
საქართველოს ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევამდე კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, თუმცა ამ საკითხზე „გარკვეული ვნებათაღელვა" უკვე შესამჩნევია. ამის შესახებ თავად საპატრიარქოში საუბრობენ. ანალიტიკოსების შეფასებით კი ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის.
რაც შეეხება ფავორიტებს, ყველაზე რეალურ კანდიდატად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო (მუჯირი) მიიჩნევა, რომელიც კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორე თავის სიცოცხლეშივე გამოარჩია თავის თანამოსაყდრედ. თუმცა, ბოლო პერიოდში მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო აქტიურად მიდის მსჯელობა სხვა შესაძლო კანდიდატებზე.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხშირად განიხილება ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია (ჭანტურია).
გასულ კვირას გია გაჩეჩილაძემ (უცნობი), თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მეუფე ისაიამ თავისი კანდიდატურა მეუფე შიოს სასარგებლოდ მოხსნა.
„ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა (მოსაყდრე) შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები", - თქვა „უცნობმა".
მიტროპოლიტი ისაიას თქმით კი, ახალი პატრიარქის არჩევამდე დიდი დროა დარჩენილი, კანდიდატები ჯერ არავის დაუსახელებია და შესაბამისად, ვერც ვერავინ მოხსნიდა კანდიდატურას.
„ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არავის დაუსახელებია ვინმე კანდიდატად, ამიტომაც ჯერ ვერავინ მოხსნიდა თავის კანდიდატურას, მგონია, გასაგებად ვამბობ... დანარჩენს კი დრო გამოაჩენს, რა როგორ იქნება", - თქვა მეუფე ისაიამ.
- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს."
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოებას სინოდის წევრების გადაწყვეტილების დალოდებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ „სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს".
„წინ გვაქვს აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. გვინდა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება იმ გლოვისა და პატივის მიგებისა პატრიარქისადმი, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა.
„პროცედურა არ არის დამოკიდებული სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს ამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სინოდის სხვა წევრებთან ერთად, ზედმიწევნითი დაცვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებისა, წარმართავს ამ პროცესს და საბოლოოდ სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს", - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დაპირისპირება იქნება და არ ვიცი, ვინ შეძლებს უმტკივნეულოდ პატრიარქის ტახტის დაკავებას."
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ ახალი პატრიარქის არჩევას დაპირისპირება მოჰყვება.
„სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩაივლის. ჯაღმაიძეს ვეთანხმები - რომ ჯობია ყველამ თავი შეიკავოს. მაგრამ მას შემდეგ, რაც პატრიარქის დაკრძალვაზე ხალხის რაოდენობა ვიხილეთ, რთული სათქმელია, რომელიმე პოლიტიკურმა ფრთამ თავი შეიკავოს და მშვიდად შეხვდნენ ახალი პატრიარქის არჩევას. ერთმა ეპისკოპოსმა უარი თქვა კანდიდატურაზე, მეორემ მეუფე შიოს დაუჭირა მხარი და ა.შ. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დაპირისპირება იქნება და არ ვიცი, ვინ შეძლებს უმტკივნეულოდ პატრიარქის ტახტის დაკავებას. ძირითადი დაპირისპირება ალბათ, არჩევნების შემდეგაა მოსალოდნელი. კარგი იქნება, თუ ჩვენი მრევლი და მღვდელმთავრები მიხვდებიან, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვინც ერთიანობას ინარჩუნებდა, სწორედ ეკლესიაა და ახალი პატრიარქი, მისი ვინაობის მიუხედავად, არ დაუშვებს დაპირისპირება საზოგადოებაში გამოვიდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ამის ალბათობა დაბალია", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონასთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მინი მიტინგებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მთავარია ეკლესიაში არ მოხდეს განხეთქილება.
„ჩემი აზრით, ახალი პატრიარქის არჩევის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია როგორც პოლიტიკური, ისე გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, თუ რა როლი აკისრია ეკლესიას ჩვენს ცხოვრებაში, ვფიქრობ მომატებული ინტერესიც კი იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათ შორის არაჯანსაღი ინტერესიც იყოს, რათა ზოგიერთი ჯგუფები სიტუაციის დაძაბვას შეეცადონ, ისევ და ისევ საკუთარი ვიწრო დღის წესრიგიდან გამომდინარე.
„საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ვინ არიან ისინი, ვინც წლების განმავლობაში ცდილობედნენ ეკლესია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმოეჩინათ ერთგვარ ანტიდასავლურ ძალად და პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად. ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირ, როცა პატრიარქის გარდაცვალებიდან უკვე რამდენიმე დღეში დაიწყეს ასეთი პროპაგანდისტული შეტევები მოსაყდრეზე, თითქოს ის არის რუსეთის ხელდასმული პიროვნება და ა.შ.
„ასე რომ, მე ველოდები საინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად იქნება და ასევე, როგორც ვთქვი, პოლიტიკური ძალების ინტერესიც. მგონი ყველა ხედავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე ჩრდილში იყვნენ, პატრიარქის გარდაცვალების მერე დაფიქსირება დაიწყეს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები - თითქოს მათი საქმე იყოს.
- ზაალ ანჯაფარიძე: „მთავარია ეკლესიაში განხეთქილება არ მოხდეს. არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, პატრიარქი ჯერ კიდევ სამებაში ესვენა, როცა რამდენიმემ საკუთარი განცხადებებით სცადა როგორც ეკლესიის წიაღში, ასევე საზოგადოებაში შფოთვის შემოტანა."
„არ მგონია ეს პროცესი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რადგან თუ ვინმე ამის გაკეთებას შეეცდება, ვფიქრობ საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს იმიტომ, რომ საზოგადოება ამას ნამდვილად არ მიიღებს. ბოლომდე არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაც მცდელობები იყოს, მაგრამ არ მგონია ამან მკვეთრი ფორმები მიიღოს. შესაძლოა რაღაც მინი მიტინგები იყოს, როგორც ადრე გაუკეთებიათ. რადიკალებს არაერთხელ მოუწყვიათ საპატრიარქოსთან დემონსტრაციები. ამიტომ არჩევნების მოახლეობასთან ერთად შესაძლოა ასეთი აქტივობები იყოს, თუმცა სახელმწიფოს შესწევს ძალა მსგავსი რაღაცები აღკვეთოს.
„ჩემი აზრით, მთავარია ეკლესიაში განხეთქილება არ მოხდეს. არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, პატრიარქი ჯერ კიდევ სამებაში ესვენა, როცა რამდენიმემ საკუთარი განცხადებებით სცადა როგორც ეკლესიის წიაღში, ასევე საზოგადოებაში შფოთვის შემოტანა. მათგანაც შეიძლება ველოდოთ საინფორმაციო შემოტევებს, რათა პროცესები წაიყვანონ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".