მარიამ ვეკუა
28.03.2026

აშშ-მა ირანის სარაკეტო არსენალის დაახლოებით მესამედი გაანადგურა - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვასთან დაახლოებული ხუთი პირი „როიტერსთან" ანონიმურობის დაცვის პირობით აცხადებს. კიდევ დაახლოებით მესამედის მდგომარეობა გაურკვევლია, თუმცა ოთხი წყაროს თქმით, რომ დაბომბვების შედეგად ეს რაკეტები, სავარაუდოდ, დაზიანდა ან განადგურდა. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ირანი შესაბამის მომენტს ელოდება და რაკეტებს უბრალოდ მალავს.

როგორც ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, დაზვერვის მონაცემები ირანის დრონების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც მსგავს სურათს აჩვენებს - გარკვეული სიზუსტით შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით მესამედი უკვე განადგურებულია.

ეს შეფასება, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გავრცელებულა, იმაზე მიუთითებს, რომ თეირანს მაინც რჩება მნიშვნელოვანი სარაკეტო მარაგი და შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, მიწისქვეშ ჩამარხული ან დაზიანებული რაკეტების აღდგენა შეძლოს - წერს „როიტერსი".

აღსანიშნავია, ისიც, რომ დაზვერვის ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხუთშაბათის საჯარო განცხადებებს, სადაც მან თქვა, რომ ირანს „ძალიან ცოტა რაკეტა დარჩა".

„პრობლემა სრუტეებთან ასეა: დავუშვათ, ჩვენ საუკეთესოდ ვიმოქმედეთ. ვამბობთ, რომ მათ რაკეტებს 99%-ით გავანადგურებთ, მაგრამ დარჩენილი 1% მიუღებელია, რადგან ამ ერთმა რაკეტამ შეიძლება გემის კორპუსს მიაღწიოს, რომელიც მილიარდი დოლარი ღირს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ აღნიშნა, რომ ოპერაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ან ზოგიერთ ასპექტში შესაძლოა უკვე გეგმაზე წინაც იყოს.

  • დონალდ ტრამპი: „დავუშვათ, ჩვენ საუკეთესოდ ვიმოქმედეთ. ვამბობთ, რომ მათ რაკეტებს 99%-ით გავანადგურებთ, მაგრამ დარჩენილი 1% მიუღებელია, რადგან ამ ერთმა რაკეტამ შეიძლება გემის კორპუსს მიაღწიოს, რომელიც მილიარდი დოლარი ღირს".

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო და საზღვაო დარტყმებმა 10 000-ზე მეტი ირანული სამხედრო ობიექტი დააზიანა. აშშ-ის სამხედრო უწყებამ შესაბამისი კადრებიც გაავრცელა,და აღნიშნა, რომ მიზანი მხოლოდ რაკეტებისა და დრონების მარაგების განადგურება არ არის, არამედ მიზანი მათი წარმოების ინდუსტრიის განადგურებაა.

მიუხედავად ამისა, ცენტრალურმა სარდლობამ ზუსტად არ დაასახელა, რამდენად არის განადგურებული ირანის რაკეტებისა და დრონების შესაძლებლობები.

ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ პრობლემა ნაწილობრივ ისიც არის, რომ რთულია დაადგინო ომის დაწყებამდე, მიწისქვეშა ბუნკერებში რამდენი ირანული რაკეტა იყო დაგროვილი. შეერთებულ შტატებს ამაზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია.

ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ომის დაწყებამდე არსებული ირანის სარაკეტო შესაძლებლობის 70% განადგურებულია. ისრაელის ოფიციალური პირები საჯაროდ არ ამხელენ თუ რა რესურსები რჩება ირანს, თუმცა აღიარებენ, რომ ბოლო 30%-ის განადგურება შედარებით უფრო რთული იქნება.

ამის ფონზე ირანი აჩვენებს, რომ ის იარაღის საკმაო რესურსებს ფლობს. მხოლოდ ხუთშაბათს, ისრაელის საჰაერო თავდაცვის მონაცემებით, ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ 15 ბალისტიკური რაკეტა და 11 დრონი გაუშვა,

  •  პიტ ჰეგსეტი: „როგორც „ჰამასს" აქვს ღაზაში გვირაბები, ისე ირანმაც თითქმის ყველა რესურსი - ეკონომიკური განვითარება, ჰუმანიტარული დახმარება - სწორედ გვირაბებსა და რაკეტებზე მიმართა."

გარდა ირანმა ახალი შესაძლებლობებიც წარმოაჩინა. გასულ კვირას ირანულმა ძალებმა პირველად გამოიყენეს შორი მოქმედების რაკეტები, რომელთა სამიზნე აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზა დიეგო გარსია იყო, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს

ნიკოლ გრაიევსკი, ირანის სარაკეტო ძალებისა და ისლამური რევოლუციური გვარდიის ექსპერტი, წერს, რომ ირანი კვლავ ახერხებს დარტყმების განხორციელებას:

„ის ფაქტი, რომ მათ შეძლეს გაძლება, ჩემი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-მა თავისი ოპერაციის წარმატება გადააფასა". - თქვა გრაიევსკიმ. ექსპერტი მიიჩნევს, ირანს ჯერ კიდევ აქვს სარაკეტო შესაძლებლობების მინიმუმ 30 %.

გრაიევსკის თქმით, ირანს აქვს მასშტაბური მიწისქვეშა ობიექტები სადაც რაკეტებს ინახავს და ამ ეტაპისთვის შენარჩუნებული აქვს თავისი სარაკეტო შესაძლებლობების მინიმუმ 30%.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტიც აღიარებს პრობლემას, რომელიც ირანის მიწისქვეშა გვირაბებს უკავშირდება, 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ჰეგსეტი ამბობს:

„ირანი უდიდესი ქვეყანაა. როგორც „ჰამასს" აქვს ღაზაში გვირაბები, ისე ირანმაც თითქმის ყველა რესურსი - ეკონომიკური განვითარება, ჰუმანიტარული დახმარება - სწორედ გვირაბებსა და რაკეტებზე მიმართა.

„მაგრამ ჩვენ მეთოდურად, სრული ძალისხმევით მათ თვალს ვადევნებთ და შედეგებიც ამაზე მიუთითებს", - განაცხადა ჰეგსეტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×