
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება, აშშ მოლაპარაკებებზე საუბრობს, თუმცა ირანიც და ისრაელიც აცხადებენ, რომ სამხედრო შეტაკებები გაგრძლედება, რუსული მხარის შეფასებით კი „ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი ომი ჯერკიდევ წინ არის". ამის ფონზე კითხვა, დაიწყებს თუ არა ამერიკა ირანში სახმელეთო ოპერაციას, სულ უფრო აქტუალური ხდება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე ისრაელის დარტყმები გაძლიერდება.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება. გაფრთხილებების მიუხედავად, ცეცხლი გრძელდება და შესაბამისად, ირანში ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები გაძლიერდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და სფეროებზე, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ეხმარება."
მიმდინარე ვითრებას, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემდიმიტრი მედვედევიც ეხმიანება. ამბობს, რომ აშშ-ის ქმედებები ირანში სერიოზული სტრატეგიული შეცდომაა და ახალ ადმინისტრაციას ამის საფასურის გადახდა მოუწევს. თავის განცხადებაში ის იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ომი რესპუბლიკელებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებინებს და ფასის გადახდა ახალი, დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწევს.
„ვფიქრობ, ეს თეთრი სახლის მიერ დაშვებული მძიმე შეცდომის, სტრატეგიული შეცდომის ფასია. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, ამ შეცდომის საფასურს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გადაიხდის - არა რესპუბლიკელების, არამედ დემოკრატების."
მიუხედავად ამისა, ტრამპი იხტიბარს არ იტეხს და იფიცება, რომ მოლაპარაკებები იდეალურად მიმდინარეობს. მეტიც, ამის გამო მან ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა ათი დღით, 6 აპრილამდე გადადო.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, ყალბი ამბების მედიისა და სხვათა მიერ საპირისპირო მცდარი განცხადებების მიუხედავად, ისინი ძალიან კარგად მიდის."
საინტერესოა ისიც, რომ „აქსიოსის" ინფორმაციით თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ. გამოცემა წერს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით ძალების გაგზავნას გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობას და „ეს კიდევ ერთი სიგნალია, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება."
გადაწყვეტს თუ არა ამერიკა პირდაპირ ინტერვენციას
საჰაერო ძალების კაპიტანი და კონსტიტუციური სამართლის დოქტორი კარლოს უგო სუარესი, ვრცელ ანალიზს აკეთებს იმაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება. ამბობს, რომ ასეთი სცენარი სავსებით რეალურია.
„აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის სცენარი უკვე აღარ შეიძლება გამოირიცხოს. [ეს სცენარი] თანდათან უფრო რეალურ კონტურებს იძენს. ეს არა იმდენად ვაშინგტონის საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რამდენადაც იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც უკვე ადგილზე ხორციელდება.
„ამ კონტექსტში დონალდ ტრამპმა თეირანს 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა, რომელიც ესკალაციის შეკავების ბოლო შესაძლებლობად არის წარმოდგენილი. თუ ირანის პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ეს შესაძლოა თეთრი სახლისთვის პოლიტიკურ საფუძვლად იქცეს, რათა სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ბრძანება გასცეს, რომელიც, ჩემი შეფასებით, შეზღუდული მასშტაბის იქნება.
- სუარესი: „აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სახმელეთო სამხედრო ოპერაციის სცენარი უკვე აღარ შეიძლება გამოირიცხოს.
„რეგიონში ამერიკული სამხედრო რესურსების ეტაპობრივი გაძლიერება სწორედ ამაზე მიუთითებს. ახალი საჰაერო დანაყოფების, საზღვაო ქვეითების განთავსება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ჩარევის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ცხადყოფს, რომ ვაშინგტონს სწრაფი მოქმედებისთვის რეალური ინსტრუმენტები სურს ჰქონდეს, თუ დაასკვნის, რომ კრიზისი შეუქცევად ფაზაში შევიდა."
- აქსიოსი: თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ
ექსპერტის აზრით ეს სცენარი სტრატეგიულად რეალისტურია: „ამ გადაადგილებების მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი დაუყოვნებელ შეჭრაზე არ მიანიშნებენ, თუმცა აქამდე ნაკლებად სავარაუდო სცენარს სტრატეგიულად რეალურ შესაძლებლობად აქცევს."
ხარგის კუნძული-როგორც სამიზნე
სუარესის სტატიაში, რომელსაც ესპანურიგავლენიანი გამოცემა El Escudo Digital ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ კრიზისის ცენტრში პატარა კუნძულია, სახელწოდებით ხარგი ან ხარკი.
„ამ კრიზისის ცენტრში დგას ხარგის კუნძული - ირანის ენერგეტიკული სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძი. ის არ არის მეორეხარისხოვანი ობიექტი ან მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის სამიზნე: ირანის მიერ საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90% სწორედ ამ ინფრასტრუქტურაზე გადის, რაც ნიშნავს, რომ ომის პირობებში მისი ფუნქციონირება რეჟიმის ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებასთან პირდაპირ კავშირშია. მისი იზოლირება, ბლოკირება ან დროებით დაკავების მცდელობაც კი არ იქნებოდა მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი - ეს იქნებოდა თეირანის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ საყრდენზე დარტყმა.
„სწორედ ამიტომ ხარგის კუნძული ერთდროულად წარმოადგენს როგორც სამხედრო ინტერესის, ისე სტრატეგიულ ამიზნეს. ვაშინგტონისთვის ის ძლიერი ზეწოლის ბერკეტია, ირანისთვის კი ისეთი აქტივი, რომლის დაკარგვაც დაუშვებელია. აქ იკვეთება ყველაზე შემაშფოთებელი სცენარიც: შესაძლებლობა, რომ თეირანმა საკუთარი ინფრასტრუქტურის ნაწილი თავად გაანადგუროს, რათა არ დაუშვას აშშ-ის ოპერატიული უპირატესობა.
„ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა ან ფორმალური მუქარა - ეს ნიშნავს, რომ ირანი შეიძლება მზადაა, ესკალაცია დიდი მასშტაბის ნგრევაში გადაიყვანოს, რათა მოწინააღმდეგემ სწრაფი სამხედრო შედეგი ვერ მიიღოს.
„ამ პირობებში ვაშინგტონში სწრაფ და შეზღუდულ ოპერაციად ჩაფიქრებული მოქმედება შეიძლება გადაიქცეს ხანგრძლივ ოპერაციად, რომელსაც აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი ადამიანური დანაკარგებიც შეიძლება ახლდეს," - წერს სუარესი.