
იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.... დანა წავიღე, „რაკოვინაში" ჩავაგდე, წყალი გადავავლე, - ამის შესახებ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში აცხადებს. ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა. ის აფექტის მომენტსაც გამორიცხავს. ბრალდებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე, სადაც ფსიქოლოგიური ექსპერტი - მარინა მათიაშვილი დაკითხეს საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ მას ფარული ჩანაწერი წარუდგინა და ჰკითხა, გაეცნო თუ არა მას, რაზეც ექსპერტმა დადებითი პასუხი გასცა.
თეკლა გერსამიასთან ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა პოლიციის თანამშრომელმა დაკავების შემდეგ განახორციელა, სადაც გერსამია მკვლელობას აღიარებს.
„მინდოდა ერთი-ერთზე დაგლაპარაკებოდი, ხომ არ ხარ წინააღმდეგი გავისაუბროთ. ძალიან კარგი გოგო ხარ, თბილი, მოსიყვარულე შვილის დედა", - მიმართავს ფარულ ჩანაწერში მას პოლიციელი, რის შემდეგაც გერსამია მომხდარის შესახებ იწყებს საუბარს.
- სისხლიანი დანის გარეცხვა გამორიცხავს თუ არა აფექტურ მდგომარეობას? - ამ კითხვით მიმართა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ მარინა მათიაშვილს.
„ჩხუბი დავიწყეთ. ვინტილიატორი აიღო, მერე სკამებს ურტყამდა, სხვის სახლს ლეწავდა... მწვანე დანა მაგიდაზე იდო... სადარბაზოში კიბეზე ჩავდიოდით, იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, ვერ ვიგებდი რა უნდა მექნა, გავუქანე და ჩავარტყი.
დანა წავიღე, „რაკოვინაში" ჩავაგდე, წყალი გადავავლე, ბავშვი წამოვიყვანე, ფანჯარაზე იყო ამძვრალი.
ძალიან ცუდად ვიყავი, სასწრაფოს ვერაფერი ვუპასუხე... საავადმყოფოდან დედასთან წავედი, არაფერი მითქვამს, თავისით გაიგო...
ძალით არ გამიკეთებია, იმდენად ხშირი იყო შეურაცხყოფა... სხვის სახლში ვცხოვრობდით, სხვისი სახლის გამო გავეკიდე", - აცხადებს გერსამია.
ფსიქოლოგის ჩვენების მიხედვით კი, გერსამიამ მასთან გასაუბრებისას ეს ფაქტი სხვაგვარად თქვა.
მათიაშვილის თქმით, გერსამიამ მას უთხრა, რომ „ლუკამ მაღაზიაში რაღაცები მოიპარა და ამაზე იჩხუბეს". გერსამიამ ფსიქოლოგს უთხრა, რომ მან ყვირილის ხმა გაიგო და როცა ლუკა დაინახა, ის კისრიდან საყელოს იწევდა, რა დროსაც დანა დაინახა, ამოცალა და მოგვიანებით გარეცხა.
„ლუკა მოვიკიდე და კიბეებზე ჩამყავდა. დამძიმდა, ვეღარ მიმყავდა და სასწრაფოში ჩავედი, ბავშვი მარტო მყავდა დატოვებული და მერე მასთან ავედი", - აცხადებს გერსამია ფსიქოლოგთან.
სისხლიანი დანის გარეცხვა გამორიცხავს თუ არა აფექტურ მდგომარეობას? - ამ კითხვით მიმართა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ მარინა მათიაშვილს.
ექსპერტმა კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.
„ეს გამორიცხავს აფექტის მდგომარეობაში ჩადენილ ქმედებას", - განაცხადა მათიაშვილმა.
სწორედ მან ჩაუტარა თეკლა გერსამიას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობის დადგენასთან დაკავშირებით.
მათიაშვილი თეკლა გერსამიას სტაციონარში 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა, მისი ჩვენებით, ვინაიდან გერსამია დანაშაულს უარყოფდა, მისი მონაყოლით აფექტზე ვერ იმსჯელებდა, რის გამოც, ექსპერტმა აღნიშნულზე გამოძიების მიერ გადაცემული მასალებიდან იმსჯელა.
როგორც ექსპერტმა განაცხადა, მას საგამოძიებო ორგანომ ორი კითხვით მიმართა, იყო თუ არა თეკლა გერსამია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ან სხვა პათოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში, რაც ქმედების ჩადენის დროს მის ცნობიერებაზე გავლენას მოახდენდა.
„საექსპერტო კვლევის შედეგით, თეკლა გერსამიას ქმედება ფიზიოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილად არ შეფასდა, არც სხვა პათოლოგიურ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა, რაც ქმედების გაცნობიერებას შეუშლიდა ხელს... საქმის მასალებით, ის [გერსამია] აყენებს დარტყმას, როგორც მახსოვს, რამდენიმე სართულზე ჩაჰყავს ის, მერე სასწრაფოში მირბის, მერე ფიქრობს, რომ შვილი ჰყავს დატოვებული სახლში, ჩამოჰყავს შვილი და მიჰყვება სასწრაფოს. რამდენი ტიპის სხვადასხვა ქმედებას ვხედავთ... აბსოლუტურად ადეკვატურია, მიდის სასწრაფოში, დახმარებას ითხოვოს, ბავშვი ჩამოჰყავს და სასწრაფოს მიჰყვება, ეს აბსოლუტურად შორს არის ფიზიოლოგიური აფექტისგან", - განაცხადა ექსპერტმა.
თეკლა გერსამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს. თავად გერსამია ბრალს არ აღიარებს.
უმძიმესი დანაშაული თბილისში, საბურთალოზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 22 აგვისტოს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა.
24 აგვისტოს, სატელეფონო ინტერვიუში, ბრალდებულის დედა ამბობდა, რომ 22 წლის ბიჭმა, თვითმკვლელობის მიზნით, თავად მიიყენა დანით დაზიანება:
„სადარბაზოში იყო და თვითონ ჩაირტყა ეს დანა და თეკლამ გამოაძრო დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ სასწრაფომდე ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეებზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა", - თქვა ბრალდებულის დედამ.
ბრალდებული ქალი ტიკ-ტოკერი თეკლა გერსამიაა. ის ადრე დიმა გ-სთან იყო ქორწინებაში და მასთან 4 წლის გოგონა ჰყავს. როგორც ქალის მეგობარი ამბობს, მისი ყოფილი ქმარი ამჟამად ციხეში ხულიგნობის ბრალდებით იხდის სასჯელს და ციხიდან მომავალ წელს გამოვა. როგორც გერსამიას ნაცნობი ამბობს, - "თეკლა ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე, როცა ხელისუფლებას პატიმრებისთვის ამნისტიის გამოცემას ვთხოვდით, რადგან მისი ქმარი იხდის სასჯელს. ისიც ვიცი, რომ ქმარს ციხეში აკითხავდა".
როგორც ლუკა დარასელიას ოჯახი ამბობს, თეკლამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო ლუკა და მას შემდეგ ვაჟა-ფშაველას გამზირზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თეკლასთან ერთად ცხოვრობდა მისი პატარა ქალიშვილიც.
თეკლა გერსამიას დედა უარყოფს, რომ მისი შვილი და ლუკა ერთად ცხოვრობდნენ და ამბობს, რომ ლუკა დარასელიამ თვითმკვლელობის მიზნით მიიყენა თვითდაზიანება, რადგან მისი შვილი უყვარდა: "თეკლა ძალიან უყვარდა და უნდოდა მასთან ყოფილიყო, თეკლა კი წინააღმდეგი იყო. ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს... იმ ბიჭს ვალები ჰქონდა. თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, მან კი პასპორტი წაართვა, არ გამეპაროსო. სულ ემუქრებოდა, თავს მოვიკლავო... ხან ხელებს ისერავდა, რას აღარ შვრებოდა... იმ დღესაც თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო. მერე მიჰყავდა მხარზე აკიდებული, რომ "სასწრაფომდე" ჩაეყვანა, მაგრამ ვეღარ ჩაიყვანა კიბეზე, იმიტომ, რომ გაითიშა. გავარდა გარეთ, "სასწრაფო" მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა. გადარჩენას ცდილობდა".