
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგომომარაგების ხანგრძლივმა შეფერხებამ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა შეაფერხოს, - ამის შესახებ აღნიშნულია „აზიის განვითარების ბანკის“ კვლევაში. კერძოდ, ADB-ის პროგნოზით, ენერგომომარაგების შეფერხების ერთ წელზე მეტხანს გაგრძელების შემთხვევაში, რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2026-2027 წლებში შესაძლოა, 1.3 პროცენტული პუნქტით შეფერხდეს. ამავე სცენარის პირობებში მოსალოდნელია, ინფლაციის 3.2 პროცენტული პუნქტით ზრდა. როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე
კვლევის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი ენერგორესურსების ფასების ზრდით, მიწოდების ჯაჭვებისა და ვაჭრობის შეფერხებით გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკაზე. ამასთანავე, მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა, აისახოს ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. ADB-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითი ეფექტი ყველაზე მძიმე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის განვითარებადი ქვეყნებისთვის იქნება, ხოლო ინფლაციის ზრდა ყველაზე მეტად სამხრეთ აზიის ეკონომიკებშია მოსალოდნელია.
„ენერგომომარაგების ხანგრძლივმა შეფერხებებმა შესაძლოა, განვითარებად აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკები დააყენოს რთული არჩევანის წინაშე, სუსტ ეკონომიკურ ზრდასა და მაღალ ინფლაციას შორის. მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ბაზრებზე არსებული დაძაბულობის შეკავებასა და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე, ამასთან ერთად, უნდა გაატარონ ისეთი პოლიტიკა, რომელიც გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა „აზიის განვითარების ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა.