლიქტში ევროპელი მოკავშირებიის მიერ აშშ-ის მხარდაჭერაზე უარის თქმაა - მათ უარი განაცხადეს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად თავისი სამხედრო გემების გაგზავნაზე.
პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ირანის კონფლიქტი მაინც წყალგამყოფი აღმოჩნდა, მისი თქმით, ეს იყო ერთგვარი „ტესტი", თუ რამდენად ეფექტიანად და ერთსულოვნად შეუძლია ალიანსს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირება. ის ირიბად მიანიშნებს, რომ ამაზე რამდენიმე თვის შემდეგ რეაგირება ექნება.
„ეს ნატო-სთვის ერთგვარი ტესტი იყო - დაგვეხმარებოდით თუ არა. დახმარება არ იყო სავალდებულო, თუმცა, თუ არ დაგვეხმარებით, ამას აუცილებლად დავიმახსოვრებთ. უბრალოდ ეს დაიმახსოვრეთ რამდენიმე თვის შემდეგაც. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. არსებობს ასეთი გამოთქმა: „არასოდეს დაივიწყო". და ეს ნამდვილად არ უნდა დაგავიწყდეთ", - აღნიშნავს ტრამპი.
ამერიკული მედიის ცნობით, 27 მარტს მაიამიში საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ „საგანგებო სიტუაციისას" ნატო-ს ევროპელი მოკავშირეები აშშ-ს გვერდით არ დადგნენ და არც ვაშინგტონია ვალდებული ალიანსის წვერი ქვეყნების გვერდით იდგეს.
„რატომ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, თუ ისინი ჩვენს გვერდით არ არიან?.. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებოდით, მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ვიყოთ", - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, თავად აშშ ალიანსისთვის გამოყოფილ ხარჯებს შეამცირებს:
„ეს შეერთებულ შტატებს დიდ ფულს მოუტანს, რადგან ჩვენ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატო-ზე".
- დონალდ ტრამპი: „რატომ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, თუ ისინი ჩვენს გვერდით არ არიან?.. ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებოდით, მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ვიყოთ".
„როიტერსი" წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულმა განცხადებებმა „კითხვები გააჩნინა ალიანსის მზადყოფნასთან დაკავშირებით, დაიცვას ნატო-ს მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ალიანსის ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა".
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ამ მწვავე კრიტიკის ფონზე ბოლო დღეებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცე დაარღვიეს. რუსული პროსახელისუფლო მედია კი წერს, რომ უკრაინა რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტმებისთვის სწორედ ბალტიის ქვეყნებს იყენებს.
ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან ნატოს სიმტკიცის შემოწმება, თუ რამდენად მზადაა ის საჭიროების შემთხვევაში აამოქმედოს ალიანსის წესდების მე-5 მუხლი.