
გურიაში სოფელ ჭონჭკათში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დანაშაული ჯერ აღიარა, შემდეგ კი გადათქვა. ამის შესახებ "პირველებთან" დაკავებულის ადვოკატმა ისაუბრა.
მარინა კიკნაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებით სარგებლობს.
ამასთან, ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდეს.
განსხვავებული პოზიციები კი ჰქონდა წინა დღეებთან შედარებით და აი, სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლებას ვიყენებო და არ ვარ დამნშავეო. ცოტა ფსიქიკური პრობლემები აქვს ეტყობა და ამაზე ალბათ ექსპერტიზა დაინიშნება. პროცესზე თავად თქვა, რომ ვეთანხმები ამ შუამდგომლობას პატიმრობისო, - ამბობს ადვოკატი.
იმ ფაქტს, რომ ბრალდებულს სავარაუდო მსხვერპლების სია ჰქონდა, ადვოკატი "ზღაპრებს" უწოდებს და არ გაამორიცხავს, აღნიშნული სოფლის მოსახლეობის მიერ შეთხზული იყოს.
ესენი ზღაპრებია, მე ვფიქრობ. დედამისმაც შეეკითხა, ხომ არ გქონდა რამე განზრახვაო და არაო. სოფელია და ალბათ რაღაცეებს ახლა ამატებენ, ეტყობა, - ამბობს მარინა კიკნაძე.
გურიაში, სოფელ ჭონჭკათში, მომხდარი მკვლელობის შემდეგ პანიკური ვითარებაა. გავრცელებული ვერსიით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელი, სავარაუდოდ, კომპიუტერულ თამაშთან დაკავშირებული დავალების გამო მოკლა. არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულს ჰქონდა სია სხვა პირების სახელებითაც. პოლიციამ მისი სახლიდან კომპიუტერი და მობილური ამოიღო, თუმცა დეტალები უცნობია. ბრალდებულს უკვე წაუყენეს ბრალი.