რეზონანსი
27.03.2026

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიან პატიმრობაში გაუშვა 23 წლის გიორგი ჩხაიძე, რომელსაც გამოძიება, მეზობლის გიორგი მჟავიას განზრახ მკვლელობას ედავება.  გურიაში მოკლული კაცის ნათესავები კი „TV პირველს“ ეუბნებიან, რომ არსებობდა სია, სადაც ახალგაზრდა კაცს სავარაუდო მსხვერპლები ჰყავდა ჩამოწერილი, რომლებიც სავარაუდოდ 23 წლის ბიჭს უნდა მოეკლა. სოფელ კონჭკატში ხალხი შეშინებულია - ამბობენ, რომ ღამით სახლიდან ვეღარ გადიან. 

ადგილობრივი მოსახლეობა ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. ცნობილია, რომ ექსპეტიზაზე დაკავებულის კომპიუტერი და ტელეფონია გადატანილი. გამოძიებამ სწორედ ბრალდებულის ტექნიკის გამოკვლევით უნდა დაადგინოს,  რამდენად მასშტაბურია (სავარაუდოდ კომპიუტერიული თამაშის) ვირტუალური ქსელი, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილეც სავარაუდოდ 23 წლის ახალგაზრდა იყო. 

„ამ ბავშვის  სახლში სისხლი რომ არ ენახათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს გიორგიმ ქნა.  მანიაკის მოკლული ეგონათ ისიც და ესეც. ამას ეძებდნენ. მშობლებმა რომ აღმოჩინეს, რომ სახლში არ იყო, მერე განგაში იყო. მამა გარდაცვლილის ოჯახში იყო, დედამ თქვა, გიორგი არ არის სახლშიო, სოფელს მოუხმიეს, ეძებეს მერე. გარდაცვლილმაც მოასწრო თქმა მეუღლისთვის გიორგი იყო და მეუღლესაც დანანახი ჰყავს. პოლიციამ რაღაც რომ წაიღო, მაგის მერე გამოვიდა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი ჰქონდაო. სია არსებობდა, რომ რამდენიმე პიროვნება ჰყავდა ჩამოწერილი, ვინც უნდა მოეკლაო. იცი როგორ შეშინებული ვართ ყველა? ღამე გარეთ კი ვერ გამოვდივართ“, - ამბობს ადგილობრივი. 

„ის თამაშები რომ იყო ადრე, ხომ შეწყდა, ახლა გაგრძელდა და იმ თამაშს იყო აყოლილიო. შედგენილი ჰქონდა სია, კიდევ ვინ უნდა მოეკლაო. იმ ღამესვე უნდა მოეკლა ისინიცო“, - აცხადებენ სოფელში. 

მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 25 მარტს მოხდა. გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულმა მეზობელს საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: „TV პირველი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×