რეზონანსი
27.03.2026

სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ე.წ. მშვიდობიანი დამხობა აქციაზე ხალხის მისაყვანად ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი ეგონა. ეს განცხადება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა. 

გარდა ამისა, პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი წერს, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას.

სახალხო დამცველისა და პაატა მანჯგალაძის განცხადებები აბსურდულია მმართველი გუნდისთვის, სადაც აცხადებენ, რომ საზოგადოებამ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა პირდაპირ ეთერში ნახა. მანამდე იყო არაერთი მუქარაც, ახლა კი დაკავებული პოლიტიკოსები მძიმე დანაშაულისგან აბსურდული მიზეზებით თავის არიდებას ცდილობენ.  

"ამდენი წელია პოლიტიკოსია, საქართველოს პარლამენტშიც იჯდა. ძალიან კარგად იცოდა, რა ორგანოშიც გაწევრიანდა. ეს 5 კაციანი ორგანო აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა გადმოიბარონ. ეს ორგანო მოუწოდებდა პოლიციელებს, რომ დააპატიმრეთ ხელისუფლება და გადმოგვეცით ჩვენო. შემდეგში, საჯაროდ განაცხადა ამ ორგანომ, რომ წავიდეთ და პრეზიდენტის სასახლის გასაღები გადავიბაროთო და ხალხს მოუწოდა შეჭრილიყვნენ პრეზიდენტის სასახლეში. და ის ვერ ხვდებოდა, რომ ამ დანაშაულებრივი ორგანოს წევრი იყო? "მარკეტინგული ხრიკი მეგონა" - ეს რა არგუმენტია? ან თავს რატომ იკნინებს? ძალიან გამიკვირდა ლევან იოსელიანისგან, მან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი თუ ხარ, მიუხედავად იმისა, შენ აკეთებ განცხადებას თუ სხვა აკეთებს და მოუწოდებს ხალხს არაკანონიერი ქმედებებისკენ, შენც დამნაშავე ხარ, თუ არ გაემიჯნები ან ამ ორგანოს არ დატოვებ. სახალხო დამცველია და ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ სამართლებრივად ეს ასეა", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×